არჩილ ბერიძე: განათლება ის სფეროა, სადაც პოპულიზმი დაუშვებელია
By

არჩილ ბერიძე: განათლება ის სფეროა, სადაც პოპულიზმი დაუშვებელია

პარლამენტარი, ბათუმელებისა და ხელვაჩაურელების დელეგატი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩილ ბერიძე ხალხის რჩეულის მოვალეობასა და ხელოვნებას ერთმანეთს უთავსებს. იგი დღეს ჩვენი სტუმარია

 ბატონო არჩილ, რა სიახლეებით დაიწყეთ 2026 წელი?

– მოგესალმებით და მივესალმები გაზეთ „აჭარის“ მკითხველს. მადლობა დაინტერესებისთვის. თუ ვიტყვი, რომ 2026 წელი სრულიად უჩვეულო სიახლეებით დავიწყე, არ ვიქნები გულწრფელი. უკვე მრავალი წელია, ახალ წელს ჩემს „ალილოელებთან“ ერთად ვხვდები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წელს კახეთში შევხვდით და შემდეგ, პრაქტიკულად, ყველა რეგიონი მოვიარეთ. ეს ჩემთვის მხოლოდ ტრადიცია არ არის – ეს არის გზა, რომლითაც ყოველ წელს საკუთარ თავს ვახსენებ, ვის და რატომ ვემსახურები. როდესაც ახალი წლის დადგომის სიხარულს სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში იზიარებ, პოლიტიკაც სხვანაირად გესმის. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დაინახო ქვეყანა, მოუსმინო ადამიანებს და რეალურად იგრძნო მათი განწყობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცო განვლილი დღესასწაულები – მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს. რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, 3 თებერვალს გაიხსნა პარლამენტის საგაზაფხულო სესია, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი განათლების რეფორმა იყო. შესაძლოა, რეფორმა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღეს მთავარია, რომ პროცესი დაიწყო და მას სისტემური ხასიათი აქვს. განათლება ის სფეროა, სადაც პოპულიზმი დაუშვებელია – აქ საჭიროა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის შედეგებს საზოგადოება ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად დაინახავს.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასა და საკონცერტო დარბაზის სცენას ერთმანეთს როგორ თავსებთ?

– სიმართლე გითხრათ, ორივე სივრცე ერთსა და იმავეს მოითხოვს – პასუხისმგებლობას, შრომასა და გულწრფელ დამოკიდებულებას. სცენაზე ადამიანი გენდობა ემოციით, პარლამენტში – გადაწყვეტილებით. ორივე შემთხვევაში, თუ გულწრფელი არ ხარ, ამას ხალხი ყველაზე სწრაფად გრძნობს. მაქსიმალურად ვარ ჩართული როგორც ჩემს სასიმღერო კარიერაში, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში. ბათუმსა და ხელვაჩაურში მოქმედებს დელეგატის ბიუროს ოფისები, სადაც ჩემს გუნდთან ერთად სისტემატურად ვხვდებით მოქალაქეებს, ვისმენთ მათ პრობლემებს და ვცდილობთ, რეალურად, პასუხისმგებლობით, და არა ფორმალურად, მოვეკიდოთ მათ მოგვარებას. არ დაგიმალავთ – ადამიანის დახმარება და მისი მადლიერების ნახვა პოლიტიკოსისთვის ისეთივე ძლიერი ემოციაა, როგორიც არტისტისთვის სცენაზე გამოსვლა. მონდომება და საკუთარი საქმის სიყვარული საშუალებას გაძლევს, ამ ორმა სფერომ ერთმანეთი შეავსოს.

ბათუმელთა დელეგატს რა როლი გაქვთ იმ სოციალურ და კულტურულ წინსვლაში, რაც ქალაქში მიმდინარეობს?

– ბათუმი ყოველთვის იყო ნიჭიერი ადამიანების ქალაქი – თავისი რიტმით, ხმით, ხასიათით და კულტურული ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩეოდა. ჩვენი ქორეოგრაფიული ანსამბლები, საოპერო დასი, მუსიკოსები – ეს ყველაფერი ბათუმის იდენტობის ნაწილია და ამ იდენტობის დაცვა ჩემთვის არა მხოლოდ ემოციური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა. ბავშვობიდან ამ სფეროში ვარ ჩართული და ბუნებრივია, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩვენი კულტურული საზოგადოების მიმართ. კულტურაზე საუბარი ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ვალდებულება არ არის – ეს პირადი ამბავია, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ მიმართულების განვითარებაში, რადგან ძლიერი კულტურა ნიშნავს ძლიერ ქალაქს და საბოლოოდ – ძლიერ სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიის კულტურის სამსახური ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. ეს არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და მაძლევს საფუძველს ოპტიმიზმისთვის, რომ ბათუმი მომავალშიც დარჩება კულტურული ცენტრი არა მხოლოდ სახელით, არამედ შინაარსით.

როგორ აფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც გონიოში შემოდის და რა პასუხს გასცემთ ოპოზიციის კრიტიკას?

– უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების – Emaar Properties / Eagle Hills – მიერ საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ჩემთვის ცალსახად დადებითი მოვლენაა. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ტურიზმის ზრდას, ბიუჯეტის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მით უმეტეს, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო სერიოზული გლობალური გამოწვევების წინაშე დგას. ამის მიუხედავად, საქართველოში განვითარება არ ჩერდება და ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კვლავ გვესმის პოლიტიზებული სპეკულაციები. თუმცა საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო ინფორმირებულია და კარგად ხედავს, რა ემსახურება ქვეყნის განვითარებას და რა – პროცესების ხელოვნურ შეფერხებას. ჩვენი გუნდი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოქმედებენ პრაგმატულად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. პარალელურად მიმდინარეობს რეფორმები, დაწყებულია ქმედითი ბრძოლა ნარკოდანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, დაწესდა რეგულაციები საკვებ პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე – ეს ყველაფერი უკვე აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რაც შეეხება გონიოში დაგეგმილ პროექტებს, ეს ისტორიული მასშტაბის ინიციატივებია. მინდა საზოგადოებას მკაფიოდ ვუთხრა – არ მოუსმინოს უსაფუძვლო შიშებს „არაბიზაციის“ შესახებ. იდენტობა არ იკარგება ინვესტიციით, იდენტობა იკარგება მაშინ, როცა მას თავად ვთმობთ. აჭარა, რომელმაც სხვა ქვეყნის საზღვრებში საუკუნეები გამოიარა, ძალიან კარგად იცნობს საკუთარ იდენტობას და არასდროს დაუშვებს მის დაკარგვას.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქმიანობა და თქვენი როლი როგორია?

– პარლამენტის კულტურის კომიტეტს ბატონი გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს და ამას დიდი ენერგიითა და პასუხისმგებლობით აკეთებს. მას დიდი ხანია ვიცნობ – ის ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტია და ძველი „ალილოელიც“. პირველად „ალილოს“ რეპეტიციებზე შევხვდით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გურამ თამაზაშვილი ცოცხალი იყო და რეპეტიციებს ხელმძღვანელობდა. „ალილო“ ჩვენთვის ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ადამიანები საქმით ფასობდნენ და არა სტატუსით. შარშან კულტურის კომიტეტს გასვლითი სხდომა ჰქონდა ბათუმში. ადგილზე გავეცანით აჭარაში მიმდინარე პროცესებს, დაგეგმილ კულტურულ პროექტებს, მოვისმინეთ ინფორმაცია როგორც მინისტრისგან, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელებისგან. ამ შეხვედრებმა მოგვცა შესაძლებლობა, რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული გეგმები დაგვესახა და გადაწყვეტილებები მიგვეღო. ჩემი მხრიდან გავახმიანე პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერილი ინიციატივა, რომ ბათუმი ერთი წლის განმავლობაში გამოცხადებულიყო ქართული კულტურის დედაქალაქად. ასევე, დავააანონსე, რომ 2026 წლის ზაფხულში საფუძველი ჩაეყრება ბეშუმის ხელოვნების ფესტივალს, რაც მთის რეგიონების კულტურული გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტის „ბათუმი – ქართული კულტურის დედაქალაქი 2025–2026“ ფარგლებში ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისიდან დაიწყო დიდი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოების ციკლი. იგი გაიხსნა ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოთი, გაგრძელდა ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის კონცერტით, რომელმაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, თავად მოინდომა ბათუმში ჩამოსვლა და ღონისძიებას დაესწრო. გასული წლის სექტემბერში გაიმართა ჩვენი თანაქალაქელის, გამორჩეული მუსიკოსის ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებითი საღამო. ასევე, ჩატარდა ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, რევაზ ლაღიძისა და ოთარ თაქთაქიშვილის საოპერო არიების საღამო, სადაც მონაწილეობდნენ ნიჭიერი ქართველი საოპერო შემსრულებლები. ამ ღონისძიებაზე საზოგადოებას აცნობეს, რომ ბათუმში დაარსდება დიდი ქართველი საოპერო მომღერლის, „საპატიო ბათუმელის“ ალეკო ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალი. მადლობას ვუხდი ამ პროექტების მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, პირადად თინათინ რუხაძეს, „შემოქმედებით საქართველოს“, ბატონ სულხან თამაზაშვილს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიას, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრსა და აჭარის ტელევიზიას.

– როგორია თქვენი ხედვა ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკაზე?

– 2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, საქართველოზე ხორციელდებოდა მუდმივი ზეწოლა როგორც ქვეყნის გარედან, ისე შიდა ძალების მხრიდან, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და გახსნილიყო ე.წ. მეორე ფრონტი. ამ მიმართულებით არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მინიშნება გაკეთდა. საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია გონივრული, პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. ეს არ არის შიში – ეს არის პასუხისმგებლობა. შედეგად საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და დღემდე ინარჩუნებს მას. დღეს უკვე ნათლად ჩანს, რა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა ომმა უკრაინა. ის ევრობიუროკრატია, რომელიც გუშინ მოგვიწოდებდა სანქციებისკენ, დღეს თავად ეძებს მოლაპარაკების გზებს. იგივე მოხდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზეც. „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც არასწორად მოინათლა „რუსულ კანონად“, აღმოჩნდა აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამით დავიცავით საქართველო გარე ძალებისგან, რომლებიც შიდა, დაქირავებული სტრუქტურების მეშვეობით ცდილობდნენ ქვეყანაზე გავლენის მოხდენას. მსოფლიო უკიდურესად არასტაბილურ ფაზაშია. პატარა ქვეყნებს გლობალური პოლიტიკის შეცვლა არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შიდა რეფორმებზე კონცენტრირება, კორუფციის შემცირება, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, განათლების რეფორმა და ფასების რეგულაცია. ეს არის საკითხები, რომლებიც მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება და პირველი შედეგები უკვე უახლოეს პერიოდში გახდება თვალსაჩინო.

პოლიტიკა თუ ხელოვნება რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის?

– სიმართლე გითხრათ, მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა გამიჭირდება. ჩვენ ეპოქალურ დროში ვცხოვრობთ და თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაკისრია. ოდესღაც მეგონა, რომ სიმღერით ვიტყოდი ყველაფერს, რაც სათქმელი მქონდა. დღეს ვხვდები – ზოგჯერ სიტყვებს, სცენის ნაცვლად, ტრიბუნა სჭირდება. ჩემს სიმღერებს დღეს სხვანაირად ვასრულებ – თუ ადრე ეს მხოლოდ ჩემი პირადი სიხარული იყო, ახლა ვგრძნობ, რომ ბევრისთვის ნუგეში და იმედია. 2024 წლამდე კომფორტის ზონაში ვიყავი, თუმცა პოლიტიკაში წასვლის შეთავაზების შემდეგ მივხვდი, რომ ქვეყნისთვის მეტი უნდა გამეკეთებინა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი შეასრულა ჩემი მეუღლის ანა შამილაძის მხარდაჭერამ, რომელიც დღემდე გვერდით მიდგას და რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. დღეს ქართველები მშვიდობისთვის ვიბრძვით და ის ფაქტი, რომ ჩვენს ცაზე მშვიდობაა, თავისთავად არ ხდება. ამის უკან დგას ბრძენი ქართველი ერი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში სწორი არჩევანი გააკეთა. ვამაყობ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პატრიოტი და სანდო ადამიანებით არის დაკომპლექტებული. პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რაც ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობაში აქვთ შეტანილი. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები მას სწორად შეაფასებენ.

თქვენი სურვილები ხელოვანებისა და ამომრჩევლებისადმი. . .

– მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მშობლების, პედაგოგებისა და ყველა იმ ადამიანის როლი, ვინც ამ გზაზე დამიდგა გვერდით, ჩემთვის ფასდაუდებელია. მყავდა შესანიშნავი პედაგოგები – მარინა თავართქილაძე, მზეონა მახარაძე და მათი მუდამ მადლიერი ვიქნები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ლაშა ღლონტს, რომლის მხარდაჭერითაც „ალილოში“ სიმღერა და პროფესიული გზა დავიწყე. ამომრჩეველს „პირველ რიგში“ მადლობას ვეტყვი. იცოდეთ, ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ. პირადად არჩილ ბერიძე ყველაფერს გააკეთებს თავისი ქალაქისა და ქვეყნისთვის, რომ ის ნდობა და მოლოდინი, რაც ჩემ მიმართ არსებობს, ბოლომდე გავამართლო. მშვიდობას, წარმატებას და გამძლეობას გისურვებთ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • თებერვალი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *