ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ იწყება
By

ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ იწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

ანტინარკოტიკული კამპანიის ახალი პროექტი სასკოლო საზოგადოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ წარუდგინეს. მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით ახალი პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კამპანიაში ჩართულ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პირველ ეტაპზე, შსს მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები შეხვედრებს გამართავენ 60 საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებთან. საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემები იქნება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, მისი მოხმარების პრევენცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. ამასთან ერთად, მოსწავლეებისთვის ჩატარდება კომიქსების კონკურსი, სპორტული ღონისძიებები და სხვა შემეცნებითი აქტივობები.

სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები.

საწყის ეტაპზე, შეხვედრები თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონში გაიმართება. კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *