„აჭარა ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, ეს ცოცხალი ისტორიები, ხასიათები და ემოციებია“
By

„აჭარა ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, ეს ცოცხალი ისტორიები, ხასიათები და ემოციებია“

რამდენიმე წლის წინ აჭარის სოფლებსა და იაილებში პირველად შემოდგა ფეხი ფოტოგრაფმა  ნათელა გრიგალაშვილმა. ამ კუთხეში გადაღებული ფოტოებია  წარმოდგენილი პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც მან  ამ დღეებში თბილისში მოაწყო.

– ქალბატონო ნათელა, მინიატურების სახელმწიფო თეატრის მხატვარ-დეკორატორი როდის დაინტერესდით ფოტოხელოვნებით?

– ბავშვობიდან ვხატავდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი. სწორედ ამ  პერიოდში დავინტერესდი ფოტოგრაფიით. მალე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსურდა. გავიარე ფოტოგრაფიის ერთწლიანი კურსი. ვსწავლობდი როგორც ფოტოატელიეს ფოტოგრაფი, თუმცა, რეალურად, ფოტოატელიაში არასოდეს მიმუშავია.

– სხვადასხვა გაზეთის ფოტორეპორტიორი იყავით რა გასწავლათ პერიოდულ გამოცემებში მუშაობამ?

– ფოტორეპორტიორობამ ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობა, ჩამომიყალიბა პროფესიული უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ რეპორტიორობა აღარ მაკმაყოფილებდა: მინდოდა, ისეთი ფოტოები შემექმნა, მეკეთებინა, როგორიც  მაინტერესებდა  და არა – სარედაქციო დავალებები. გვიან, მაგრამ მაინც შევძელი, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი გავმხდარიყავი.

 – 2007 წელს ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ალექსანდრე როინიშვილის პრემიის ლაურეატი გახდით…

– ეს პრემია ჩემთვის განსაკუთრებული პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც.  ალექსანდრე როინიშვილი   არა მხოლოდ გამორჩეული ფოტოგრაფი, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწე იყო. მან, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  წევრმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული ცნობიერების გაძლიერებაში და თავისი ობიექტივით შემოგვინახა ქართველი მწერლების პორტრეტები, ისტორიული ძეგლები და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა სახეები. მისი ნამუშევრები დღესაც არა მხოლოდ ვიზუალური დოკუმენტები, არამედ ჩვენი კულტურული მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ჯილდო გადმომეცა ორი ფოტოპროექტისთვის: „დედაჩემის წიგნი“ და „თაგვების სოფელი“. ორივე პროექტი ჩემთვის პირადი და ამავე დროს, უნივერსალური თემების კვლევაა: მეხსიერების, დროის, ოჯახური ისტორიებისა და იმ პატარა სამყაროების, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ეს პრემია ჩემთვის არა მხოლოდ მიღწეული გზის შეფასება, არამედ მოტივაციაა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და სიყვარულით გავაგრძელო მუშაობა.Top of FormBottom of Form

–  ჯავახეთში, პანკისის ხეობასა და აჭარაში დააფუძნეთ ფოტოკლუბები. მათი მნიშვნელობის შესახებ რას იტყვით?

– ჯავახეთში, პანკისის ხეობასა და აჭარაში ფოტოკლუბების დაფუძნება ჩემთვის, უბრალოდ, საგანმანათლებლო ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო მცდელობა, რომ ხელოვნება თავად მისულიყო იქ, სადაც ხშირად ვერ აღწევს. სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც სოფლად ბევრი შესაძლებლობა და რესურსი ხელმიუწვდომელია. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ახალგაზრდებისთვის გამეცნო ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, მესწავლებინა გადაღების ტექნიკა, ხედვა, დაკვირვება. მინდოდა, ფოტოგრაფიის საშუალებით ესწავლათ, როგორ ეპოვათ არაჩვეულებრივი ჩვეულებრივში საკუთარი სოფლების, ადამიანებისა და ყოველდღიური ცხოვრების მაგალითზე. ეს პროექტი უკვე შვიდჯერ განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შედეგად, გაიმართა გამოფენები თბილისსა და ბათუმში, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას წარუდგინეს. ეს მათთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი გამოცდილება, არამედ საკუთარი ხმისა და იდენტობის აღმოჩენაც იყო. დიდი სიამოვნებით ვაგრძელებ ამ პროექტს, რადგან მჯერა, რომ რეგიონებში უამრავი ნიჭიერი და განათლებას მოწყურებული ახალგაზრდაა. მათთვის მსგავსი ინიციატივები ხელოვნებასთან წვდომის, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის საუკეთესო გზაა.

– დამოუკიდებელი ფოტოხელოვანი ბრძანდებით და სხვადასხვა სოციალურ თემაზე მუშაობთ. რა ადგილს უთმობთ აჭარის მთიანეთს?

– მთიანი აჭარა ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან ახლობელი სივრცეა. მიყვარს აქაური მთაც და ბარიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ადამიანები არიან, ისინი, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა ის განსაკუთრებული ღირებულებები, რაც თითქმის დაიკარგა ბარში: ურთიერთობის სითბო, ტრადიციების ერთგულება, შრომის ეთიკა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება. როგორც დამოუკიდებელი ფოტოხელოვანი, ჩემს საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ მთიან აჭარას, რადგან ვგრძნობ, რომ ეს სივრცე სწრაფი ცვლილებების წინაშე დგას. გვინდა თუ არ გვინდა, დრო ყველაფერს ცვლის, ადამიანები ტოვებენ სოფლებს, გადადიან ქალაქებში, იცვლება ცხოვრების რიტმი, ყოფა, არქიტექტურა, ტრადიციები. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ ხელოვნება, ის ისტორიის შემონახვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩემი მიზანია, გადავიღო ამ ადამიანების ყოველდღიურობა, მათი შრომა, დღესასწაული, სიჩუმე, ყოფითი დეტალები, რათა ფოტოგრაფიის საშუალებით შევინახო ის, რაც ხვალ შეიძლება აღარ არსებობდეს იმავე სახით. ეს ჩემთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი ამოცანაა, არამედ შინაგანი ვალდებულებაც. ბედნიერი ვიქნებოდი,  შემეძლოს მეტი დრო გავატარო იქ, უფრო ღრმად დავაკვირდე, რადგან დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთ ადგილებში ინახება ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

– თქვენი შემოქმედების პირველწყარო ადამიანები არიან. 10 წლის განმავლობაში აჭარის მკვიდრებთან რა ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ?

– ჩემი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია, მართლაც, ადამიანები არიან. ამ თვალსაზრისით, ბოლო 10 წლის განმავლობაში აჭარის მკვიდრებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე როგორც ადამიანზე, ისე ხელოვანზე. აჭარა ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის — ეს არის ცოცხალი ისტორიები, ხასიათები და ემოციები. ამ წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა გულწრფელი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.  ჩემი ნამუშევრების გმირები რეალური ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებისეული გამოცდილება, სიხარული და სირთულეები ჩემს შემოქმედებაში ირეკლება. მათზე დაკვირვებამ  მასწავლა მოთმინება, მოსმენა და დეტალების დაფასება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ ავტორსა და რესპონდენტს შორის, ის მეგობრობაში და თანამოაზრეობაში გადაიზარდა. სწორედ ამ ურთიერთობებმა მომცა შთაგონება და პასუხისმგებლობა, რომ მათი ისტორიები ღირსეულად და სიფრთხილით გადმოვცე.

– საქვეყნოდ ცნობილი ფოტოსერიების   გვერდით რა ადგილს იჭერს აჭარაში გადაღებული  ფოტოები?

– ჩემთვის აჭარაში გადაღებულ ფოტოპროექტს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებები, ეს არის დღევანდელი ადამიანების ცხოვრება,  ტრანსფორმაციები და კულტურული განცდები. აჭარაში გადაღებული ფოტოები სხვადასხვა  ემოციურ ფენომენს ასახავს, თუმცა  ჩემთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანები: მათი იდენტურობა, სიძლიერე და ყოველდღიური ცხოვრება. აჭარაში გადაღებულ ფოტოებს აღვიქვამ როგორც  დოკუმენტს, დროისა და სივრცის ცოცხალ ჩანაწერს, სადაც  რეალობა თანამედროვე ფოტოგრაფიის ენით იკითხება.    მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ ამ ადამიანებზე და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას იმ სიკეთისთვის, მეგობრობისთვის და დახმარებისთვის,  რასაც ისინი ჩემ მიმართ იჩენენ.   აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს და  მიხარია, რომ მაქვს მათთან მუშაობის შესაძლებლობა.

– თქვენი ფოტოებით სული შთაბერეთ იმ ადათ-წესებს, რაც აჭარის მთიანეთის სოფლებსა და იაილებშია შემონახული. თქვენი აზრით, როდემდე შენარჩუნდება ეს  ადათ-წესები?

– ვფიქრობ, ადათ-წესები მანამდე ძლებს, სანამ მათი მატარებელი ადამიანი არსებობს. აჭარის მთიანეთის სოფლებსა და იაილებში შემონახული ტრადიციები მხოლოდ რიტუალები არ არის, ეს არის ცხოვრების წესი, მეხსიერება და იდენტობა. დღევანდელ რეალობაში, როცა გლობალიზაცია და მიგრაცია ძლიერ გავლენას ახდენს პატარა თემებზე, ბუნებრივია, ზოგიერთი ტრადიცია იცვლება ან სუსტდება. თუმცა,  მჯერა, რომ ადათ-წესები არ ქრება უცებ, ისინი გარდაიქმნება. შესაძლოა ფორმა შეიცვალოს, მაგრამ არსი დარჩეს.

– 2015 წელს, საქართველოში პირველმა დააარსეთ ფოტოსააგენტო „კონტაქტ ფოტო“. რა დანიშნულებისაა ეს სააგენტო?

– 2015 წელს დავაარსე ფოტოსააგენტო „კონტაქტ ფოტო“ როგორც მცდელობა, საქართველოში შექმნილიყო პროფესიონალური პლატფორმა ფოტოგრაფებისთვის და მათი ნამუშევრების საერთაშორისო სივრცეში წარმოსაჩენად, თუმცა პროექტის გაგრძელება ვერ მოხერხდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების, მათ შორის, გუნდური მუშაობის სირთულეების გამო. დღეს მირჩევნია, სრულად კონცენტრირებული ვიყო პირად შემოქმედებაზე და დამოუკიდებლად ვიმუშაო ფოტოგრაფიაში.

– მსოფლიოს რომელ ქვეყნებში გაიცნეს თქვენი შემოქმედება?

– ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში. გამოფენები გაიმართა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, თურქეთსა და ბოლივიაში, როგორც პერსონალური, ისე ჯგუფური.  საერთაშორისო აუდიტორიასთან შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში ჩემი ფოტოების აღქმა ახალ ინტერპრეტაციებსა და დიალოგს ქმნიდა.

– ახალ თაობას თუ ზრდით?

– დიახ, ფოტოგრაფიაში მოსწავლეები მყავს და ცოდნის გაზიარებას მნიშვნელოვან პასუხისმგებლობად მივიჩნევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გადაცემა და პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ახალი თაობის მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა თითოეულმა ავტორმა საკუთარი გზა თავად უნდა იპოვოს, მე მხოლოდ მიმართულების მიცემა შემიძლია.

– რა სურვილებს დაგვიტოვებთ?

– მთიან აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს ვუსურვებდი სიმტკიცესა და იმ სულიერი ძალის შენარჩუნებას, რაც მათ ყოველთვის გამოარჩევდათ. მათში არის განსაკუთრებული ღირსება, შრომისმოყვარეობა და ტრადიციებისადმი ერთგულება – ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ვუსურვებ, რომ არ დაკარგონ საკუთარი ფესვები, მაგრამ ამავე დროს ჰქონდეთ განვითარების, განათლებისა და ახალი შესაძლებლობების მიღწევის გზა. მინდა, რომ მათი ხმა ისმოდეს, მათი შრომა ფასდებოდეს და მათი ცხოვრება იყოს ღირსეული და მშვიდი.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *