აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 ობიექტი დაიხურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.
პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდი პირი ბრალდებულის სახით დააკავა და 12 ობიექტი დახურა. სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.