აფხაზეთის ხსენებისას თვალები ცრემლებით ევსება
By

აფხაზეთის ხსენებისას თვალები ცრემლებით ევსება

ნინო ვახანია ქართული ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ავტორია წიგნისა „XIX საუკუნე: ლექციები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“. რედაქტორია რამდენიმე გამოცემის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც ექსპერტი, მონაწილეობს ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომებში. წელს პირველად მონაწილეობდა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ზე-კართან“, სადაც ორგანიზატორებმა პატივისცემის ნიშნად, ყაბალახი მოარგეს. ნინო ვახანია ჩვენი სტუმარია.

– სოხუმი და აფხაზეთი ჩემი ცხოვრების, ახალგაზრდული წლების მოგონებაა. იქ დავიბადე, საშუალო, უმაღლესი განათლებაც სოხუმში მივიღე. გავიარე ასპირანტურის კურსი და მომენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ჩემთვის, მრავალთა მსგავსად, დიდი ტრაგედია იყო აფხაზეთის დატოვება, მაგრამ თავს ვინუგეშებ, რომ მყავს შესანიშნავი ოჯახი, გავზარდე ორი ქალიშვილი და ვაჟი, მოვესწარი შვილიშვილებს. 30-წელზე მეტია თბილისში ვარ, მაგრამ ჩემს თავს მაინც დროებით მცხოვრებად მივიჩნევ. არა და ვერც განელდება ჩემში აფხაზეთში დაბრუნების სურვილი და წყურვილი.

– თქვენში სოხუმი და აფხაზეთი…

– ამქვეყნიური საუნჯეებია, რომელიც კი არ დავკარგეთ, დაგვაკარგინეს. სხვებმა თუ არა, 65 წელს მიტანებულმა ქალმა კარგად ვიცი და არც არასდროს დამავიწყდება ის მეგობრული და მეზობლური ურთიერთობები, ჩვენსა და აფხაზებს შორის რომ იყო. ვერც გაიხარებს და არამც გაუხარია იმ ძალებს, რომლებმაც ჩვენს საუკუნოვან ურთიერთობებში მტრობა და შუღლი დათესა. სულს ნაღველი ემატება და თვალები ცრემლებით მევსება, როცა ის წლები მახსენდება, აფხაზეთს რომ უკავშირდება. სამშობლოს მონატრება რაა, ჩემზე უკეთ არავინ უწყის და არც არავის ვუსურვებდი ამ განცდას.

– 32 წელია მშობლიურ კუთხეს მოგაცილეს. სიზმრად თბილისში ხართ თუ სოხუმში?

– გინდ დაიჯერეთ გინდ არა, თბილისური სიზმარი რაა, არ ვიცი, სულ სოხუმი და იქაური ადგილებია სიზმარშიც და ცხადშიც ჩემი სანატრელი და საფიცარი. ადგილის დედას რომ მოგწყვეტენ, ისიც ძალისმიერად, ყველა სასჯელზე უმკაცრესია.

– სოხუმში დარჩენილ მეგობრებსა და მათთან კონტაქტებზე რას იტყოდით?

– ძალიან კარგად ვიცნობ მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურას და მაშინდელი ქართველი კლასიკოსების მეგობრულ ურთიერთობებს, ვიცი იქ დარჩენილების განწყობაც, ამიტომაც მეზობლებსა და ნაცნობებს არ ვეხმიანები, მაგრამ ოჯახის წევრებმა ერთხელ სცადეს დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

– წელს პირველად იყავით ფესტივალის „ზე-კართან“ მონაწილე. თქვენი შთაბეჭდილებები…

– თუ გინდა საქართველო გაიცნო, მისი ყველა კუთხე უნდა მოინახულო, იქაურ კულტურას, ეთნოგრაფიას, კულინარიასაც უნდა გაეცნო. აღტაცებას ვერ ვფარავდი, როცა გეგელიძეებში რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მწერალ ფრიდონ ხალვაშის ეზოში მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ლეილა კეკელიძე და ზაზა ხალვაშის მეუღლე ნინო პაპუნიძე შემოგვეგებნენ. იმ დღეს ბევრი რამ გავიგე გეგელიძეებისა და ფრიდონ ხალვაშის შესახებ. აჭარის მთიანეთზე რაც მოსმენილი და წაკითხული მქონდა, მეხსიერებაში კრიალოსანივით ჩამოიმარცვლა. ეს შინაარსით ეროვნული და იდენტურობით ქართული ფესტივალია. იგი ევროპულ ფესტივალებსაც ემსგავსება და ამ მსგავსებაში ცუდი არაფერია. იქ ფესტივალები პატარა ქალაქებში ტარდება და საკაცობრიობო მნიშვნელობას იძენს. ასეა ფესტივალი „ზე-კართან“, სასიხარულოა, რომ წლევანდელი ფესტივალის მონაწილენი სხვადასხვა კუთხის შვილები არიან. მიხარია, რომ გავიცანი ქისტი კანე მარგოშვილი, მესხი უჩა ღონღაძე, გურიიდან შორენა თალაკვაძე, აფხაზეთიდან ლტოლვილი ნიჭიერი პოეტი გიორგი ბალახაშვილი, გორელები და თბილისელები… კუთხე, ცალკე აღებული, არაფერია, მას ადამიანები ამშვენებენ და ალამაზებენ. მთიანი აჭარა ჩემთვის უკვე კონკრეტული ადგილია, სადაც მეგობრები მეგულება. შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ჩაოში გატარებული საათები საკმარისია. შუბნის სკოლა მე მთის სანახებში ჩაგვირისტებულ ტაძრად მოვნათლე. მუდამ მემახსოვრება ცქრიალა გოგონები, რომლებიც მწყურვალივით ეწაფებოდნენ ჩვენს ნათქვამს. ის წიგნადი ფონდი, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკას აქვს, ბევრგან არც კი დაესიზმრებათ. წიგნის ფასი სადაც იციან, იქ მიზანიც ნათელია.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

– ცალკეულ მეცნიერთან ერთად, ეროვნული საქმე გააკეთეთ, როცა სამზეოზე გამოიტანეთ დღემდე უცნობი ქართველი მწერლის ალექსანდრე ორბელიანის შემოქმედება და ხუთტომეული გამოეცით.

– მხოლოდ სიამოვნება და სიხარული იყო ჩვენი თანმდევი, როცა ალექსანდრე ორბელიანის არქივებს ვიკვლევდით. სამი წლის განმავლობაში თავაუღებლად ვიმუშავეთ. ისინი დღემდე წიგნად არ დაბეჭდილა, მხოლოდ ცალკეული ნაწარმოებები ჟურნალ-გაზეთებში იყო გაბნეული, ბევრ რამეს ხელნაწერი სახითაც მივაკვლიეთ. სასაუბროდ იოლია, მაგრამ იმათ შრომას მიაქციეთ ყურადღება, ვინც ვიწერდით, კომპიუტერებზე ვაწყობდით, რედაქტირებას ვაკეთებდით. ალექსანდრე ორბელიანს ჩვევად ჰქონია, რომ ხანდახან ნაწერებს მკრთალად გადახაზავდა, მაგრამ ისევ ტოვებდა. ეს, ფაქტობრივად, თვითცენზურაა. ჩვენ ისიც უნდა ამოგვებეჭდა. თავის თავზე ბევრი რამ აიღო საერთო ხელმძღვანელმა, ცნობილმა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ. გადახაზულები დახრილი შრიფტით ავაწყვეთ და ტექსტებშივე ჩავტოვეთ. საინტერესოა ალექსანდრეს თვალით დანახული ევროპა, სამშობლოსადმი დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ, რომ ორბელიანის შემოქმედებაზე მუშაობისას პირადი და ოჯახური საქმეები აღარ მახსოვდა.

– ხუთტომეულის გამოცემა თანხებს ითხოვს…

– რუსთაველის ფონდმა გრანტით დააფინანსა.

– რა თანხაზეა საუბარი?

– ბიუჯეტისთვის არც კი გადამიხედია, ყველაფერი ხელმძღვანელზე იყო მინდობილი. იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ 100-100 ცალი დაიბეჭდა თითოეული ტომი, გაყიდვაში არ გამოსულა და ბიბლიოთეკებში დარიგდა.

– თქვენი აზრით, კიდევ თუ დარჩა მასალები ალექსანდრე ორბელიანის შემოქმედებიდან?

– ძირითადად, ამოწურულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, სადმე გაბნეული იყოს მისი ჩანაწერები. ჩვენ მრავალ საინტერესო მასალას მივაკვლიეთ 1832 წლის შეთქმულების შესახებ. ალექსანდრე ამ შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. უკვე სამზეოზეა დაკითხვის ოქმის ჩანაწერები, რაც მრავალ კითხვას სცემს პასუხს. ამ მასალებს დღემდე ხელი არ შეხებია. პატარა ფურცლებიც კი არ დავტოვეთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვახტანგ ორბელიანის არქივშიც იყოს მასალები. ალექსანდრეს მრავალი თანამზრახველი ჰყავდა და ზოგიერთი მასალა, შესაძლოა, მათ საოჯახო არქივებშიც მოიძებნოს.

– ისევ ფესტივალს დავუბრუნდეთ, რომლის მონაწილეთა წინაშე წარსდექით საჯარო ლექციით: „ქართული რომანტიზმი მსოფლიო რომანტიზმის კონტექსტში“. როგორი იყო აუდიტორიის რეაქცია?

– საოცრად წიგნიერი მსმენელი ვნახე. ლექციის შემოკლება დავაპირე, მაგრამ, მსმენელთა ინტერესმა განაპირობა, რომ მე-19 საუკუნის ქართველ რომანტიკოსებზე ყველაფერი ამომწურავად მეთქვა. გული მწყდება, როცა ზოგიერთები ამბობენ, თუ ადამიანი მთაში ცხოვრობს და საქმიანობს, მას ლიტერატურასთან ნაკლები შეხება აქვსო. აქ ეს სტერეოტიპი ერთხელ კიდევ დაამსხვრიეს. წიგნი უყვართ აქაურებს, მათთან ურთიერთობა ამიტომაცაა საინტერესო. ყველას გულწრფელი მადლობა.

– აქაურ ფოლკლორს თუ შეაფასებდით?

– ეს ადამიანები აქაურებს კი არა, სრულიად საქართველოს და ზოგჯერ უცხოეთსაც, სცენიდან ეფერებიან. ისინი საუკუნის გამოვლილ საგანძურს ამდიდრებენ, ცეკვისა და სიმღერისას იმპროვიზაციასაც მიმართავენ, საკუთარ ხასიათს ავლენენ. აჭარული ფოლკლორი სახასიათო და საისტორიოა. ჩემზე „ბერმუხამ“, „ფესვებმა“, „ჭვანამ“ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა.

– პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან, როგორც ფილოლოგს, რა გაკავშირებთ?

– პირველ რიგში ვიტყვი, რომ ტარიელის მეუღლე იამზე ვაშაკიძისა და ქალიშვილ ნათიას სახით, ეროვნულ ფილოლოგიას წარმატებული მეცნიერები ჰყავს. ისინი ბატონ ტარიელის გზას აგრძელებენ და ახალი შენაძენებით ამდიდრებენ. შუბნის საჯარო სკოლაში როცა მისი სტატიების, წერილებისა და ესეების ახალი წიგნის „ბევრი რამ ერთად“ წარდგინება შედგა, ყველამ ერთხმად მოვიწონეთ – მე სიტყვა ვითხოვე. თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ მერგო პატივი, მენახა საფუტკრეთი, რომელიც ბატონ ტარიელის საფიცარი ადგილი იყო. მას დიდი კავშირები ჰქონდა სოხუმის უნივერსიტეტთან, იყო სადისერტაციო საბჭოს წევრი, ჩვენთანაც ლექციებს კითხულობენ ის მეცნიერები, რომლებსაც დიდი მწვერვალებისკენ მიმავალი გზა ბატონმა ტარიელმა დაულოცა. უდავოდ, შინაარსიანი დღე გავატარეთ იმ სკოლასა და ეზოში, სადაც ბატონი ტარიელი წარმატებულ მეცნიერად და ეროვნულ პოლიტიკოსად ყალიბდებოდა. აქვე, მსურს ხაზი გავუსვა ჩემი თანატოლის იამზე ვაშაკიძის საქმიანობას, ის ღირსეულ მეუღლეს სიკვდილის შემდეგ აცოცხლებს. დასტურად საინტერესო ლექციაც „თურქეთელ ქართველთა იდენტობის საკითხი, როგორც საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის საფუძველი“ შემოგვთავაზა. კარგად ვიცი იმ კეთილი ურთიერთობების შესახებ, რომელიც ბატონ ტარიელს თურქეთსა და ირანში მცხოვრებ ქართველებთან ჰქონდა. ისიც მიამბო, ფერეიდნელები ფესტივალის „ზე-კართან“ მონაწილენი რომ გახადა. მადლობა იმ მთიან ადგილს, საიდანაც ბატონი ტარიელი მოდის.

– დიდი პატივია, პირველად მონაწილეობდე ფესტივალში და ყაბალახი მოირგო. ამაზე რას იტყვით?

– ჩემი ასაკი, აფხაზეთიდან ლტოლვილობა, მეცნიერული საქმიანობა, ფესტივალის მიმდინარეობაში აქტიური ჩართულობა, ორგანიზატორების ხედვა – ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ „ყაბალახოსნის“ სტატუსის მატარებელი გავხდი. უკვე დამკვიდრებულია წესი, რომ წინა წლის „ყაბალახოსანმა“ ახალს მოარგოს ყაბალახი. აქედანვე თადარიგს ვიჭერ მომავალ ფესტივალზე ჩამოსასვლელად. ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე, პოეტი ბელა ქებურია, ჟურნალისტი ოთარ ცინარიძე 13-ვე ფესტივალის მონაწილენი არიან. მათ ბევრი მიამბეს მთიანი აჭარის წარსულსა და დღევანდელობაზე. მსურს, მოვინახულო სხალთის ტაძარი, ხიხანისა და ოთოლთას ციხეები, სამსაუკუნოვანი ხაბელაშვილების ხის ხიდი. ამას ფესტივალი არ ეყოფა, ალბათ, უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად გეახლებით.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *