„აქ, სადაც ფიქრებია უნაპირო, აქ, სადაც გაპურებენ ღიმილები, სიკვდილი რატომ უნდა დააპირო“. . .
ჩვენი სტუმარია ჭიათურელი პოეტი, მსახიობი, მრავალი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის გამხმოვანებელი აკაკი გაბრიჭიძე, რომელიც „აჭარასთან“ ურთიერთობასა და სხვა საკითხებზე გვესაუბრა.
– ბატონო აკაკი, მოკლედ მოგვიყევით გაბრიჭიძეების გვარის წარმომავლობასა და ღირსეულ წარმომადგენლებზე . . .
– ისტორიული კვლევებით, რომელსაც პროფესორი, მკვლევარი დენიზა სუმბაძე ატარებდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი გვარის გამორჩეული წარმომადგენელია ტრაპიზონის სამთავროს დამაარსებელი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ლაზი მხედართმთავარი თეოდორ გაბრა, რომელმაც მუსლიმანობა არ მიიღო და 1098 წლის 2 ოქტომბერს თურქებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ეკლესიამ სარწმუნოებისთვის თავდადებული თეოდორ გაბრა წმინდანად შერაცხა. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე წელია, გარდამეცვალა ბიძა, არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე, რომელმაც ააშენა შავნაბადას, ფოკას, დარიალის და წითელი ხიდის სამონასტრო კომპლექსები. მამა დეკანოზია. ასევე, გამორჩეული ღვთისმსახურია თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე მიქაელი, რომელთან სიახლოვე ბავშვობიდან მაკავშირებს. ჩემი გვარის წარმომადგენლებს შორის არიან სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული პიროვნებები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
– თქვენში რომელი მრწამსის, სიტყვის თუ სცენის მოყვარული გაბრიჭიძეების გენი სჭარბობს?
– ვფიქრობ, სიტყვის სიყვარული უმთავრესია ჩემთვის, სცენა კი სათქმელის ამოთქმის ადგილია. მამა, წლების განმავლობაში, დეკლამატორი იყო. მეც ჩემში ეს ნიჭი აღმოვაჩინე… სიტყვასთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესო პროცესია ლექსმწერისთვის. ამ მიმართულებას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
– როგორ დაუმეგობრდით შუახეველ მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძეს?
– ვახტანგ გოგრაჭაძე საერთო მეგობარმა გამაცნო. მას სურდა ლექსის გახმოვანება. ეს საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. მასთან ერთად აჭარაში არაერთი მეგობარი შევიძინე. პირველი, რომელიც მახსენდება, პოეტი და დეკლამატორი სულხან წულუკიძეა. ათ წელზე მეტს ითვლის ჩვენი ურთიერთობა. ასევე გავიცანი მამაკაცი და ქალი პოეტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, რომლებმაც აჭარა უფრო შემაყვარეს.

– ორი წელია, აჭარის მთიანეთში გამართული ფესტივალების, სახალხო ზეიმების მონაწილე ხართ. იაილებიც შემოიარეთ, შუახეველი ხელოვანების გამოსვლებსაც დაესწარით თბილისსა და ბათუმში. რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ ამ ღონისძიებებმა?
– „ლიტერატურა იალაღებზე“ იყო პირველი ფესტივალი ჩემი მონაწილეობით მთიან აჭარაში. წარუშლელი ემოციები მომიტანა, მთა სულში შემომისახლა. ეს იყო მოგზაურობა მთაში იმ საოცარ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ჩემს მეგობრებად ვთვლი. გამაცნო დიდებული პოეტი ვახტანგ ღლონტი, დამაახლოვა პოეტ ქალბატონ ბელა ქეებურიასთან, გამაცნო ახალგაზრდა პოეტების ბრწყინვალე წარმომადგენელი როინ აბუსელიძე, მომიტანა სიყვარული, ურთიერობა, ადამიანური გამოცდილება და გამიჩინა მონატრება, რომელსაც აჭარაში ჩამოსვლით და მოგზაურობით ვინაზღაურებ.
– წინა საუკუნის 30-იან წლებში აჭარის მთიანეთში მიმდინარე ამბოხის შესახებ რეჟისორი ვახტანგ გოგრაჭაძე ფილმს იღებს, რომელშიც ეპიზოდურ როლს ასრულებთ. გამხმოვანებელიც ხომ არ ხართ?
– საინტერესო ფილმია, გაცოცხლებულია ისტორიული ეპიზოდი, რომელშიც ვმონაწილეობ, ეს როლი ჩემთვის სადებიუტოა. ვფიქრობ, საზოგადოება საინტერესო ამბავს შეიტყობს ამ ფილმის საშუალებით. გახმოვანებას რაც შეეხება, დანამდვილებით არ ვიცი, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ჩემი ნიჭი საკმარისი იქნება ამ მხრივ, სიამოვნებით დავთანხმდები.
– წელს გამართულ სახალხო ზეიმებს „შუახევობა“ და „შემოდგომა ქედაში“ როგორ შეაფასებდით?
– განსხვავებული და ამავდროულად რაღაცით იდენტური იყო ეს ღონისძიებები. „შუახევობა“ ოქტომბერში ჩატარდა და გარემომ და განწყობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. „შემოდგომა ქედაში“ და აკადემიური მიდგომით გამოირჩეოდა, ადგილზე უსაზღვრო სითბო და სიყვარული სუფევდა. როგორც მაყურებელი ვიტყვი, რომ ორივე ღონისძიება იყო სიკეთის და სიყვარულის ზეიმი. ყველას ვურჩევ, ამ ზეიმების თვითმხილველი და მონაწილე გახდეს.
– შემოგვთავაზეთ ლექსი, რომელიც აჭარაში ყოფნისას დაწერეთ …
– აჭარაში არაერთი ლექსი დავწერე, მაგრამ ემოციურად და თემატურად, ეს ლექსი მსურს გავახმიანო, რომელიც მიესადაგება ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს ჩემს განწყობას და დამოკიდებულებას აჭარისადმი.
აქ, სადაც ბერდებიან ტკივილები,
აქ, სადაც ფიქრებია უნაპირო,
აქ, სადაც გაპურებენ ღიმილები,
სიკვდილი რატომ უნდა დააპირო…
აქ, სადაც გმასპინძლობენ მთის კალთები,
აქ, სადაც სამოთხეა უფორმატო,
სამყარო დედასავით გიყვარდება,
აქ… თავი როგორ უნდა იგრძნო მარტოდ. . .
აქ, სადაც ისტორია გაცმევს აბჯარს,
აქ, სადაც ბინადრობენ პოეტები,
აქ, სადაც სიცრუეა თავის დასჯა,
სიცოცხლის ზეიმსაც მოესწრები. .
აქ, სადაც ერთობაა თავსებადი,
აქ, სადაც სტუმარია თავად ღმერთი,
გითმენენ ფიალის ავსებამდი,
სამშობლო – ერთობის ალავერდი. . .
აქ, სადაც აჭენებენ დროის რაშებს,
აქ, სადაც ღალატია განაჩენი,
მეგზურად სიყვარული მოიმარჯვე,
წუხილი იმედით გადაჭერი…
აქ, სადაც ნაკითხია უსწავლელიც,
აქ, სადაც ნაბიჯებსაც გიწყობს ერი,
აქ, სადაც დაიბადა რუსთაველი,
მეოხად ჰყოლია ღვთისმშობელი…
აქ, სადაც ბერდებიან ტკივილები,
აქ, სადაც ფიქრებია უნაპირო,
აქ, სადაც გაპურებენ ღიმილები,
სიკვდილი რატომ უნდა დააპირო. . .
– თანამედროვე ქართულ პოეზიაში რამდენიმე მიმართულებაა, უპირატესობას რომელს ანიჭებთ?
– უპირატესობას კონვენციურ ლექსს ვანიჭებ, თუმცა იშვიათად ვწერ ვერლიბრსაც.
– სახოტბო ლექსი თუ დაგიწერით?
– მაქვს სახოტბო ლექსები, მათ შორისაა „უფალთან საუბარია“. ერთი ასეთი ლექსის სათაური.
– პოეტის, მწერლის შემოქმედების უკვდავმყოფი წიგნია. თქვენი ავტორობით, კიდევ როდის გამოვა წიგნი?
– ნამდვილად ასეა. ჩემს პირველ წიგნს „შენამდე“ ჰქვია და მიხარია, რომ მკითხველამდე მივიდა. მეორე წიგნს რაც შეეხება, მალე დასრულდება და ვფიქრობ, ახალი წლის დასაწყისში დღის სინათლეს იხილავს..
– სხვის ლექსებს მხატვრულად კითხულობთ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებსაც არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელს აირჩევდით და რატომ?
– თუ არჩევანია, ორივეს, რადგან მიყვარს მრავალფეროვნება. ვფიქრობ, საინტერესოა სხვადასხვა გამოწვევა, რომელიც სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც ჩემი არჩევანი ერთით არ მინდა შემოიფარგლოს.
– რა მნიშვნელობას ანიჭებთ ვახტანგ გოგრაჭაძის მიერ ორგანიზებულ „სმარტფილმების“ ფესტივალს?
– ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია. საზოგადოებასთან ურთიერთობით საინტერესო საქმეს ეყრება საფუძველი. თვითონ სიტყვა „სმარტ“ ჭკვიანს ნიშნავს, მისი ჭკვიანური გამოყენებით, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ვახტანგი მის მრავალპროფილურ საქმიანობასთან ერთად, რომელსაც გულით ემსახურება.
– ქართული ოჯახი და მისი როლი თქვენს შემოქმედებაში?
– ქართული ოჯახი – დედა, მამა, შვილი, და-ძმა – ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ეს ხაზი ჩემს შემოქმედებაშიც თვალსაჩინოა. ყველა მათგანს თავისი ადგილი და როლი აქვს. მიყვარს ოჯახი და ვთვლი, რომ სწორედ ოჯახზე და ოჯახებზე დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლო სვე-ბედი.
– ჭიათურის შემდეგ, სად ისურვებდით ცხოვრებას?
– ორს ვიტყვი – ჟღერადობით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ შინაარსით სხვადასხვაა, ესაა: რაჭა და აჭარა.
– რატომ?
– რაჭასთან მეგობრობა და სიახლოვე მაკავშირებს, ასეთივე შინაარსი შეიძინა ჩემთვის აჭარამაც. ერთ-ერთ ლექსში მაქვს ნათქვამი: „მთაა ჩემი სახლ-კარი“… აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ორი არჩევანი ჩემი შინაგანი განწყობის და ემოციის პირდაპირპროპორციულია.
– თქვენი თაობა უცხოეთისკენაც იმზირება…
– დიახ, ასეა. სამწუხაროა, ქვეყნიდან გასული ქართველების რიცხვი საგანგაშო ნიშნულისაკენ რომ არის გადახრილი, თუმცა, ვფიქრობ, ვართ საქართველოში იმ რაოდენობის ახალგაზრდები თუ „ძველგაზრდები“, რომლებსაც შეგვიძლია, ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ და ქვეყანა არ მივიყვანოთ უფსკრულთან, საიდანაც ამოსვლა წარმოუდგენელი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ მალე დადგება დრო, როცა ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები დაბრუნდებიან დედასამშობლოში და ერთად ავაშენებთ ისეთ სამშობლოს, წმინდა მეფე დავითმა და თამარმა რომ დაგვიტოვეს.
ოთარ ცინარიძე