აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, ურთიერთობების გასაძლიერებლად კონკრეტულ ნაბიჯებს განვიხილავთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას გააგრძელებს იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადეს.
როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, მათ სახელმწიფო დეპარტამენტს შეკითხვებით მანამდე მიმართეს, სანამ აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა ქართული „ოცნება“ ის საპარლამენტო დელეგაცია, თუმცა პასუხი ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღეს.
უწყების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 33 წელია საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ვაშინგტონი საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობის გაგრძელებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რასაც საქართველო თავადაც შეიძლება დაეხმაროს და სარგებელიც მიიღოს.
ამასთან, აცხადებენ, რომ აშშ განიხილავს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.