19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ბინა – 6-სულიან ოჯახს
By

აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ბინა – 6-სულიან ოჯახს

პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ოპოზიციამ პოლიტპატიმრებზე, რეპრესიებზე ისაუბრა და ბულვარში არსებული პრობლემები, ასევე, ქალაქის განაშენიანების გეგმის არარსებობა გააპროტესტა. ჩვეული პაექრობის შემდეგ სხდომა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა.

მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ დეპუტატებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული სიახლეები გააცნო. კერძოდ, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე, გორგილაძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული საცდელი ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდება, ვინაიდან საცდელ პერიოდში ქუჩების აღნიშნულმა მონაკვეთებმა უზრუნველყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გატარება. საკრებულომ, ასევე დაამტკიცა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, ანგისის ქუჩის I შესახვევში, ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.
დეპუტატებმა დღეს, ქალაქის ორ ლოკაციაზე, სევერიანე აჭარელის ქ. №1-სა და ნიკოლოზ გოგოლის ქ. №11-ში ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსაც დაუჭირეს მხარი.

საკრებულომ, ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემისა და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის საკითხიც განიხილა, რომელიც დეპუტატებს მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა დავით კოპინაძემ გააცნო.

დეპუტატებმა, ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. № 94-96-ის მიმდებარედ, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) შესაბამისად გადასაცემი ბინებისთვის არსებული დანართის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებასაც დაუჭირეს მხარი.

დამტკიცდა ბათუმში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა №9-სა და ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემის და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის საკითხი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ბინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა. ასევე, დამტკიცდა განკარგულება, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, შემდგომში, მისი ფაქტობრივი მფლობელის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხი, № 16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება. მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის გიორგი წანაწყენიშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით უქმდება სამართლებრივი საფუძველი და განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად კარგავს ძალას.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში. ცვლილების მიზანი დადგენილების სრულყოფა და პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირის თუ ოჯახის ჩართვაა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიან ოჯახს, საერთო ჯამში, 130 კვმ-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ცვლილება განხორციელდა ,,თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟს ზომამცირე გემების ბაზირების კიდევ ერთი ახალი პუნქტი დაემატება.

საკრებულომ დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელა და დაამტკიცა.

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *