
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებს გაეცნო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებს გაეცნო, ასევე, შეხვედრა გამართა სამედიცინო პერსონალთან და სერვისებით მოსარგებლე მოქალაქეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და მოადგილე ნონა ეფაძე. შეხვედრაზე მიმოიხილეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული პროგრამები და სამომავლო პროექტები.
,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის სკრინინგული კვლევები. ჩვენ მოვიცავთ თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს – დაწყებული 47 გენეტიკურ დაავადებაზე ახალშობილობის, ასევე, მუცლად ყოფნის პერიოდში და დამთავრებული ოსტეოპოროზის კვლევით ხანდაზმულებში. ხაზი მინდა გავუსვა სიახლეს, რომელსაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ – რძის ბანკის შექმნა, სადაც შეეძლებათ ახალშობილებს, რომლებსაც გარკვეული მიმართულებით პრობლემები გააჩნიათ, იკვებონ ბუნებრივი რძით. ყველა სკრინინგული პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ დღეს, რამდენიმე წლის შემდეგ განტვირთავს იმ რეაბილიტაციის პროგრამებს, რომლის ფარგლებში 3 000-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჯანსაღი მომავალი თაობის ფორმირებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ მიზნით 10-მდე სკრინინგულ და სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც ჯანმრთელობის, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებს, თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკის შემცირებას და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვას. ჯამში, ყოველწლიურად 10 000-მდე ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა, რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით.
შეხვედრის დასასრულ, ორსულებს დაურიგდათ დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი, რომელიც აერთიანებს როგორც ორსულობის, ისე ახალშობილისა და ბავშვის განვითარების მონიტორინგის საკვანძო კომპონენტებს.