არქეოლოგიური ექსპედიცია – სოფელ მახვილაურში
By

არქეოლოგიური ექსპედიცია – სოფელ მახვილაურში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში, ნეოლითის, გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ანტიკური ხანის კულტურული ფენების კვლევა-ძიების მიზნით, საველე-არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. აღმოჩენილია წინაანტიკური ხანის სამარხი, ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი, წითელი წერნაქით დაფარული კერამიკა, ნეოლითური ხანის ქვის იარაღები. ექსპედიციას არქეოლოგი ნარგიზ სურმანიძე ხელმძღვანელობს.

უწყების ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა რიყის ქვებისაგან შექმნილი ქვაყრილი (სიღრმე თ/ზ 20-40 სმ), რომელსაც შესასწავლი ფართობის დიდი ნაწილი ეკავა. ქვაყრილში მცირე რაოდენობით წარმოდგენილი იყო ახალი ქვის, ლითონისა და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის (დერგის, ქოთნის, სასმისის) ნატეხები. მათ შორისაა წითელი წერნაქით დაფარული კერამიკაც. შედარებით მეტია ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კერძოდ, გაპრიალებული ცული, სალესები, შურდულის ქვები და პიკისებური იარაღები, ხელსაფქვავის ქვის ფრაგმენტები. განსაკუთრებით სჭარბობს მახვილაურისათვის დამახასიათებელი ცალგვერდამოღარული საწაფები. ერთეულია კაჟისა და ობსიდიანის იარაღები. ქვაყრილის ქვემოთ (სიღრმე თ.ზ. 50 სმ), წინაანტიკური ხანის ერთი სამარხიც აღმოჩნდა. სამარხეული ინვენტარი ცალყურა ქოთნისა და მძივების სახითაა წარმოდგენილი.

საყურადღებოა ყვითელ თიხნარში ჩაჭრილი წრიული მოყვანილობის ორმოები, რომლებიც თანამედროვე ზედაპირიდან 70 სმ სიღრმეზე დაფიქსირდა. წინასწარი მოსაზრებით, ზოგიერთი მათგანი ხის ბოძების ჩასადგმელად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ერთ-ერთი ორმოს კედლებს კარგად აქვს შემორჩენილი ბოძის გასამაგრებლად ჩალაგებული რიყის ქვები. რამდენიმე ორმოში ნახშირის ფრაგმენტებთან ერთად, ახალი ქვის ხანის კერამიკის, კაჟისა და ობსიდიანის ლამელებისა და ცალგვერდამოღარული საწაფების ერთეული ნიმუშებიც აღმოჩნდა. თარიღთან დაკავშირებით საბოლოო პასუხის გაცემა შესაძლებელი გახდება ორმოდან აღებული ნახშირის ნიმუშზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *