„არაფერი ეშლებოდა არც მსახიობებთან ურთიერთობაში, არც მეგობრობაში, არც ქართველობაში“
By

„არაფერი ეშლებოდა არც მსახიობებთან ურთიერთობაში, არც მეგობრობაში, არც ქართველობაში“

გურამ აბესაძე ის კაცია, რომლის წასვლა დაეტყობა არა მარტო მის ოჯახსა და გარემოს, რომელშიც ბოლო ხანებში ცხოვრობდა, არამედ ყველა იმ ადგილს და ადამიანს, რომელთან შეხებაც კი ჰქონია ამ არაორდინალურ, შინაგანი სინათლით სავსე, პერფექციონისტ პიროვნებას

მან საკუთარი ხელი და გული დაატყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრსაც, სადაც თითქმის 10 წელი იმუშავა. იმ პერიოდს ჩვენი თეატრის ისტორიაში ოქროს ხანას უწოდებს თეატრმცოდნე მადონა მჟავანაძე, მანვე რეჟისორის შესახებ ცნობებიც მომაწოდა, რომლებიც ამ წერილში, შესანიშნავი შემოქმედის ღვაწლის გასახსენებელ-დასაფასებლად გამოვიყენე. იმას, რომ გურამ აბესაძის ხელმძღვანელობის დროს ბათუმის დრამატული თეატრი განსაკუთრებულად ნაყოფიერად მუშაობდა და მხატვრული გემოვნებითა და სიღრმით გამორჩეულ სპექტაკლებს სთავაზობდა მაყურებელს, ის მსახიობებიც ხშირად აღნიშნავენ, რომლებსაც მის სპექტაკლებში უთამაშიათ. სხვათა შორის, კარგად მესმის მათი, რადგან თავადაც მქონდა სტუდენტურ სპექტაკლში `ეს უცნაური მის სევიჯი~ (ფერი მეის როლს ვასრულებდი), მასთან მუშაობის ბედნიერება. კარგად მახსოვს მისი სიტყვების, განწყობის მაგიური ძალა, რომლითაც თეატრის ჯადოსნურ სამყაროში შეჰყავდი. შეუძლებელი იყო, ერთი სიტყვაც გამოგრჩენოდა, ისეთი ფერებით, ისე ცოცხლად გიხატავდა გმირის ხასიათს, ქსოვდა და შენც გაქსოვინებდა მრავალი ფერით, გრადაციით სავსე სურათს პერსონაჟების ემოციების, ხასიათების, მათი ერთმანეთთან სულიერი შეხების წვდომით. გურამ აბესაძის მთავარი რეჟისორობის პერიოდში შეიქმნა ბათუმის დრამატულ თეატრში ისეთი სპექტაკლები, როგორებიცაა: „ბუდე მეცხრე სართულზე“ (თ. ჭილაძე), „წმინდანები ჯოჯოხეთში“ (ა. გეწაძე), „სანამ ურემი გადაბრუნდება (ო. იოსელიანი), „შთამომავლობა“ (ა. ჩხაიძე), „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (თ. ჭილაძე), „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“ (მ. გორკი), „წვიმის გამყიდველი“ (რიჩარდ ნეში) და ბევრი სხვა. გურამ აბესაძის ხელმძღვანელობით და მისივე რეჟისურით ბათუმის თეატრის დასმა ბულგარეთის რამდენიმე ქალაქში საგასტროლო ტურზე (1983 წელი) წარადგინა ორი სპექტაკლი: ბულგარელ დრამატურგ ვ. რადოევის პიესის მიხედვით „წითელი და მიხაკისფერი“ და ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“. სპექტაკლებმა ბულგარეთის პრესის და სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გურამ აბესაძე ბათუმში ჩამოვიდა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი 1975 წელს გახდა, მანამდე კი თბილისელმა თეატრზე შეყვარებულმა ახალგაზრდამ მოსკოვის სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა და სტაჟირება ამავე ქალაქის ე. ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო დრამის თეატრში გაიარა. სადიპლომო სპექტაკლი – ო. იოსელიანის მოთხრობების ინსცენირება, გ. კლდიაშვილის „ოქროთი სავსე ქვეყანა“ კი უკვე თბილისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა და იმავე წელს დაინიშნა ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორად. გურამ აბესაძემ ამ თეატრში 1965-72 წლებში იმუშავა და მაყურებელს 30-მდე სპექტაკლით დაამახსოვრა თავი. მათგან არ შეიძლება არ გამოვყოთ გ. ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „შაითან ხიხო“, გრ. ბერძენიშვილის „დაჭრილი არწივი“, ნ. გოგოლის „რევიზორი“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“, ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“, თ. ჭილაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან“, თ. ქურდოვანიძის „მინდია“, გ. ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ (აქ თავად შეასრულა თამაზ იაშვილის მთავარი როლი). ამავე წლებში, პარალელურად, სპექტაკლებს დგამდა ოზურგეთის პიონერთა სახლში. 1966 წელს ბავშვთა თეატრალურ ფესტივალზე მისი დადგმა „ნაცარქექია“ დაჯილდოვდა ოქროს მედლებით. სხვათა შორის, ამავე ფესტივალზე დაიმსახურეს ოქროს მედლები (1968 წელს) გუგა ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქას“ მონაწილეებმაც.

გურამ აბესაძეს საინტერესო რეპერტუარი ჰქონდა ცხინვალის ოსურ და ქართულ თეატრებშიც.

ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან ჯილდოებით აღინიშნა ე. იურანტონის „მეცხრე წმინდანი“, რომელმაც სსრკ კულტურის სამინისტროსა და თეატრალური საზოგადოების დიპლომი დაიმსახურა. სათქმელია ისიც, რომ კონკურსში 155 თეატრი მონაწილეობდა, დიპლომები კი მხოლოდ სამ თეატრს ხვდა წილად: სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრს, მოსკოვის ე, ვახტანგოვისა და ბათუმის დრამატულ თეატრებს. ასევე, ბათუმში დადგმული სპექტაკლისთვის „ყველაზე მწუხარე კაცი“ (პ. ზეიტუნიანცი) მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ შილაკაძე და რეჟისორი გურამ აბესაძე წარდგენილები იყვნენ მოსკოვში სახელმწიფო პრემიაზე. ეს იმ დროისათვის ძალიან დიდი წარმატება იყო, მაგრამ გურამ აბესაძის განსაკუთრებული წარმატება ის სიყვარულია, რომელიც მან ყველგან, სადაც კი იმოღვაწევა იმ კოცონებად დაანთო, რომლის სითბო მთელი ცხოვრება მიგყვება, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმ სიყვარულზე გავამახვილებთ, რომელიც მან ბათუმის თეატრსა და მთელ ბათუმში დაიმსახურა, რის ნაწილობრივ გამოხატულებასაც ახლა შემოგთავაზებთ.

მერაბ ლებანიძე, რეჟისორი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი:

– თუ გეტყვით, რომ გულდასაწყვეტია გურამის წასვლა ამქვეყნიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი მითქვამს. ძალიან მწარეა, გაუსაძლისია, რომ ამდენი ხნის მეგობარი და ასეთი ადამიანი მიდის ჩვენი ცხოვრებიდან. გურამს 1982 წლიდან ვიცნობდი. თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ იგი მთავარი რეჟისორი გახლდათ და ჩემი პირველი სპექტაკლიც სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიდგა. ერთგვარად ჩემი მაესტროც იყო. ვერ შევადარებ იმდროინდელ ბათუმის დრამატულ თეატრს – დღევანდელს. ისეთი შეკრული დასი იყო და ისეთი სურვილი, რომ რაღაც გაკეთებულიყო შემოქმედებითად . . . სანატრელია ჩემთვის ის დრო… ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვისაც ასეთი გარემოს შექმნა შეუძლიათ, გვტოვებენ. გურამის განსაკუთრებულად წარმატებული, ძალიან გახმაურებული სპექტაკლი იყო „მეცხრე წმინდანი“, ასევე „ბუდე მეცხრე სართულზე“. რა გამოარჩევდა სხვა რეჟისორებისგან? ძალიან ადამიანური, ფაქიზი მიდგომა ჰქონდა მსახიობებთან, რაც საბოლოოდ ძალიან დიდი შედეგის მომტანია. მოკლედ, ღრმა პროფესიონალიზმთან ერთად, თავისი ადამიანურობით აღწევდა ყოველთვის წარმატებას.

ნატო გოგიტაური, აჭარის დამსახურებული არტისტი:

– ცნობილი რეჟისორი პიტერ ბრუკი წერდა: „ჩემი საქმეა ამბების მოყოლა წარმოსახვის საშუალებით, სხვა არაფერი“, ამ მოსაზრებას ბატონი გურამი, როგორც რეჟისორი, სრულად ამართლებდა. მისი მუშაობა მსახიობებთან იმით გამოირჩეოდა, რომ ყოველი მსახიობი არა, უბრალოდ, სპექტაკლის რიგით მონაწილედ, არამედ ინდივიდად მიაჩნდა და მისი ინდივიდუალური თვისებებით აგებდა მხატვრულ სახეს; შედეგიც ასეთი მიდგომის ადეკვატური იყო. ბატონი გურამის სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ესთეტიკით და კონცეფციის სიცხადით. იგი ირჩევდა მიმართულებას და ყოველ დეტალს უკავშირებდა საბოლოო მიზანს – სპექტაკლის ზეამოცანას. სიკეთით სავსე პიროვნება იყო, არასოდეს უცდია პირადი ინტერესების, საკუთარი შემოქმედების სხვა ადამიანების ბედზე წინ დაყენება.

ავთო ქარჩავა, აჭარის დამსახურებული არტისტი:

– ჩემს სამსახიობო კარიერაში ბატონმა გურამმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. დავიწყოთ თუნდაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების მომენტიდან. მოგეხსენებათ, ამ უმაღლეს სასწავლებელში ჯერ ტურები ტარდება და მხოლოდ ისინი დაიშვებიან გამოცდებზე, ვინც ამ ტურებს გადაურჩება. უნდა წაიკითხო ლექსი, პროზა, იგავ-არაკი, ეტიუდი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში მომამზადა ბატონმა გურამმა და იმდენად კარგად, რომ მსახიობობის ოსტატობაში იმ წელს მხოლოდ ორი ხუთიანი დაიწერა და ერთი – ჩემი იყო. ბათუმის თეატრიდან იწყება ჩემი სამსახიობო კარიერა, სადაც 1980 წელს მოვედი. მაშინ ბატონი გურამი თეატრის მთავარი რეჟისორი იყო და პირველი მთავარი როლიც მის სპექტაკლში ვითამაშე (`მესამე თაობა~), შემდეგ იყო `წითელი და მიხაკისფერი~, `წვიმის გამყიდველი~, `სანამ ურემი გადაბრუნდება~, `ტასი ვალდებულია აცნობოს~ და ბევრი სხვა… თითქმის ყველა სპექტაკლში ვმონაწილეობდი, რომელიც ბატონმა გურამმა დადგა. იყო ძალიან კარგი, მეგობრული ადამიანი, ინტელიგენტი, დიპლომატი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა მაღალი ხელოვნებით, ხედვით, მაღალი კულტურით. უაღრესად ადამიანურიც გახლდათ და ძალიან კარგი რეჟისორიც. მისი მუშაობის პერიოდში ბათუმის თეატრი თავისი რეპერტუარით გამორჩეული იყო საქართველოში და ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად ითვლებოდა. გურამ აბესაძე დააკლდა თეატრს, ქვეყანას, ახლობლებს, მეგობრებს, მაგრამ დარჩა მისი ნაკეთები საქმეები როგორც ბათუმის, ისე ბევრ სხვა თეატრში. მშვიდად განისვენეთ, ბატონო გურამ. . . სანამ ცოცხალი ვიქნები, თქვენი სახელი მუდამ ჩემთან იქნება (სხვაგვარად არ შეიძლება). თუ რამეს მივაღწიე თეატრალურ ხელოვნებაში, ეს თქვენი დამსახურებაა. დიდი მადლობა ყველაფრისათვის!

თამილა მეიშვილი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, მეტყველების პედაგოგი, პროფესორი:

– ძალიან მიჭირს ბატონ გურამზე წარსულში საუბარი. ჩემთვის ის იყო ადამიანობის, ნიჭიერების, წიგნიერების მეტრი. მასთან, როგორც ბათუმის დრამატული თეატრის რეჟისორთან, მუშაობის პერიოდი ჩემი სამსახიობო კარიერის ულამაზესი წლებია. უფრო მეტიც, მის გვერდით ყოფნა მთელი დასისთვის ზეიმი იყო. არასდროს ჰქონდა იმპერატიული და კეტეგორიული ტონი, თავს არ მოგახვევდა თავის შეხედულებებს და ყოველთვის ითვალისწინებდა მსახიობის მოსაზრებას, საჭიროების შემთხვევაში შენიშვნასაც კი ისე ტაქტიანად მოგცემდა, რომ გული არ გეტკინებოდა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ბატონი გურამისგან. ბათუმელები აღტაცებაში მოვყავდით მის დახვეწილ მანერებს, ენციკლოპედიურ ცოდნას, მჭევრმეტყველებას, ადამიანებთან დამოკიდებულებას. არაფერი ეშლებოდა არც მსახიობებთან ურთიერთობაში, არც მეგობრობაში, არც ქართველობაში. ძალიან უყვარდა ბათუმი და ბათუმსაც, ასევე, ძალიან შეაყვარა თავი! გურამ აბესაძე ერთ-ერთია იმ იშვიათ ღირსეულ და წონად ადამიანთა შორის, ვინც დიდი გავლენა მოახდინა მეტყველების პედაგოგად ჩემს ჩამოყალიბებასა და მადლიანი ქართული სიტყვის სიღრმეებში ჩახედვის უნარზე. ასეთ პიროვნებაზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ მისგანვე ვიცი, რომ ცამდე მაღალ ადამიანზე ზედმეტია ბევრი ლაპარაკი. ბატონო გურამ, არ მინდა დაგემშვიდობოთ! თქვენ იმქვეყნიურ გზას შეუდექით და მე, ამქვეყნიურ გზაზე მყოფი, გეუბნებით – შეხვედრამდე!

თეატრმცოდნე მადონა მჟავანაძის თქმით: `გურამ აბესაძის სპექტაკლებს ახასიათებს დახვეწილი სცენური ფორმები, ლიტერატურულ ნაწარმოებში ღრმა წვდომა, თანამედროვე თვალთახედვა და გემოვნება. განსაკუთრებულად უნდა გამოვყო სპექტაკლი „რღვევა“, რომლის დადგმის დროსაც ახალგაზრდა რეჟისორს კონსულტაციებს უწევდა მისი სტუდენტობის დროინდელი მეტრი პროფესორი პ. ვასილიევი. „არც ის იყო შემთხვევითი, რომ სპექტაკლმა „სანამ ურემი გადაბრუნდება“, რომ იტყვიან, მთელი პრემიები „მოხვეტა“ რესპუბლიკურ ფესტივალზე (სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო სამსახიობო ხელოვნებისთვის). განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ორმა მსახიობმა (საქართველოს სახალხო არტისტმა იური ცანავამ და საქართველოს დამსახურებულმა არტიტმა ნ. წერეთელმა) და, რაღა თქმა უნდა, თვით სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა. ცალკე უნდა აღინიშნოს გურამ აბესაძის მიერ დადგმული დაუვიწყარი სახალხო ზეიმები თურქეთის საზღვართან, სოფელ სარფში – „კოლხობა ბათუმში“, რომელიც ნამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და საფუძველი ჩაუყარა `კოლხობის~ ტრადიციულ აღნიშვნას აჭარაში, ასევე დღესასწაულები – „ბათუმი ყვავილებისა და სიყვარულის ქალაქი“, ბავშვთა თეატრალური კვირეული და ბევრი სხვა. გურამ აბესაძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან მოამზადა მიზნობრივი სამსახიობო ჯგუფები ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებისთვის. ასევე, მისი კინოსცენარი „მხატვარი“ კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ 1975 წელს გადაიღო (რეჟისორი – ალ. რეხვიაშვილი). იგი გ. ბეჟანოვის ფილმში ყველაზე მომხიბლავი და მიმზიდველი~ (1984 წ.) შესრულებული როლისთვის `სპეციალისტების შეფასებით, ეპიზოდის უბადლო ოსტატად აღიარეს. მან ფილმში „თქვენ გაიცინებთ“ (1999 წ.) კლარა ნოვიკოვასთან ითამაშა მთავარი როლი.

1994-2019 წლამდე გურამ აბესაძე იყო ÌÃÓÊ-ის (მოსკოვის სახელმწიფო კულტურის უნივერსიტეტის) დეკანის მოადგილე, რეჟისურისა და სამსახიობო ხელოვნების კათედრის დოცენტი, ხელმძღვანელობდა სტუდენტურ თეატრს. გამოუშვა 6 კურსი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მისივე მოწაფის, რეჟისორ ვ. ჩიგოგიძის მოწვევით, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში დადგა ჯონ პატრიკის „ეს უცნაური მისის სევიჯი“ (2024 წ.), რომლის პრემიერამაც დიდი წარმატებით ჩაიარა“.

 

მარინა მითაიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *