აჭარის კულტურის სამინისტრო „შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო კონკურსს აცხადებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში გამოცხადდა „შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურისა და ხელოვნების სფეროს გაძლიერებასა და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას.
კონკურსის მთავარი მიზანია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაცია და განვითარება, ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერა, ასევე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფართო საზოგადოებისთვის კულტურის სფეროს ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალმხატვრული, ორიგინალური და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ხელოვნების ახალი მიმართულებების მხარდაჭერას, ტექნოლოგიურ პლატფორმებზე დაფუძნებული იდეების წახალისებასა და ეროვნული მემკვიდრეობისა და ფასეულობების პოპულარიზაციას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 2 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ან მუნიციპალური დაფინანსებით.
საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში უნდა წარედგინოს მატერიალურად ან/და ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატში, შინაარსობრივად დალაგებული გაერთიანებული ფაილებით) გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: Info@mca.gov.ge.
2026 წლის კონკურსის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 000 ლარით, ხოლო თითოეული პროექტისთვის გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს.