
აშშ-ის როლი სამხრეთ კავკასიაში იზრდება
მსოფლიოში, და მათ შორის ჩვენს რეგიონში, მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება: ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთდაპირისპირება ტარიფების დაწესების კუთხით, ისრაელ-ირანის კონფლიქტი, სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და რუსეთ-უკრაინის ომი, სადაც, როგორც ექსპერტები აცხადებენ, იტესტება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის კონტურები. ყველა სახელმწიფო ცდილობს, ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს. ჩვენთვის საყურადღებოა ის ფაქტორი, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის როლი იზრდება, ზანგეზურის კორიდორს აშშ ასი წლით გააკონტროლებს, რაც რუსეთის ინტერესებს ლახავს. ეს უკანასკნელი უკრაინაში ომს აგრძელებს და ცდილობს, კიევი კაპიტულაციაზე დაითანხმოს, რასაც, ცხადია, უკრაინა და ევროკავშირი ეწინააღმდეგებიან. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ბსუ-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ფარტენაძე.
– რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება რეგიონის სტაბილურობისთვის?
– ვაშინგტონში 2025 წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილმა შეთანხმებამ (აშშ-ის შუამავლობით) დაამთავრა სამი დეკადის კონფლიქტის ციკლი და გახსნა ნორმალიზაციის გზები: საზღვრების დელიმიტაცია, დემარკაცია, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება. ფორმალურად ეს ,,საბოლოო მშვიდობის ხელშეკრულების“ ფუძეა, თუმცა მისი მდგრადობა დამოკიდებულია შემდგომ იმპლემენტაციასა და უსაფრთხოების ბერკეტებზე. ორივე მხარეს – ბაქოს და ერევანს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს, რათა სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, ამას კი გარკვეული დრო დასჭირდება.
– რა ბერკეტები რჩება რუსეთს, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს?
– სანამ ამ ბერკეტებზე ვისაუბრებდეთ, უნდა გავიხსენოთ ის წინარე პროცესები, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობდა რუსეთისგან ორკესტრირებული შეტევებით და მიზნად ისახავდა ოფიციალური მოსკოვის ზეწოლას ბაქოსა და ერევანზე, რათა არ შემდგარიყო სამშვიდობო შეთანხმება. მანამ, სანამ აღნიშნული შეხვედრა შედგებოდა ვაშინგტონში, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, ძალიან მნიშვნელოვან (და სკანდალურსაც) ინციდენტებს ჰქონდა ადგილი.
– რას გულისხმობთ?
– სომხეთის შემთხვევაში – სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით ათეულობით სასულიერო პირი იქნა დაკავებული, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში – რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ დიასპორას დიდი პრობლემები შეექმნა: ზოგი დააკავეს, ზოგსაც უმოწყალოდ უსწორდებოდნენ რუსეთის ქუჩებში, რასაც დემონსტრაციულად გადმოსცემდნენ სხვადასხვა სატელევიზიო თუ სოციალური ქსელის მეშვეობით. საბოლოოდ, რუსული გავლენა უძლური აღმოჩნდა სომხეთ-აზერბაიჯანის ინტერესების პირისპირ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – თეთრ სახლში ამაყად წარსდგნენ სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები თავიანთ ქვეყნებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გაფორმებული შეთანხმებისა – რუსეთს კვლავ რჩება სხვადასხვა ბერკეტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. მაგალითად, სამხედრო გავლენები რეგიონში – 102-ე ბაზა გიუმრიში და სასაზღვრო სტრუქტურები, ენერგეტიკული და სავაჭრო ბერკეტები, განსაკუთრებით – სომხეთზე (ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაცია, გაზი, ელექტრონერგია), ასევე, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები, შიდა პოლარიზაციის გაღრმავება და ელიტებზე ზეწოლა… აუცილებლად უნდა ვახსენოთ ირანთან ტაქტიკური სინქრონი, რათა შეაფერხოს დასავლეთის გაძლიერება და ა. შ.
– როგორია ვაშინგტონში გაფორმებული დოკუმენტით მიღებული შანსები და გამოწვევები საქართველოსთვის?
– როგორც ვიცით, თურქულმა მხარემ თავის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა დერეფნის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა თავის კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს ცვლილება ყარაბაღის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, ხოლო აზერბაიჯანმა, უხეშად რომ ვთქვათ, ამერიკულ ნავთობკომპანიებს მაქსიმალური „კომფორტი“ უნდა შეუქმნას დასავლური ინვესტიციების მოზიდვაში… ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება, თუმცა იქ, სადაც უკვე არსებობს გამოხატული პოლიტიკური ნება, მშვიდობის და თანამშრომლობის დამყარება უალტერნატივოა.
– რა გავლენას მოახდენს აშშ-ის გაძლიერება სამხრეთ კავკასიური ქვეყნების კეთილდღეობაზე?
– აშშ-ის როლი ამცირებს უსაფრთხოების ვაკუუმს, ამყარებს სუვერენიტეტს და ხელს უწყობს მრავალმხრივ ინვესტიციებს (ენერგეტიკა, ტრანზიტი, ტექნოლოგიები). ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა რუსეთის გავლენა მცირდება უკრაინის ომის გამო. სარგებელი იქნება: მეტი ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი კონტროლი და დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურასთან თავსებადობა. გამოწვევა – შეთანხმების შემდეგი ნაბიჯების მდგრადი მონიტორინგი და სუსტი ინსტიტუტების გაძლიერება.
– კარგავს თუ არა საქართველო სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას და რას უნდა აკეთებდეს მთავრობა?
– ბოლოდროინდელი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად შეიძლება შევაფასოთ მისი ევროპული მომავლისთვის. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თუნდაც ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე არსად იყო ნახსენები ჩვენი ქვეყნის როლი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს საქართველოსთვის, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მინიჭებული სტატუსის – „შუა დერეფნის“ პოტენციალს, რითაც ისარგებლებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი, რადგან საფრთხე იმისა, რომ საქართველო, რომელიც დღეს ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ტვირთბრუნვის კუთხით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხვალ შესაძლოა ამ სტატუსის მატარებელი ვეღარ იყოს. რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას: საქართველომ უნდა დააჩქაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ინტენსიურად დაიწყოს სარკინიგზო მარშრუტების (როგორც არსებული, ასევე, ახალი) მიმართულების განვითარება, ამ ეტაპისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება თურქეთთან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა უზრუნველყოს რუსეთზე დაწესებული სანქციების კონტროლი, რათა ავირიდოთ საერთაშორისო სკანდალი.
– როგორ შეაფასებდით ტრამპ-პუტინის შეხვედრას?
– აშშ-რუსეთის (ალასკის) სამიტი მიზნად ისახავდა კონფლიქტის დეესკალაციის ჩარჩოს, ცეცხლის და საომარი მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა კიევზე რუსეთის შემდგომმა მასირებულმა დარტყმებმა აჩვენა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვი აგრძელებს ზეწოლის ესკალაციას, ერთი ხელით თითქოს მზად არის შეაჩეროს სისხლის ღვრა, თუმცა მეორე ხელით საპირისპიროს აკეთებს: ზელენსკის გუნდსა და თეთრ სახლს შორის კონსულტაციები გრძელდება, მაგრამ უკრაინის პოზიცია უცვლელია – უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ლეგიტიმურია. მოკლევადიანად, პროგრესი შეზღუდულია, გრძელვადიანად – შესაძლოა ეტაპობრივი შეთანხმებები (ჰუმანიტარული, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ტყვეთა გაცვლა), მაგრამ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს.
– როგორც ვხედავთ, პუტინი დათმობაზე არ მიდის, კვლავ უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს, რას ფიქრობთ?
– რუსეთის მოლაპარაკებების მიზანია მაქსიმალისტური პოზიცია, რასაც თან ახლავს ფრონტზე ეტაპობრივი შეტევები დონეცკ-ლუგანსკის მიმართულებით. ეს მიუთითებს, რომ მოსკოვი ჯერ კიდევ თვლის, თითქოს ძალისმიერი ზეწოლა გაზრდის დათმობებს. პრაქტიკულად, ეს სცენარი ზრდის ომის ხანგრძლივობის და ადამიანური დანაკარგების რისკებს. „კაპიტულაციური“ ჩარჩო ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია უკრაინის შიდა პოლიტიკურ და დასავლურ კონსენსუსში.
– თუ რუსეთს, გარკვეულწილად, შერჩა ოკუპირებული ტერიტორიები, ეს რისი მანიშნებელი იქნება?
– ეს იქნება მკაფიო პრეცედენტი საერთაშორისო წესრიგისთვის: ძალით საზღვრების შეცვლის დაკანონების მცდელობა, რაც შეასუსტებს გაეროს ქარტიის პრინციპებს და გაზრდის რისკს სხვა კონფლიქტურ რეგიონებში. ევროპაში ეს იმპულსს მისცემს სამხედრო ხარჯების ზრდას, სანქციების გამკაცრებას და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის დაჩქარებას. საქართველოში ეს ნიშნავს რუსული ოკუპაციისა და „ბორდერიზაციის“ გამაგრებას და ასევე, ევროატლანტიკური კურსის უსაფრთხოების კომპონენტის კიდევ უფრო აქტუალიზაციას.
– თუ აშშ დაპირებულ მძლავრ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, ამ მხრივ პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
– როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტის პირდაპირი ადრესატი რუსეთია, თუმცა ის, ასევე, შეეხება იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, რითაც, ფაქტობრივად, ხელს უწყობენ ომის გახანგრძლივებას. რუსეთი სანქციებთან, შეიძლება ითქვას, ადაპტირდა, თუმცა ამას რამდენად შეძლებენ ნაკლები ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა სახელმწიფოები, სხვა საკითხია. შესაბამისად, მოსალოდნელია სანქციების ამ ტალღამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობებით, უკრაინა და დასავლეთი ერთობლივად რომ დააყენებენ.
– დაბოლოს, რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრიანის ომის შედეგებს ევროპასა და კერძოდ, საქართველოზე?
– რუსეთის უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შედეგი სახეზეა: ერთიანი, კონსოლიდირებული, მტკიცე და უფრო ძლიერი ევროკავშირი, ევროპული უსაფრთხოების ახალი გარანტიების გაჩენა, ნატოს გაძლიერება რუსეთის საზღვრებთან – შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაცია (ამ ეტაპზე უკრაინის და მოლდოვის პროგრესი შესამჩნევია, რასაც საქართველოზე, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით), ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამი ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის დასასრულის დასაწყისი და ახალი სამშვიდობო დერეფნის მშენებლობა – ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ უსაფრთხოების და ერთიანობის განცდა ხარისხობრივად უმაღლეს ნიშნულამდე ადის.
ლაშა ხომერიკი