18 C ბათუმი
Wednesday 25th June 2025
აჩიკო ბერიძე – არაფერს ისე არ შეულახავს ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერების  ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში
By

აჩიკო ბერიძე – არაფერს ისე არ შეულახავს ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერების  ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატმა არჩიკო ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  საპარლამენტო საქმიანობის ერთი წელი და მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები შეაფასა.
ბერიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმ დროს უთხრეს, როდესაც არც „გამჭვირვალობის კანონი“ და არც სხვა სადავო კანონები მიღებული არ იყო.
„მინდა მოკლედ მიმოვიხილო საპარლამენტო საქმიანობის ერთი წელი და მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები.
ამ ერთი წლის განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი და დავხმარებოდი უამრავ ადამიანს – ჩვენს მოქალაქესა თუ მხარდამჭერს. ჩვენი ინიციატივითა და პრემიერის მხარდაჭერით, ბათუმი გამოცხადდა ქართული კულტურის დედაქალაქად. ერთი წლის განმავლობაში იგეგმება დიდი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები და სხვა საინტერესო კულტურული ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ქალაქ ბათუმში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ პრემიერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს და კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
ახლა მოკლედ მინდა შევეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ევრობარომეტრის“ კვლევა, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევრობიუროკრატები, ისრების მთავრობის მისამართით გადმოტანას ცდილობენ. ჩემი შეფასებით, არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, ევროკავშირის მიერ, ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე, იმ მიზეზით, რომ თითქოს, საქართველო სხვა გეოგრაფიულ არეალშია. ცინიზმია, რომ ეს ყველაფერი გვითხრეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან 30 წლის თავზე, მაშინ, როცა ევროკავშირის ასოცირებული წევრები უკვე ვიყავით და არსებობს ევროკავშირის უამრავი ანგარიში, სადაც ნათლად წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო რამდენიმე წლით წინ არის უკრაინაზეც და მოლდოვაზეც. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ დროს, არც „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და არც ე.წ. სხვა სადავო კანონები გვქონდა დამტკიცებული. ჩემი შეფასებით, ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი და მიზანმიმართული დაზიანება და საქართველოს ე.წ. რუხ ზონად მონიშვნა.
არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით ბალტიელები ლიდერობდნენ. ჩვენ გვახსოვს მათი საჯარო განცხადებებიც და მათი გამოსვლებიც ოპოზიციურ მიტინგებზე, რუსთაველის გამზირზე. აღარაფერს ვამბობ რამდენიმე ევროპელ ელჩზე, მათი შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია.
ასე რომ, ჩემი აზრით, „ევრობარომეტრის“ კვლევა სახელმძღვანელო უნდა იყოს პირველ რიგში, ევრობიუროკრატებისა და ევროკავშირისათვის, ე.წ. ოპოზიციისათვის და ენჯეო-სექტორისათვის, რომლებიც პირდაპირ ავანგარდში იდგნენ და კარდაკარ დადიოდნენ ბრიუსელში, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ასევე, მომავალი პოლიტიკოსებისათვის, რათა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ ამ დონის გეოპოლიტიკური ტურბულენტობის დროს, რათა სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობა დაიცვან და განამტკიცონ,“ – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

  • No Comments
  • ივნისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *