არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტა დროისა და ფინანსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა
By

არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტა დროისა და ფინანსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა

დღევანდელ მსოფლიოში არსებულმა გლობალიზაციის პროცესებმა თუ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ გავლენა მოახდინა კერძოსამართლებრივი სფეროს მოწესრიგებაზე.

ბიზნესსა და სამოქალაქო ურთიერთობაში დავის გადაწყვეტისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავის გადაწყვეტის დროსა და ფორმას. ბიზნესში ჩადებული ფულის დროულად უკან დაბრუნება ხელს უწყობს ფულადი სახსრების ისევ ბიზნესში რეინვესტირებას. არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტა დროისა და ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.

არბიტრაჟის გამოყენება დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებად ღირებულია როგორც მხარეების, ისე თვით სასამართლო სისტემისათვის. სხვა ღირსებებთან ერთად, მხარეებს არბიტრაჟი სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროცესს, დავის უფრო დროულად განხილვისა და სწრაფად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ისევე, როგორც თავად არბიტრის არჩევის შესაძლებლობას.

ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ დავით კეკენაძესთან, რომელიც გაგვარკვევს, რამდენი ხანია და რა დატვირთვით მუშაობს აჭარაში არბიტრაჟი, რა შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ ამ ინსტიტუტს ჩვენი პრობლემების სწრაფად, მოქნილად და ეფექტურად გადასაჭრელად.

– ბატონო დავით, სად მდებარეობს და რამდენი ხანია, რაც ჩვენთან ფუნქციონირებს არბიტრაჟი?

– მელაშვილის ქ №26-ში, სადაც პალატაა განთავსებული. არბიტრაჟი ფუნქციონირებს ორ ათეულ წელზე მეტია და ამ პერიოდში განხილულია ასობით ქონებრივი დავა. მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები ხასიათდება სტაბილურობითა და უცვლელობით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი არბიტრები. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი როსტომ გუნთაიშვილი, რომელიც გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის მაღალი ხარისხით, ასევე, პაატა კოპალეიშვილი, რომელიც ათეული წლებია წარმატებული უფლებადამცველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბატონი პაატა საზღვაო სამართლის მიმართულებით საქართველოს მასშტაბით გამორჩეული სპეციალისტია. ბათუმში არბიტრაჟი ამ ადამიანების მიერაა დაფუძნებული და მათი დიდი დამსახურებაა, თუ დღეს ასეთი წარმატებულია.

– ახალი არბიტრების მიწვევას თუ აპირებთ და რა ნიშნით შეირჩევა კანდიდატურები?

– რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ახალი არბიტრების შერჩევასა და მოწვევაზეც. კანონით განსაზღვრულია, რომ არბიტრი უნდა იყოს კვალიფიციური, გამოცდილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დაიცვას მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

– თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რა კატეგორიის საქმეებს რა ვადებში და რა წესით განიხილავს არბიტრაჟი.

– არბიტრაჟის შესახებ კანონის პირველი მუხლის თანახმად, არბიტრაჟი განიხილავს მხარეებს შორის არსებული კერძო ხასიათის ქონებრივ დავას. შეგახსნებთ, რომ ქონებაში მოიაზრება როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონება. უძრავია მიწა, შენობა-ნაგებობები, დანარჩენი – მოძრავი, მაგალითად, ფული, ფასიანი ქაღალდები, თუნდაც ბიზნესწილები და ა.შ. გარდა ამისა, კანონმდებელმა არბიტრაჟის კომპეტენციისთვის განკუთვნილი დავების სია გააფართოვა, რამეთუ დაინახა, რომ საქართველოშო დავების გადაწყვეტის ეს ინსტიტუტი წარმატებულად და ეფექტურად მუშაობს. მაგალითად,  2023 წელს ძალაში შესული ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 61-63-ე მუხლებით დასაშვებია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ინდივიდუალური დავა  გადაწყდეს არბიტრაჟის მიერ. უკვე აქ არა მარტო ქონებრივი ხასითის დავაზეა საუბარი (განაცდურის ან/და მიუღებელი ხელფასის დაკისრება), არამედ არაქონებრივზეც, როგორიცაა თანამდებობაზე აღდგენა, დისციპლინარული სახდელისაგან გათავისუფლება და სხვა; ამავე კოდექსით, კანონმდებელმა დაუშვა არბიტრაჟის  კომპეტენცია დამსაქმებელსა და დასაქმებულთა კოლექტიურ დავებზე.

– რას მოიაზრებს ტერმინი „კოლექტიური დავა“?

– კოლექტიური დავაა, როდესაც დასაქმებულთა მხარეს ოცი ან ოცზე მეტი პირია, ან დასაქმებულთა გაერთიანებაა მხარედ, მაგალითად, პროფკავშირები, და მხარეები დავობენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე; არაა გამორიცხული, რომ კანონმდებელმა დროთა განმავლობაში განავრცოს და არბიტრაჟს მიანიჭოს სხვა კატეგორიის დავებზე განხილვის კომპეტენციაც. მაგალითად, მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 ივლისიდან, 24-ე მუხლით განსაზღვრავს, მეზღვაურის შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, საჩივრის განხილვის უფლებამოსილ პირს, მათ შორის გემის კაპიტანს, გემთმფლობელს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს… მასვე რჩება საერთო სასამართლოებისთვის სარჩელით მიმართვის პროცესუალური უფლება. არაა გამორიცხული, რომ აქაც კანონმდებელმა კორექტირება შეიტანოს კანონში და არბიტრაჟს მიანიჭოს დავის განხილვის კომპეტენცია.

– სასამართლოში ძალიან ჭიანურდება საქმეების განხილვა, რა ვადებია არბიტრაჟში?

– არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის განხილვის მაქსიმალური ვადაა 180 დღე ანუ 6 თვე, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში არბიტრი უფლებამოსილია საქმის სირთულიდან, მოთხოვნათა და მხარეთა სიმრავლის გათვალისწინებით, დავის განხილვა გააგრძელოს კიდევ 180 დღით. საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება დასავლეთ საქართველოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების სახით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველში – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამის საფუძველზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და იწყება გადაწყვეტილების აღსრულება. ხაზი მინდა გავუსვა ამ გარემოებას და აღვნიშნო, რომ საარბიტრაჟო განხილვა დროში უფრო ეფექტური და ეკონომიურია.

რაც შეეხება საერთო სასამართლოებს, მათი დატვირთვიდან გამომდინარე, საქმეების განხილვა საკმაოდ ხანგრძლივია. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც უფლებამოსილების შეწყვეტამდე 2 წელზე ცოტა მეტ ხანს ვმუშაობდი, მოსამართლეებს განსახილველად აწერიათ 2 000-დან 3 000-მდე საქმე და ამ დატვირთვით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოხდება დავის განხილვა. ხანდახან ელემენტარული საქმის განხილვა ითხოვს არაერთ წელს, რაც გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით (სასამართლოს გადატვირთულობა და სხვა); ასევე ხაზგასასმელია გარემოება, რომ საქართველოს სასამართლოები სამსაფეხურიანია, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, საჩივრების საფუძველზე, საქმეების განხილვა ახანგრძლივებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და აღსრულებაზე მიქცევას. არბიტრაჟში კი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება სრულდება სააპელაციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება განჩინების სახით საბოლოოა.  ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოებში თუ მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა შესაგებელი და რომელიმე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა (საპატიო მიზეზის გარეშე), მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არბიტრაჟის შესახებ კანონის თანახმად კი არბიტრს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. ის ვალდებულია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

– რა შემთხვევაში განიხილავს არბიტრაჟი სარჩელს?

– არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ სადავოდ გამხდარ ხელშეკრულებაში ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, საარბიტრაჟო დათქმის ფორმით, თუმცა შესაძლებელია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავის არსებობისას, მხარეებმა ცალკე წერილობით გააფორმონ საარბიტრაჟო შეთანხმება.  რაც შეეხება არბიტრებს, არბიტრაჟი შეიძლება შედგეს ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან. არბიტრთა რაოდენობის განსაზღვრა და დანიშვნა ხდება მხარეების მიერ; თუ შეთანხმებაში არბიტრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ არბიტრაჟი იქმნება სამი არბიტრის შემადგენლობით. აუცილებელი პირობაა შერჩეული არბიტრის ან არბიტრების წერილობითი თანხმობა. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ არბიტრის არჩევაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრს ნიშნავს საქალაქო ან რაიონული სასამართლო 30 დღის ვადაში. მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ არბიტრებს მოდავე მხარეები შეთანხმებით ნიშნავენ, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა, აქ ნდობის ხარისხიც გაცილებით მაღალია. საარბიტრაჟო სარჩელის არბიტრაჟში შეტანის შემდგომ, არბიტრი ვალდებულია, გამოიტანოს დადგენილება არბიტრაჟის კომპეტენციის და სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, რომელიც საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება საბოლოოა. საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებული საქმის განხილვა ხდება არბიტრაჟის შესახებ კანონით დადგენილი წესით, რასაც განავრცობს მოქმედი დებულება საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ. განხილვის პროცესში, როგორც საერთო სასამართლოშია, ხდება მხარეების პოზიციის მოსმენა, მტკიცებულებათა გამოკვლევა, მათ შორის მოწმეთა დაკითხვა, სამართლებრივი შეფასება და ყოველივე ამის ასახვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, რომლის გასაჩივრება, ასევე შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში. გასაჩივრების საფუძვლები მკაცრად რეგლამენტირებულია კანონით არბიტრაჟის შესახებ, რომლის 42-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება. ძირითადად, აქცენტია პროცესუალურ დარღვევებზე, მაგალითად, მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო შეთანხმებაზე ხელმომწერი პირი არ იყო ამაზე უფლებამოსილი, ან დავა არ შეიძლება ყოფილიყო საარბიტრაჟო განხილვის საგანი. მაგალითად, საოჯახო დავებზე არბიტრაჟს კომპეტენცია არ გააჩნია, ანდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, მაგალითად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავაზე არბიტრმა არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო – ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ ეს ეწინააღმდეგება არსებულ საჯარო წესრიგს და პირგასამტეხლოს ოდენობა მოიყვანოს შესაბამისობაში.  ჩემ მიერ მითითებული გარემოებები ხაზს უსვამს არბიტრაჟში დავების განხილვის უპირატესობას და იზრდება ამ ინსტიტუტის მიმართ ინტერესი, რაც აისახება საარბიტრაჟო სარჩელების ოდენობაში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში ისწავლება საგანი „დავების განხილვის ალტერნატიული საშუალებები“, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა საარბიტრაჟო დავების განხილვა, რაც იურისტების მომავალ თაობებში და შესაბამისად, საზოგადოებაშიც, ცნობიერების გაზრდას უწყობს ხელს.

– არბიტრაჟი და ბიზნესი?. . .

– კი, ეს მართლაც, ცალკე თემაა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს არბიტრაჟში დავების განხილვის უპირატესობაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში ბიზნესი  ვითარდება, კონკურენცია უკვე საკმაოდ მაღალია. ბიზნესის რაღაც სეგმენტში ადრე თუ ოპერირებდა რამდენიმე კომპანია, დღეისათვის ათობით კომპანია საქმიანობს. მაგალითად, ღვინის წარმოება-რეალიზაცია, სამშენებლო ბიზნესი ან ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანიები და სხვ. მოკლედ, რომ ვთქვათ, არჩევანი დიდია. ამდენად, როცა კონტრაგენტს სურვილი აქვს, ამა თუ იმ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს, სწავლობს კომპანიის ისტორიას – კერძოდ,  ვინაა ხელმძღვანელი პირი, რამდენად გამოცდილია, კომპანიას რაიმე დავალიანება ხომ არ გააჩნია, კუთვნილი ქონება დაყადაღებული ხომ არაა და სხვა. ამ მიზნით სწავლობენ მათთვის საინტერესო კომპანიების ამონაწერებს სამეწარმეო რეესტრიდან, ასევე, მოიპოვებენ სხვა ლეგალური წყაროებიდან ინფორმაციებს და როცა აღმოჩნდება, რომ ვალდებულებები შეუსრულებელია, კომპანიის ქონება, მათ შორის საბანკო ანგარიშები, დაყადაღებულია,  ესე იგი სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებით ფრთხილობენ ამ კუთხით სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები თუ ფიზიკური პირები. როგორც პრაქტიკაში მიღებულია, თუ მათ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აქ ბიზნესის წარმოების სურვილი უჩნდებათ, უკავშირდებიან იურიდიულ ფირმებს და უკვეთავენ  კონკრეტული კომპანიის საქმიანობის და მისი სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლას. თუ მიღებული დასკვნიდან გამოჩნდება, რომ კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს საგადასახადო დავალიანებების, სხვა კომპანიების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის (ან  ქონებებსა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის) გამო, მასთან არც ერთი უცხო ქვეყნის ბიზნესი საქმიან ურთიერთობაში არ შევა. ამიტომ აუცილებელია, დავები მოაგვარონ მოკლე დროში და „საქმიანობის ისტორია“ გაისუფთაონ. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არბიტრაჟში,  დავების მოკლე ვადებში და სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის გზით.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • იანვარი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *