
აჭარის ისტორია ერთ წიგნად და „ეთნოგრაფიული აჭარა“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ხასიათის აკადემიური გამოცემების – „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“ წარდგინება გაიმართა. წიგნები დაიბეჭდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ძალისხმევით და აჭარის მთავრობის დაფინანსებით.
წიგნის „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ ავტორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერს იტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როინ მალაყმაძე, პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ფუტკარაძე, ემერიტუსი პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ კახიძე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა ლომთათიძე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელზა ფუტკარაძე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაია ჭიჭილეიშვილი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირინე ვარშალომიძე, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ხალვაში, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ემზარ კახიძე, ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ბარამიძე, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა შაშიკაძე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ ჯიბაშვილი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ მეგრელიშვილი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ თურმანიძე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი უჩა ოქროპირიძე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნაილა ჩელებაძე.
გამოცემების მთავარი რედაქტორი როინ მალაყმაძე გახლავთ, რედაქტორი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯემალ კარალიძე, რეცენზენტები – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი.
წიგნის წინათქმაში როინ მალაყმაძე წერს: „გაწეული სამეცნიერო საქმიანობის მიუხედავად, დღემდე არ არსებობდა აჭარის ისტორია ერთ წიგნად. წინამდებარე გამოცემა ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა. წიგნი „აჭარა“ გვაცნობს აჭარის ისტორიას უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე. იგი რამდენიმე თავისაგან შედგება და ეფუძნება ზეპირსიტყვიერ, არქეოლოგიურ, ისტორიულ წყაროებსა და მეცნიერთა არაერთი თაობის გამოკვლევებს. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ისტორიულ ნაწილთან ერთად, აჭარის სრული პორტრეტის შესაქმნელად, მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური და სხვა სახის მონაცემებიც წარმოგვედგინა“.
არანაკლები მნიშვნელობისაა ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი „ეთნოგრაფიული აჭარა“. ამასთან, ფასდაუდებელია ის ეროვნული საქმე, რომელსაც უშუალოდ ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, მეცნიერ-თანამშრომლები, ქვეყნისა და მისი განუყოფელი კუთხის, აჭარის ისტორიის, ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, დიალექტოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიისა და სხვა მიმართულებებისადმი მიძღვნილი უნიკალური წიგნების გამოცემით აკეთებენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორი წიგნის წარდგინებაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც ბათუმელი, ისე თბილისელი წარმატებული მეცნიერები, რეგიონის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები მოვიდნენ.
აჭარის განთლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა თავის გმოსვლაში ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ ღირებულია სამინისტროსთვის მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობა და აღნიშნა, რომ ეს სამეცნიერო ნაშრომები არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. აღნიშნული გამოცემების მნიშვნელობასა და მათი ავტორების ენერგიულ, პატრიოტულ საქმიანობაზე ისაუბრეს როინ მალაყმაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების და სპორტის კომისიის თავმჯდომარე დავით ბაციკაძემ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, წიგნის რეცენზენტმა მირიან ხოსიტაშვილმა, ცნობილმა ეთნოგრაფმა, პროფესორმა თამაზ ფუტკარაძემ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლელა სარალიძემ, ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა შიომ (პაიჭაძე).
წარდგინებაზე გამორჩეულად აღნიშნეს მხცოვანი მეცნიერის ნოდარ კახიძის დაუღალავი მოღვაწეობა. მას დაბადებიდან 95 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს წიგნების გამოცემაში შეტანილი წვლილისა და იმ საქმიანობისათვის, რასაც 75 წლის განმავლობაში ეწევა.
ღონისძიების დასასრულს ტიტე აროშიძემ კონსტანტინე გამსახურდიას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
გთავაზობთ წარდგინების მონაწილეთა შთაბეჭდილებებს.
კონსტანტინე გამსახურდია: – აჭარა ჩემთვის და ჩემი წინაპრებისთვის სათაყვანებელ რეგიონად რჩება. აქ მრავალი მეგობარი ჰყავდა ბაბუას – კონსტანტინე გამსახურდიას, მამას, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მუდამ საგზლად გამყვება ის დიდი სითბო და მოფერება, რომელიც ღონისძიებაზე და მისი დასრულების შემდეგ ჩემდამი გამოხატეს. წიგნი „აჭარა“ ფასდაუდებელი განძია. ინსტიტუტის მეცნიერებმა დიდი და საშური საქმე გააკეთეს და მკვლევრებს, საქართველოს ამ რეგიონის მოსიყვარულეებს დღემდე დაუწერელი წიგნი შემოგვთავაზეს. თქვენი გაზეთით ავტორებს, საზოგადოების წარმომადგენლებს მადლობას ვუხდი – ასეთი ღონისძიებები მეტად გვაახლოებს.
თამაზ ფუტკარაძე: – წიგნში „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ საკმაოდ ვრცლადაა წარმოდგენილი აჭარის ეთნოლოგიური დახასიათება. ისიც ცნობილია, რომ მაჭახლის ხეობაში კაჟ-ჩახმახიანი თოფებისა და ცივი საბრძოლო იარაღის წარმოება მაღალ დონეზე იყო. ისტორიის წყაროებს თუ დავეყრდნობით, 1878 წელს ამ ხეობაში 30 ოსტატი ყოფილა. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, აჭარლები არიან „კაცნი ხელოვანნი ხის მუშაკობითა“. საბედნიეროდ, ხის მუშაკობის უძველესი ტრადიციები ახლაც გრძელდება.
მერაბ ფუტკარაძე: – წიგნი „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ ჩემი და ბატონ როინ მალაყმაძის ერთობლივი ნაშრომით – „აჭარის ფიზიკური; გეოგრაფიული დახასიათება“ იწყება. თავიდანვე გათავისებული მქონდა იმ დიდი საქმის მნიშვნელობა, რასაც ხელი მოვკიდეთ. კმაყოფილი ვტოვებ ღონისძიებას. ის დადებითი შეფასებები, რომელიც დარბაზში მოვისმინეთ, არახალია. კიდევ მეტი ამ წიგნის გამოცემის პირველი დღიდანვე გვესმოდა. ყოველივე ეს დასტურია იმისა, რომ კეთილი საქმე სანთელ-საკმეველს არ კარგავს.
ვანო პაპუნიძე: – მსურს თქვენი გაზეთით ბატონ როინ მალაყმაძეს მივულოცო საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა. ეს აღიარება ერთი პიროვნების წარმოჩენა არ გახლავთ, იგი იმ დიდი და ენერგიული შრომის დასტურია, რასაც ამ კუთხის ისტორიკოსები აკეთებენ. Uუდავოდ, დიდია აკადემიის პრეზიდენტ ბატონ როინ მეტრეველის გულისხმიერი დამოკიდებულება აჭარისადმი. იგი შორეულ ბაკოშიც კი გვესტუმრა.
ნოდარ კახიძე: – წინასწარ ვგრძნობდი, რა წარმომადგენლობითი აუდიტორია იქნებოდა წიგნის წარდგენაზე, მაგრამ მოლოდინმა და შეფასებებმა ყველაფერს გადააჭარბა. ყველა კეთილი და საშვილიშვილო საქმე ფინანსებს ითხოვს. ინსტიტუტის მეცნიერებმა მივმართეთ აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფაზე, რაც დადებითად გადაწყდა. ეს მხარდაჭერაა ქართველი მეცნიერებისადმი. თანადგომა წიგნის წარდგენაზეც გამოჩნდა, როცა დარბაზში აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მოვიდნენ. მადლობა ამ გულისხმიერებისათვის. აღსანიშნავია, რომ წიგნს „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ აქვს ვრცელი ინგლისურენოვანი რეზიუმე. ორივე გამოცემა მნიშვნელოვანია არა მარტო სამეცნიერო წრისათვის, არამედ საქართველოსა და აჭარის ისტორიით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკითხველისთვის.
ოთარ ცინარიძე
გალერეა


