
„აუტიზმის სპექტრის მართვის თანამედროვე მიდგომები“
ამ თემაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სარეაბილიტაციო ცენტრ „სანიტასის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.
მასში მონაწილეობდნენ სფეროს ექსპერტები, სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პედიატრები, ნევროლოგები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და მშობლები.
ღონისძიების მიზანი იყო სპეციალისტთა შორის პროფესიული დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება არსებული პროგრამების შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.
კონფერენცია გახსნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა საკითხის მნიშვნელობაზე.
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ბენეფიციართა რეალურ საჭიროებებს, ხოლო მათი დახვეწის პროცესში პროფესიული წრის წარმომადგენელთა მონაწილეობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ გამოცდილება, გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები და ერთობლივად შევიმუშაოთ უფრო ეფექტიანი და მიზნობრივი სერვისების მისაწოდებლად საჭირო მიდგომები. ვგეგმავთ, 2026 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაში,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს აუტიზმის სპექტრის დარღვევების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, თანმხლებ დაავადებებსა და დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებზე, მშობლის როლზე თერაპიულ პროცესში და საერთაშორისო გამოცდილებაზე. შეხვედრაზე მოხსენებები წარმოადგინეს ბავშვთა ნევროლოგმა და ეპილეპტოლოგმა გია მელიქიშვილმა, ბავშვთა ფსიქიატრმა ნაზი ტაბატაძემ, პედიატრმა და ნუტრიციოლოგმა ლია ნატრიაშვილმა. კონფერენციაზე მოწვეული იყო კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების განვითარების ნეიროფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე და მშობლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მრავალი წელია ახორციელებს „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მულტიდისციპლინური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას. 2019 წლიდან კი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აფინანსებს პროგრამას „აუტიზმის დიაგნოსტიკა – სამიზნე ჯგუფში“. აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებები მომავალი წლიდან განხორციელდება.