ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ტბეთში. . .
By

ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ტბეთში. . .

სოფელ ტბეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ის ადამიანები ქმნიდნენ და ალამაზებდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში შრომით, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით ემსახურნენ სამშობლოს. შორეული წარსულიდან მოდის შირინ, ესმა დავითაძეების, რამიზ ფევაძის, ხასან ჯაფარიძის, რამიზ, ალო ბერიძეების, ალი გოჩიტიძის სახელები და გვარები. საამაყოა ვახტანგ, ლევან, შუშანა, ნადია წულუკიძეების, ოთარ, გურამ ფევაძეების, ოთარ მეგრელიძის, თემურ, დავით ჯაფარიძეების, შოთა ჭურკვეიძის, ემერიტუს პროფესორ მურმან დავითაძის საქმეები. მათ გზას მიჰყვებიან და სოფლის ისტორიას აგრძელებენ რამინ ბახტაძე, შაქრო ჭურკვეიძე, შაქრო მემიაძე, იაშა გოჩიტიძე, როლანდ ფევაძე, სულიკო ბერიძე. ამჯერად, თქვენს ყურადღებას სულიკო ბერიძეზე შევაჩერებ.
შუახევში ტოპონიმ ზვარეს სახელით ორ ადგილს იცნობენ. წყაროთისა და ტბეთის ზვარეს უბნებში დაბადებული პიროვნებები ზვარესავით გულუხვი, ვაზის მტევანივით გულსავსე და ტკბილმოსაუბრენი, ნაყოფიერი ცხოვრებითა და შრომით გამორჩეულნი არიან. ტბეთის ზვარეს უბანში 65 წლის წინ დაბადებულ სულიკო ბერიძეს ოჯახიდან გამოჰყვა ის თვისებები, რაც მის ბიოგრაფიას დღემდე ასაზრდოებს და ალამაზებს.
თანასოფლელების სამსახურში 60 წელზე მეტი დაჰყო სულიკოს მამამ ნოდარ ბერიძემ. პატიოსანი შრომით ყველას შეაყვარა თავი. მისი საქმე არც მაშინდელ ხელისუფალს დარჩენია შეუფასებელი. საოჯახო არქივში სათუთად ინახავენ იმ ჯილდოებს, რომლებიც, მეორე მსოფლიო ომის წლებიდან მოყოლებული, დაუმსახურებია.
ნოდარი მარტო ვერაფერს მიაღწევდა, გვერდით რომ არ ჰყოლოდა ერთგული, მოსიყვარულე, ოჯახსა და შვილებზე მზრუნველი ქალბატონი ნადიმე ბერიძე. ახლა ცარიელდება ტბეთი. მინიმუმამდეა ჩამოსული მოსწავლეთა კონტინგენტი იმ საგანმანათლებლო კერაში, სადაც სულიკო და მისი თანატოლები დედაენის მადლს ეზიარნენ. მაშინ სოფელი 130-ზე მეტ კომლს ითვლიდა, სკოლის ზარიც 160-მდე მოსწავლეს უხმობდა. მეზობელი სოფელ გოგაძეების მკვიდრი გოგო-ბიჭები საშუალო განათლებას ტბეთში იღებდნენ, სადაც განათლების სფეროში ისეთი ამაგდარები მუშაობდნენ, როგორებიც ლევან, ნადია, შუშანა წულუკიძეები, ეთერ ჩხაიძე, ფრიდონ ბერიძე, შოთა ფევაძე, დავით ჯაფარიძე იყვნენ.
სულიკო ისეთ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიტყვა და საქმე ერთი იყო, უფროსი და უმცროსი იცოდნენ. მაშინ სოფელი დიდად ფასობდა. იქ მცხოვრები ადამიანები მის მომავალზე ფიქრობდნენ, სპეციალობასაც სოფელზე გათვლით ირჩევდნენ. არმიის რიგებიდან დემობილიზებულ სულიკოს მამამ ურჩია პროფესიად ვეტერინარობა აერჩია. სულიკოსაც მოეწონა ეს აზრი… აჭარის მთიანეთში ტბეთი ის სოფელი იყო, სადაც 400 მეწველ ფურზე გათვლილი კომპლექსი მოქმედებდა. ამას კერძო საკუთრებაში არსებული ცხვარ-ძროხაც ემატებოდა. 130 მოსახლიდან უმრავლესობას ხუთი და მეტი მეწველი ფური დაუდიოდა ნახირში. მათი მოვლა-შენახვა კვალიფიციურ სპეციალისტებს ითხოვდა. მამამ ისიც გათვალა, რომ შვილი სოფელში დარჩებოდა და ოჯახს მისი სახით პატრონი ეყოლებოდა. სულიკო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. კომუნისტური რეჟიმი ახალბედა სპეციალისტებს იმ დასახლებებში გზავნიდა, სადაც კადრების დეფიციტი იყო. არავის გაჰკვირვებია, რომ სულიკო ჯერ ოზურგეთის, შემდეგ ქობულეთის რაიონების ვეტერინარული უბნების გამგედ და ვეტერინარ ექიმად დანიშნეს. 12-წლიანმა სამუშაო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მისი ადგილი მეცნიერებაში იყო. სულიკომ ნიჭი და უნარი მაქსიმალურად გამოავლინა და საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ასპირანტი გახდა. ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში ასეთი ნაბიჯი საკმაოდ რთული იყო თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი სახსრებთან იყო დაკავშირებული. ენერგიული მკვლევარი ისევ მშობლების იმედითა და მწირი ხელფასით ფონს გასვლას ცდილობდა. მისმა სადისერტაციო ნაშრომმა ოპონენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა და დღესაც აქტუალურია. სულიკო ასპირანტურის კურსის დასრულებისთანავე ვეტერინარულ მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი) გახდა.


საზოგადოებას ახსოვს ის წლები, როცა მწვანე კონცხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბაზაზე ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ამოქმედდა. ასპირანტსა და შემდეგ დოქტორს, საწყის ეტაპზე, ახლად გახსნილ ინსტიტუტში მოსამზადებელი განყოფილება ჩააბარეს, შემდეგ აგროტექნოლოგიის, ბუნებათსარგებლობისა და მექანიზაცია-ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ დაინიშნა, წლების განმავლობაში დაუსწრებელი ფაკულტეტის დეკანიც იყო.
ოთხი წელი დაჰყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის აგროინჟინერიისა და აგრობიზნესის სპეციალობის უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე, თანაც სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში არსებითად შეიცვალა მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესებისადმი. მრავალთა მსგავსად, იქ დადგა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი, მისი მომავალი წყდებოდა. მან ოთხი წელი შპს „ფერმერთა სახლი“ კონსულტანტად იმუშავა.
2012 წლის ოქტომბერი, მრავალთა მსგავსად, სულიკო ბერიძის შრომითი და საზოგადოებრივი საქმიანობის ახალი ფურცელი გახდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობაში მოსვლისთანავე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა არგუნეს. სულიკო პირადი გამოცდილებითა და თეორიული ცოდნით გვერდით დაუდგა რეგიონისა და სამინისტროს ხელმძღვანელობას. ხუთი წლის განმავლობაში მისი აქტიურობით, პირადი ინიციატივით რამდენიმე პროგრამა და ქვეპროგრამა ამოქმედდა, რომლებიც ძალიან წაადგა ფერმერულ მეურნეობებს. აჭარის მთიანეთისა და ზღვისპირეთის სოფლებში მეცხოველე და მეფუტკრე ფერმერებს ურჩევდა, ესარგებლათ იმ სახელმძღვანელოებით, სამეცნიერო ნაშრომებით, რომელთა ავტორი ან თანაავტორი თავადაა. მინისტრის მოადგილეობის შემდეგ იმავე სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავა და ყველგან კარგი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა. მეცნიერულ მუშაობას კვლავ აგრძელებდა. მას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ოთხი მონოგრაფია, ასევე ორი სახელმძღვანელოს თანაავტორია. მისი ნაშრომები ქართულ და უცხოურ კრებულებში, ჟურნალებშია დაბეჭდილი. 50-ზე მეტი სამეცნიერო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილეა. მრავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი შეიძინა აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში, ყაზახეთში, გერმანიაში, აშშ-ში, სლოვენიაში.
მისმა ნაშრომმა „მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივა აჭარაში“. საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. სულიკო 2015 წლიდან არჩეულია საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. აგრარულ დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა. სულიკოს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანია კოჰრანის გაცვლითი პროგრამა. სემინარი 2018 წლის 20 ოქტომბრიდან იმავე წლის ოთხ ნოემბრამდე მიმდინარეობდა. სულიკო ამის შემდეგ მეტ ძალისხმევას იჩენს რეგიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების გზით ჯიშობრივ გაუმჯობესებაზე. ადამიანთა და ცხოველთა ერთობლივი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესულ მეთოდებს ნერგავს. მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტიულობის ამაღლებაზე მან სემინარის გამოცდილება ფერმერებს, მეწარმეებს, ვეტერინარ ექიმებს გაუზიარა. ამ მიმართულებით მუშაობას უკვე საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი აგრძელებს. აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის დაკნინებული ადგილობრივი ჯიშების პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის დანერგვის შედეგებით მოსახლეობა კმაყოფილია. კოჰრანის გაცვლითი პროგრამის შემდეგ სამ მუნიციპალიტეტში კერძო ვეტერინარული კლინიკები მოქმედებს. მეტი ადგილი ეთმობა მეცხოველეობის პროდუქტების იმპორტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
სულიკო მიზნად ისახავს, რომ კოჰრანის გაცვლითი პროგრამა ამოქმედდეს კავკასიის ქვეყნებში და ამ თემაზე სემინარი ქალაქ თბილისშიც ჩატარდეს. პირველ სპეციალობას სულიკომ ეკონომიკა-სამართალმცოდნეობის სპეციალობაც შეუთავსა და ეს ძალიან გამოადგა, როცა „ფერმერთა სახლის“ კონსულტანტი იყო. 65 წელს გადაცილებულ მეცნიერს სტუდენტებთან მუშაობა ასულდგმულებს. იგი 2012 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა აბუსერისძე ტბელის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, 2015 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციების კურსი მიჰყავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.  ღირსეული მშობლების შვილმა კარგად იცის ოჯახის ფასი. ორი შვილის გამზრდელ-დამკვალიანებელი სამი შვილიშვილის მომსწრეა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ცოლად შეირთო პროფესიით ეკონომისტი ზინა გელაძე და დღემდე ურთიერთთანადგომითა და სიყვარულით სულდგმულობენ.
ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • იანვარი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *