18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ახალგაზრდა მასწავლებლის გზა კლასიდან თანამედროვე პლატფორმამდე
By

ახალგაზრდა მასწავლებლის გზა კლასიდან თანამედროვე პლატფორმამდე

ჩვენი დღევანდელი სტუმარი 26 წლის ისტორიის მასწავლებელი თეკლე აბაშიძეა, რომელიც ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ უკვე ორი წელია ასწავლის. მას სადამრიგებლო კლასიც ჰყავს და ცდილობს, ახალგაზრდებთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. თეკლე მოსწავლეებს თანამედროვე მიდგომებით ასწავლის, ამასთან, ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად გამოჩნდა ტიკ-ტოკ პლატფორმაზე, სადაც უკვე ათასობით გამომწერი ჰყავს. მის კონტენტში განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიას უჭირავს. თვლის, რომ რთული თემების მარტივად და საინტერესო ფორმით გადმოცემა მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს. ის პროფესიულ საქმიანობას წარმატებით უთავსებს სოციალურ სივრცეში აქტიურობას და საზოგადოებას არწმუნებს, როგორ შეიძლება ისტორია გახდეს ცოცხალი, საინტერესო და საყვარელი თემა არა მხოლოდ კლასში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– თეკლე, გვიამბეთ თქვენზე, როგორ და რატომ გადაწყვიტეთ ისტორიის მასწავლებლობა?

– მოგესალმებით. ხულოს რაიონის სოფელ ვერნებიდან გახლავართ, საშუალო განათლება სწორედ ამ სოფლის პატარა ხის სკოლაში მივიღე. საკუთარი თავი მასწავლებლის ამპლუაში ჯერ კიდევ მაშინ აღმოვაჩინე, როცა მე-9 კლასში ქართულის მასწავლებელმა საგნის ინტერესის კიდევ უფრო გასაღვივებლად გაკვეთილი ჩამატარებინა. ამან დამანახა, რომ საკმაოდ კარგად შემეძლო აუდიტორიასთან თავდაჯერებულად წარდგომა. მივხვდი, რაოდენ სასიამოვნო გრძნობა და პროცესია, როცა ცოდნას აზიარებ. მას შემდეგ კიდევ უფრო დავინტერესდი ამ პროფესიით და ის საგანი ავირჩიე, რომელიც სკოლაში ყველაზე მეტად მაინტერესებდა, – ეს ისტორია იყო.

– თქვენი, როგორც პედაგოგის პირველი დღე სკოლაში?

– პირველი დღე სკოლაში საცდელი გაკვეთილით დაიწყო, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები და კმაყოფილება, რაც მოსწავლეებისგან და შემფასებელი კომისიისგან მივიღე, რომლის ერთ-ერთი წევრი ამავე სკოლის დირექტორი გახლდათ.

– როგორც ვიცი, დამრიგებელიც ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?

– მოგეხსენებათ, დამრიგებლობა იმაზე მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, ვიდრე რომელიმე საგნის სწავლება, თუმცა, საბედნიეროდ, ჩემმა უნარებმა: კომუნიკაბელურობამ, გულწრფელობამ, უშუალობამ, დისციპლინამ, მუდმივმა თვითრეალიზებამ, თვითგანვითარებამ და, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა ეს საქმიანობა გამიადვილა. მოსწავლეებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჩამოვაყალიბე. მათთვის არ ვარ მხოლოდ დამრიგებელი, ვარ მეგობარიც, მრჩეველიც, მასწავლებელიც, მოსამართლეც, ექიმიც, ფილოსოფოსიც, ფსიქოლოგიც და ა.შ.

– რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ გამოწვევად მასწავლებლის პროფესიაში?

– ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან აზროვნებით, ემოციებით, ოჯახური მდგომარეობით, ფსიქო-სოციალური განვითარებით. მე კი, როგორც მასწავლებელი უნდა მოვერგო და მოვარგო გაკვეთილი თითოეულ მოსწავლეს, მიუხედავად მათი განსხვავებული ინტერესებისა, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა.

– როგორ ახერხებთ, რომ თქვენი საგანი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და გასაგები გახადოთ?

– ვცდილობ შევიტანო სახალისო და საინტერესო აქტივობები, როგორიცაა: კომიქსი, როლური თამაშები, ქვიზები, ვიდეო და ვიზუალური მასალები, დისკუსია, დებატები, ინტერვიუს მეთოდი და ამ ყველაფერს დამატებული ცოტა იუმორი. ვცდილობ, ისტორია ვასწავლო ნაწილ-ნაწილ და არა ერთიანად.

– რომელი ისტორიული პერიოდი ან თემაა თქვენთვის გამორჩეული და რატომ?

– ძალიან რთულია ისტორიის რომელიმე პერიოდზე არჩევანის გაკეთება, თუმცა, როგორც ქალი, გამოვარჩევდი მე-12 საუკუნის „ოქროს ხანას“, რადგან თამარ მეფის ეპოქა ყველა ქართველი და არამარტო ქართველი ქალისთვის, სამაგალითო უნდა იყოს. იგი ქალის სიძლიერის, სიბრძნისა და რწმენის სიმბოლო გახდა. მიუხედავად უამრავი წინაღობისა, მან იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ბევრმა მამაკაცმა თავისი მეფობის განმავლობაში და ეს მაშინ, როცა ქალის მმართველობა იშვიათი კი არა, დაუშვებელიც კი იყო. მან დაადასტურა, რომ სქესი არ განსაზღვრავს სიძლიერეს.

– როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებმა თქვენი მიდგომით ისტორია შეიყვარეს?

– დიახ. ყოველი კვირის ან თვის ბოლოს გამოკითხვას ვატარებდი, თუ როგორი იყო მათი დამოკიდებულება ისტორიისადმი გუშინდელთან შედარებით. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ჩემი მიდგომის დამსახურებით, უფრო გაიზარდა ინტერესი და სიყვარული ამ საგნისადმი. გარდა ამისა, ვატარებდი სტრატეგია 3,2,1-ს, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლეებს უნდა ჩამოეწერათ 3 რამ, რაც ჩემში ან ჩემი სწავლების მეთოდიკაში მოსწონდათ, 2 რამ, რაც არ მოსწონდათ და 1 რამ, რასაც შეცვლიდნენ ან პირიქით (რაოდენობაში არ იყვნენ შეზღუდული).

– როგორ გადაწყვიტეთ ტიკ-ტოკ პლატფორმაზე აქტიურობა და რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

– მოგეხსენებათ, დღესდღეობით ტიკ-ტოკ პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში, როგორც გასართობი ან შემეცნებითი საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, შემომთავაზეს ტიკ-ტოკის გადმოწერა და საცეკვაო ტრენდების გადაღება, რაზეც მიიღეს მტკიცე უარი, რადგან აქამდე არ მქონდა და შესაბამისად, არ ვიყენებდი ამ პლატფორმას. ჩემმა უარმა საკმაოდ გაანაწყენა მოსწავლეები, რამაც დამაფიქრა. გადავწყვიტე გადმომეწერა და დავკვირვებოდი ამ პლატფორმას. გარკვეული დროის შემდეგ, გადავწყვიტე გამეხსნა ტიკ-ტოკი და ამეტვირთა ვიდეო, თუმცა ეს არ იყო გასართობი ხასიათის, მას ჰქონდა მიზნობრივი, სასწავლო და ზოგადად, საგანმანათლებლო დატვირთვა, რომელიც მოსწავლეების გამოჩენის გარეშე წარმოაჩენდა ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას.

– როგორი გამოხმაურება გაქვთ გამომწერებისგან, რას გწერენ ყველაზე ხშირად?

– საზოგადოებისგან ნაკლებად წამოსულა ნეგატივი, პირიქით, ჩემი გამომწერებისგან უამრავი დადებითი შეფასება მიმიღია, რამაც კიდევ უფრო მომცა მოტივაცია.

– ეხმარება თუ არა მოსწავლეებს თქვენი ტიკტოკ-კონტენტი გაკვეთილების უკეთ გაგებაში?

– მოსწავლეები საკმაოდ ხშირად იყენებენ ტიკ-ტოკს, ამოწმებენ ჩემს გვერდს, კითხულობენ კომენტარებს. ვიდეოებს უამრავჯერ უყურებენ თავიდან და აქ გაჟღერებულ თითოეულ ისტორიულ დეტალს თითქოს სამუდამოდ იბეჭდავენ გონებაში. ტიკ-ტოკმა მათ მოტივაცია მისცა, მეტიც ისინი ტიკ-ტოკის ჯანსაღად გამოყენებაზე დაფიქრდნენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოჰქონდათ სკოლაში სხვა მასწავლებლების მიერ გაჟღერებული ინფორმაციები.

– წამოსულა თუ არა კრიტიკა საზოგადოების ან კოლეგების მხრიდან თქვენი ონლაინ აქტიურობის გამო?

– საზოგადოებისგან ყოფილა კრიტიკა დიალექტთან დაკავშირებით, რაც შეეხება კოლეგებს, მათგან კრიტიკა არ მიმიღია.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა ასწავლოს ისტორია თანამედროვე მასწავლებელმა, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოს?

– უნდა ეცადოს კრეატიულად და შემოქმედებითად მიუდგეს მოსწავლეებს. ისტორია არ უნდა იყოს მხოლოდ სახელებისა და თარიღების დამახსოვრების პროცესი, იგი უნდა გაუცოცხლო ბავშვს სხვადასხვა აქტივობით, იქნება ეს ვიდეო თუ ფილმი, უნდა გადაიტანო თანამედროვეობაში, გაავლო პარალელები ძველ დროსა და თანამედროვეობას შორის და ა.შ

– რა უნდა შეიცვალოს სასკოლო განათლების სისტემაში, რომ ბავშვებმა ისტორია და თუნდაც სხვა საგნები უკეთესად შეისწავლონ?

– ვფიქრობ, განათლების სისტემამ მასწავლებლის ინიციატივებისთვის ონლაინ გვერდი უნდა შექმნას. ამ ყველაფერმა შესაძლოა უკეთესობისკენ შეცვალოს საგნის სწავლების სპეციფიკა. როგორც ისტორიის მასწავლებელი, ვიტყვი, რომ კარგი იქნებოდა ისტორიის დამხმარე დისციპლინის – არქეოლოგიის შეტანა და განვითარება სკოლებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც ისტორიის სწავლებას, ისე მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.

– როგორ ხედავთ განათლების მომავალს საქართველოში?

– ვფიქრობ, განათლება საქართველოში კიდევ უფრო ფასეული გახდება მომავალში და ამავდროულად, კიდევ უფრო დაფასდება მასწავლებლის პროფესია. წინა პლანზე უფრო მეტად წამოიწევს მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებები და სოციო-ემოციური განათლება, რაც დღის წესრიგში დააყენებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვასა და განვითარებას.

– რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

– მოსწავლეები და მათგან მიღებული ემოციები, რაც ჩემი მოტივაციისა და ენერგიის მთავარი წყაროა.

– რა გეგმები გაქვთ მომავალში როგორც მასწავლებელს, ასევე, როგორც კონტენტ კრეატორს?

– მინდა პროფესიაში კიდევ უფრო მეტად განვვითარდე და მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, რომელიც მიმართული იქნება მომავალი თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ. კონტენტს რაც შეეხება, მინდა უფრო დავხვეწო საგანმანათლებლო კუთხით, რათა მოტივაცია მივცე როგორც მოსწავლეებს, ისე იმ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ამ პროფესიაში.

  • No Comments
  • ივნისი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *