არჩევნების საერთაშორისო დღე – უსკოში
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა. ახალგაზრდებს უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია შეხვდა. მან არჩევნების რაობაზე, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის განმავლობაში უსკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა. არჩევნების საერთაშორისო დღე ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) ინიციატივით, 2005 წლიდან ყოველწლიურად, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.
– აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად, არჩევნების დღე აღნიშნა. შეხვედრაზე, სადაც მოწვეული იყვნენ რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებიც, ხაზი გავუსვით არჩევნების მნიშვნელობას, ვისაუბრეთ მის ისტორიასა და ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე არჩევნებში, – გვითხრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ.
– არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უსკომ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა. ახალგაზრდების ჩართულობა მსგავს პროცესებში, ტექნოლოგიების სწორად გამოყენება და არჩევნების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად განვიხილეთ მეტად მნიშვნელოვანი საკითხები და მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ვმუშაობთ, – გვითხრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის თავმჯდომარე ნინო დოლიძემ.
– დღევანდელი თაობისთვის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩატარდა უსკოში. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ხდება, ამ მხრივ ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ახალგაზრდები ვალდებულნი ვართ, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის არჩევნების ისტორია, – გვითხრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წევრმა საბა ტარიელაძემ.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა
