
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თეთრი სახლი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ უკვე მეორედ არ გააფრთხილა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა თეთრი სახლი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ არ გააფრთხილა, – ამის შესახებ „სიენენი“ ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროებმა „სიენენს“ განუცხადეს, რომ მიმდინარე წელს ეს იყო მეორე პაუზა, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება ჰეგსეტმა მიიღო და ამის გამო ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„პირველად ეს თებერვალში მოხდა და გადაწყვეტილება სწრაფად გაუქმდა, ზუსტად ისევე, როგორც ორშაბათს საღამოს მოხდა, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება გაგრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეტმა შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი“, – აღნიშნა ანონიმურმა წყარომ „სიენენთან“.
გარდა ამისა, წყაროს თქმით, კიტ კელოგი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ასევე არ იყვნენ ინფორმირებული უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ და მათ მედიიდან გაიგეს.
როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინისთვის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის მიუხედავად, რომ სამხედრო ანალიზმა აჩვენა, ეს არ შეუქმნიდა საფრთხეს აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას. როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციაში პოლიტიკის ფორმირების ქაოსური პროცესის მაგალითი. „სიენენი“ ასევე წერს, რომ ეს ეპიზოდი ხაზს უსვამს კომუნიკაციის სირთულეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ვინ გასცა გასულ კვირას ბრძანება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „მე არ ვიცი, თქვენ ხომ არ მეტყოდით?“