„აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება სურს, თუმცა საქართველო აშშ-ისგან ვერ ხედავს იმ ტემპს, რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას.
„გვინდა იმ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, როგორიც ქართველებმა ვიცით და ამერიკელ ხალხს არაერთხელ ვაჩვენეთ. ჩვენ ამერიკის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს. მათ კარგად იციან, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან მიმართებით. ასე რომ, ჩვენ ამ გადატვირთვას ველოდებით. ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება. ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც უნდა მივყვეთ, და ამერიკის ადმინისტრაციისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით.
ბოლო ვიზიტები, საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ამერიკაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი და ის კონტაქტები, ის საუბრები, რომლებიც იმართება, ოპტიმიზმს გვიტოვებს, რომ ამ ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება. სამწუხაროდ, იმ ტემპს ვერ ვხედავთ, რომელსაც ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის ვისურვებდით და რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას, იმ მეგობრობას, რომელიც ქართველმა ხალხმა ამერიკელ ხალხს აჩვენა. ჩვენი ეროვნული ინტერესები დაფიქსირებული გვაქვს, ყველაფერი ცხადია და ნაბიჯებს ველოდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.