აჭარის წარმატებულ სპორტსმენებსა  და მათ მწვრთნელებს სამინისტროში  უმასპინძლეს
By

აჭარის წარმატებულ სპორტსმენებსა  და მათ მწვრთნელებს სამინისტროში  უმასპინძლეს

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარმატებულ სპორტსმენებთან და მათ მწვრთნელებთან შეხვედრა გამართა, მიღწეული წარმატებები მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები.
აჭარის სპორტსმენებმა გასულ თვეებში არაერთ საერთაშორისო ტურნირზე მიაღწიეს წარმატებას: მამუკა კორძაია, აჭარის ნაკრების წევრი, ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონი გახდა; ჯემალ კილაძე, საქართველოს ეროვნული და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ზურაბ მამულაძემ ქვიშის ჭიდაობაში, 20 წლამდელთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; ლევან კიკალიშვილი გახდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ბილიარდში, რაც პირველი შემთხვევაა ქართული ბილიარდისთვის; აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) სერბეთში გამართულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაბამისად, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს; ზურაბ მსხალაძემ ძალოსნობაში, ალბანეთში გამართულ U23 ევროპის ჩემპიონატზე, 88 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა; ანანო ჯინჭარაძე ფარიკაობაში, U17 კატეგორიის ფინალში ევროპის თასზე ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ელენე თურმანიძე – ბრინჯაოს.
მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის და რეგიონის ღირსეულად წარმოჩენისათვის, მიულოცა წარმატებები და გამორჩეული მიღწევები, აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.

  • No Comments
  • ნოემბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *