აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი  1 002 000 000 ლარს შეადგენს
By

აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 1 002 000 000 ლარს შეადგენს

აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და 1 002 000 000 ლარს შეადგენს, – ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2025 წელთან შედარებით, 93 480 000 ლარით 10,29%-ით გაიზარდა. 2026 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ საკანონმდებლო ორგანოს, ბიუჯეტის პარამეტრები და 2026 წელს დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. “2026 წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 971 795 700 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 106 475 700 ლარი. 2026 წლის შემოსავლები 816 795 700 ლარით განისაზღვრა, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 131 695 700 ლარი. ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადი 800 000 000 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა- 140 000 000 ლარი. 2026 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტების დაფინანსება 173 247 200 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა 23 218 100 ლარია, 15,48 %. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება 2 718 000 ლარით დაფინანსდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კურორტზე, თოვლსატკეპნი მანქანების ანგარის მოწყობა, თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მშენებლობა განხორციელდება. ზანკები-გოდერძის გადასასვლელის და ჭანჭახის უღელტეხილი-ბეშუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება 300 000 ლარით, ხოლო ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი 200 000 ლარით დაფინანსდა. ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპისთვის, 2026 წელს, 51 137 100 ლარია განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში (მეორე ეტაპზე) 1077 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 87 000 000 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 6 500 000 ლარი, 8,1 %-ია. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროექტების დაფინანსება 119 001 800 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 2 681 900 ლარი, 2,31 %. 2026 წელს გრძელდება 27 საჯარო სკოლის შენობის/სპორტული დარბაზის მშენებლობა. დაიწყება 8 საჯარო სკოლის შენობის/სპორტული დარბაზის მშენებლობა. 2026 წელს დაგეგმილია 81 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 79 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 40 939 600 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა 4 119 000 ლარია, 11,2 %. აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსება 52 000 000 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 7 517 300 ლარი, 16,9 %. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 124 100 ლარი დაიხარჯება. 2026 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 69 000 000 ლარი, ხოლო ტურიზმის ხელშეწყობისთვის 21 215 000 ლარი დაიხარჯება”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • დეკემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *