
,,არცერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ან ქვეყნებზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული“
ადგილობრივი არჩევნების შედეგები, ოპოზიციის ფიასკო დაანონსებულ რევოლუციასთან მიმართებით, 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების შეუფასებლობა და საქართველო ახალ მსოფლიო წესრიგში – ეს ის საკითხებია, რაზეც მსჯელობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. სწორედ ამ ნიშნით გამოვარჩიეთ და სასაუბროდ მოვიწვიეთ აჭარის ყოფილი უზენაესი საბჭოს და ქალაქ ბათუმის პირველი მოწვევის საკრებულოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, ფილოსოფიის დოქტორი ნუგზარ ჩხაიძე.
– როგორ აფასებთ ადგილობრივ არჩევნებს, რა ცხადყო ამ არჩევნებმა?
– ზოგადად, არჩევნები წარმატებით ჩატარდა. არსებითი დარღვევები არჩევნების მიმდინარეობის პროცესში არ დაფიქსირებულა. ოპოზიციის მხრიდან არცერთი საჩივარი რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევაზე სასამართლოში არ შესულა.
– ოპოზიციას განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. . .
– საქართველოში ოპოზიცია მრავალსპექტრიანია. ამ არჩევნებთან დაკავშირებით ისინი, ძირითადად, ასე გაიყვნენ: ერთ ფლანგს წარმოადგენდა „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რომლებსაც რადიკალური პოზიცია ჰქონდათ მმართველი გუნდისმიმართ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ. მეორე სეგმენტს არჩევნებში მონაწილე „გირჩი“, „კონსერვატიული მოძრაობა“, „მწვანეები“ და კიდევ რამდენიმე პარტია წარმოადგენდა. რაც შეეხება „ნაციონალებს“ და ამ პარტიის სატელიტებს, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს. ისე, ოპოზიცია რომ არ დაქსაქსულიყო და ერთიანი ძალით მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, ამომრჩევლის გაცილებით მეტ ხმას მიიღებდა.
– მმართველი პარტიის წევრების თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი („ნაციონალები“ და მასთან აფილირებული ძალები) ბოიკოტით არ დაკმაყოფილდნენ და არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, რევოლუცია დააანონსეს.
– ამათმა „რევოლუციამ“ სრული ფიასკო განიცადა. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ რევოლუციის, უფრო სწორი იქნება – სახელმწიფო გადატრიალების, დღე წინასწარ გამოცხადებულიყოს, ასეთი მნიშვნელოვანი ქმედება ფარულად მზადდება და ხორციელდება. ამასთან ერთად, ხაზი უნდა გაესვას ერთ ფაქტორს – თუ სახელმწიფო გადატრიალებაში არ მონაწილეობენ ძალოვანი სტრუქტურები, ნებისმიერი ხელისუფლების დამხობა განწირულია მარცხისთვის. ასეც მოხდა – საქართველოს ძალოვნები ხელისუფლების ერთგულნი დარჩნენ და დაიცვეს ის ტვინნაღრძობი „რევოლუციონერებისგან“ (ისე, ამ ვაიოპოზიციონერების რევოლუციური მანერები ძალიან ჰგავს ბოლშევიკების და პირადად ლენინის ლოზუნგს).
– ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავა. თქვენი აზრი ამ ფაქტის თაობაზე?
– ამ შემთხვევაში, გამოჩნდა ამ უსუსური ოპოზიციონერების ნამდვილი სახე – როგორც კი ე. წ. რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი (ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრე) პრეზიდენტის სასახლეზე „ნაციონალების“ ბრბოს წარუმატებელი შტურმის შემდეგ დაიჭირეს, ოპოზიციის მეთაურობაზე პრეტენზიის მქონე პიროვნებების ნაწილმა უარყო მასში თავისი რაიმე სახით მონაწილეობა. მაგალითად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელსაც თავი დღესაც პრეზიდენტად წარმოუდგენია, განაცხადა, რომ აზრზე არ იყო ხელისუფლების დამხობის თაობაზე, ხოლო ნორჩმა ე. წ. ოპოზიციონერმა ლევან სანიკიძემ საერთოდ აარიდა თავი „რევოლუციის“ პროცესს, უბრალოდ, გაიძურწა „ცხელი წერტილიდან“ (იგივე გააკეთა მისმა მამა გუბაზ სანიკიძემ, როდესაც მიატოვა პრეზიდენტი გამსახურდია და ბათუმს შეაფარა თავი). დღეისთვის დაკავებულ პუტჩისტთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა და მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება. ჩემი აზრით, სამართალდამცველებმა აქცენტი უნდა გააკეთონ არა რიგითი „მოჯაჰედების“ დაკავებაზე, არამედ ამ ტერორისტული აქციის მოთავეების (იდეოლოგების) ნეიტრალიზებაზე. მათმა უმეტესობამ პუტჩის ჩავარდნის შემდეგ ან საერთოდ უარყო ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან რაიმე კავშირი, ან გაიქცა ქვეყნიდან (მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ანუ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი სოფო ჯაფარიძე ესპანეთში იმალება).
– ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ რეალურად არავითარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა, რადგან ამის არანაირი ნიშნები არ დაფიქსირებულა. . .
– ამ კუთხით ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება – რადიკალური ოპოზიციის მიერ, მათ კუთვნილ მასმედიაში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ღია ტექსტით, ინტენსიურად მიდიოდა ხელისუფლების დამხობის პროპაგანდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტელეკომპანია „ფორმულა“, სადაც მიწვეული რადიკალური ფსევდოექსპერტები ტელეეთერში მოუწოდებდნენ მოსახლეობას „პრორუსული“ და „ანტიდასავლური“ ხელისუფლების დამხობისკენ. რად ღირს „რევოლუციის“ წინა დღეს დროშაში გახვეული ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის გამოჩენა ტელეეკრანზე. საერთოდ, დროშის ტანზე მოსხმა არაა მიღებული, ის განთავსებული უნდა იყოს შესაბამის ადგილას. ბურჭულაძე ტელესტუდიაში „გლახაობდა“ და ამით
„ასულელებდა“ ტელემაყურებელს, იმ „ექსპერტების“ მიზანი კი, რომლებმაც ვერ შეამჩნიეს „სახელმწიფო გადატრიალების“ ვერავითარი ნიშანი, არის ჩაფუშული „რევოლუციის“ აქტივისტებისთვის „პირის მობანა“ და სისხლისამართლებრივი დევნისგან თავის დაღწევის მცდელობა.
– სხვათა შორის, თქვენ ხართ მომსწრე სახელმწიფო გადატრიალების, რომელიც 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, მაგრამ არცერთმა სახელმწიფომ არ დაგმო. ეს რისი მანიშნებელია?
– მე, როგორც აჭარის უზენაესი საბჭოს და ქალაქის საკრებულოს პირველი მოწვევის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, ვერ ვიქნები გულგრილი ამ თემისადმი. ჯერ მინდა მცირედი კორექტივი შევიტანო თქვენს შეკითხვაში – ბელარუსის უმაღლესმა საბჭომ, რაც, ძირითადად, მისი იმდროინდელი თავმჯდომარის ს. შუშკევიჩის დამსახურებაა, დაგმო საქართველოში მომხდარი სისხლიანი გადატრიალება, დანარჩენი ქვეყნების მთავრობებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პირში წყალი ჩაიგუბეს. საქართველოში გადატრიალებისთვის მზადება დაიწყო იმ დღიდან, როდესაც ხელისუფლებაში, არჩევნების გზით, მოვიდა ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. ჯერ სსრკ-ის შენარჩუნებისთვის 1991 წლის 17 მარტს რეფერენდუმი ვერ ჩაატარა კრემლმა საქართველოში. ამიტომ საქართველოს „მოსარჯულებლად“ მოსკოვმა ამერიკის პრეზიდენტ ჯ. ბუშს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ „ზვიად გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს“, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ამ გამოთქმით ჯ. ბუშმა, ფაქტობრივად, „მწვანე შუქი“ აუნთო რუსეთს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. ძალიან ცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება დეგენერატმა თ. კიტოვანმა და ქურდბაცაცა ჯ. იოსელიანმა მოაწყვეს, მათი შენაერთები პირწმინდად გაანადგურეს 1991 წლის 25 დეკემბერისთვის ზვიად გამსახურდიას ერთგულმა მებრძოლებმა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ, ამერიკის და ევროპის ფაქტობრივი მხარდაჭერით, პროცესში ქართული ბანდფორმირებების „ფორმაში“ გადაცმული თავიანთი რეგულარული ჯარის და სპეცნაწილები ჩართეს და ასე „მოაგებინეს“ ე. წ. სამოქალაქო ომი ქართველ მოღალატეებს (ეს ვითარება ფაქტებზე დაყრდნობით კარგად აქვთ აღწერილი ზ. გამსახურდიას ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ რაფავას და ამიერკავკასიის ჯარების სარდლის მოადგილეს გენერალ ს. ბეპაევს). საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობის აუცილებლობის ბოლო არგუმენტად, რუსეთმა გამოიყენა იქნა ის ფაქტი, რომ საქართველომ 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმაათაში არ მოაწერა ხელი დსთ-ში შესვლის დოკუმენტს (საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ფიქციად იქცა).
დღეს ბევრი ცდილობს ეროვნული ხელისუფლების გადამწყვეტი როლის დაკნინებას ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში და ნაცვლად იმისა, აღიარონ, რომ ქართველმა ხალხმა ზ. გამსახურდიას წინამძღოლობით, თავდადებული ბრძოლის შედეგად, სხვა რესპუბლიკებთან ერთად მოიპოვა დამოუკიდებლობა, გაიძახიან სისულელეს, რომ საბჭოთა კავშირი თავისით დაიშალა და ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები (დამოუკიდებლობა თურმე მოულოდნელად ციდან ჩამოვარდა). სამყაროში უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველა მოვლენა რაღაც მიზეზითაა განპირობებული (ის, რომ რუსეთს არ ეთმობოდა „მოძმე“ რესპუბლიკები, ჩანს იმ ხოცვა-ჟლეტიდან, რომლებიც მათ მოაწყვეს თბილისში, ბაქოსა და ვილნიუსში). სამწუხაროდ, 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებიდან არავინაა დასჯილი, არცერთი პუტჩისტი პასუხისგებაში არაა მიცემული. მთავრობის სახლის დაცვაში მონაწილე 113 ადამიანია მოკლული, ასევე, სადისტურად გამოასალმეს სიცოცხლეს უზენაესი საბჭოს წევრები – ა. კალაძე, ა. მარკოზია, პოეტი ბერდია ბერაშვილი (ჩამოახრჩვეს) და კიდევ მრავალი სხვა. ამ დანაშაულზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა.
სხვათა შორის, მრავალი მსგავსებაა 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალებასა და 2025 წლის ხელისუფლების, დამხობის მცდელობას შორის. პირველია უცხოეთიდან მეამბოხეების აქტიური მხარდაჭერა, მათი ფინანსური უზრუნველყოფა (სხვადასხვა დიპლომატიური და არასამთავრობო ერთეულების მეშვეობით), უცხოელი ინსტრუქტორების მიერ „ბოევიკების“ მომზადება, სხვადასხვა მასშტაბის ანტისახელისუფლებო აქციების გამართვა, ინტელიგენციის ნაწილის თავის სამსახურში ჩაყენება, აგრესიული პროპაგანდისტული პოლიტიკა. აღსანიშნავია ასევე, რომ ბევრი პირი, რომელიც მონაწილეობდა 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში (გ. ბარამიძე, ი. სარიშვილი, ა. ბობოხიძე და სხვები), დღესაც აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების დამხობის საქმეში.
– ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობას ევროკავშირი და აშშ არ ცნობენ, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– მე ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება, ზოგადად, ლეგიტიმურობას, ის საქართველოში მძიმედ გადასწყვეტი აღმოჩნდა. ახლახან, უზენაესი საბჭოს წევრების ნაწილმა რატომღაც (მათი სია არ ქვეყნდება) გამოაცხადა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ შემდეგ გაიშიფრნენ, რადგან მათ ლეგიტიმაცია „გადაულოცეს“ „ნაციონალურ მოძრაობას“, რითაც, ფაქტობრივად, კანონიერი უზენაესი საბჭოს თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს (სააკაშვილის მიერ გადაბირებულ ასეთ „ზვიადისტებს“ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ საკმაოდ კარგი სახელი მოუძენა – „მიხუინები“). დღეს ოპოზიცია არსებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს. ჩვენი აზრით, ლეგიტიმურობა დე იურე აქვს მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტს – უზენაეს საბჭოს, დანარჩენი ხელისუფლებები კი შეიძლება ჩაითვალოს დე ფაქტო (ფაქტობრივ) ხელისუფლებად. საქმე ისაა რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელისუფლების წყარო არის მხოლოდ ხალხი, რომელიც არჩევნების გზით ირჩევს საკანონმდებლო ორგანოს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხუნტამ 1992 წლის ოქტომბერში ჩაატარა ე. წ. „იმედის“ არჩევნები, რადგან შევარდნაძის ძალადობრივი გზით მოსული ნებისმიერი ხელისუფლება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ შეიძლება ლეგიტიმური იყოს. ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი ხელისუფლება საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ. ვისი სამართალმემკვიდრეები არიან დანარჩენი ხელისუფლებები? – უკანონო ხუნტის. კიდევ ერთი ნიუანსი, რაც ვერ გაიგეს პოლიტიკოსებმა და იურისტებმა: ვიდრე ახალი ხელისუფლება შეუდგება საქმიანობას, ძველმა უნდა მოიხსნას უფლებამოსილება. ჩვენს შემთხვევაში, კანონიერ უზენაეს საბჭოს არ მოუხდენია თვითლიკვიდაცია და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არ დაუწერია განცხადება გადადგომის შესახებ. აქვე უნდა შევეხო სალომე ზურაბიშვილის თვითლეგიტიმაციას – ის თავს დღესაც პრეზიდენტს უწოდებს. არადა, მან, ერთ-ერთმა პირველმა, მიულოცა პუტჩისტების ლიდერებს – თ. კიტივონს, ჯ. იოსელიანს და თ. სიგუას ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობა და დემოკრატიის გამარჯვება. ამგვარად, იურიდიულად, ლეგიტიმური დღემდე რჩება 1990 წლის ნოემბერში არჩეული უზენაესი საბჭო. აქ კიდევ ხაზგასასმელია ერთი გარემოება – გადატრიალების შემდეგ მოსულ არცერთ ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე დოკუმენტი უზენაესი საბჭოს გაუქმების და თავისი ლეგიტიმაციის თაობაზე. პირიქით – 2000 წლის აპრილში – შევარდნაძის, ხოლო 2005 წლის მარტში სააკაშვილის რეჟიმებმა მიიღეს თითქმის იდენტური დადგენილებები, სადაც აღნიშნულია, რომ 1991-1992 წწ საქართველოში მოხდა სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება. ამით, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება კონსტიტუციურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით დღესაც ლეგიტიმურია.
– რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალები?
– როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იანვრამდე „ნაცები“ და მათი სატელიტები გასამართლდებიან და აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, რაც ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალებს – ხელისუფლებაში მოსვლის თვალსაზრისით ხელი უნდა შეეწყოთ მხოლოდ ეროვნული იდეოლოგიის გამტარებელ პარტიებს. კარგი იქნება, თუ მალე დამთავრდება ეს სულელური კოაბიტაცია, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის.
– დაბოლოს, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანამ საკადრისი ადგილი დაიკავოს მსოფლიოში?
– პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა შეეშვას ნატოსა და ევროკავშირში შესვლის მანიაკალურ სურვილს. იქ საქართველოს არავინ მიიღებს. მსოფლიო უფრო დიდია, ვიდრე ევროპა. ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც უნდა იყოს არა ვასალური, არამედ ისეთი, რომ წაადგეს ჩვენს ქვეყანას. როგორც ზვიად გამსახურდია ამბობდა: ვიმეგობროთ ყველასთან, მაგრამ არცერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ან ქვეყნებზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული.
ლაშა ხომერიკი