აჭარის კულტურის მინისტრი ქობულეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მოადგილეებთან – ვლადიმერ მგალობლიშვილთან და ირმა აბულაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ქობულეთის მერიის კულტურის სამსახურების წარმომადგენლები, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მინისტრმა ისაუბრა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ფორმატზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო მიზნებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე.
ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა სახელოვნებო სკოლების განვითარების აუცილებლობას, ისაუბრა კულტურის ცენტრების გაძლიერებასა და მაღალმთიან სოფლებში შემოქმედებითი პროცესების გააქტიურებისკენ მიმართულ მხარდამჭერ პროგრამებზე.
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქობულეთის ბიბლიოთეკა და სამკითხველო სივრცეები, ქობულეთის მუზეუმი, ხუცუბნისა და ქობულეთის სახელოვნებო სკოლები. მათ ადგილზე გაეცნენ ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის, ასევე, გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „მხედრული“ საქმიანობას.
კულტურის ცენტრის სცენაზე ფოლკლორულმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა, ასევე, სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საჩვენებელი პროგრამა წარმოადგინეს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სასიმღერო და საცეკვაო ნომერი შესრულდა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ქობულეთის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი და საკრებულოს წევრები.
აღსანიშნავია, რომ აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრები სისტემატურად იმართება. შეხვედრების მიზანია სამინისტროს პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, კულტურის სფეროში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა, გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და მათზე ეფექტური რეაგირება.
გალერეა

