აშხაბადის ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა მშვიდობიანობასა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე ისაუბრა
აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური პრობლემების მოგვარება მხოლოდ ყველა სახელმწიფოს პოზიციის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, გაერო კვლავ რჩება მნიშვნელოვან და ხშირად ერთადერთ პლატფორმად, სადაც ინტერესთა ბალანსი და შეთანხმებულ გადაწყვეტილებებზე მუშაობა ხორციელდება.
„გაერო, რომელიც 80 წლის წინ შეიქმნა, ღირსეულად ასრულებს თავის მისიას და ხელს უწყობს რთული პრობლემების შეთანხმებულ გადაწყვეტას. სწორედ ამ ლოგიკით, გაეროს წესდების საფუძველზე, აუცილებელია ავაშენოთ გულწრფელი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მრავალპოლარული სამყაროს ახალ ეპოქაში,“ – განაცხადა პუტინმა.
სიტყვით გამოსვლისას მან თურქმენეთს ნეიტრალიტეტის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის ოფიციალური აღიარებიდან 30 წელი გავიდა. პუტინის თქმით, სწორედ თურქმენეთის ინიციატივით, 12 დეკემბერი შემდეგში საერთაშორისო ნეიტრალიტეტის დღედ გამოცხადდა, რაც დღესაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია.
რუსეთის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ფორუმისთვის მომზადებულ აშხაბადის დეკლარაციის პროექტს და აღნიშნა, რომ დოკუმენტი გაეროს წესდებაზე დაფუძნებული პრინციპების – მშვიდობიანობის, სუვერენიტეტის პატივისცემისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის მხარდაჭერას ადასტურებს. მისი განცხადებით, რუსეთი სრულად უჭერს მხარს დეკლარაციის ტექსტს.
2025 წელი მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. ინიციატივა თურქმენეთს ეკუთვნის, ხოლო რეზოლუციას მხარი 86-მა სახელმწიფომ დაუჭირა.