ახალგაზრდა მასწავლებლის პედაგოგიური ფილოსოფია
ზვიად ჩხენკელი იმ მასწავლებელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც პროფესია უბრალოდ სამსახური არ არის. მასწავლებლობა ბავშვობიდანვე სურდა, შემდეგ დროებით მიივიწყა, სხვა ინტერესებმა გადაფარა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაბრუნდა იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო – საკუთარ სკოლაში. 30 წლის პედაგოგი დღეს იმავე კედლებში ასწავლის, სადაც ოდესღაც თავად იჯდა მერხთან და უსმენდა გაკვეთილს დავით აღმაშენებელზე, ალექსანდრე მაკედონელსა და რომის იმპერიაზე. ზვიადი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ისტორიას ასწავლის და ცდილობს, თარიღებსა და ფაქტებს მიღმა მოსწავლეებს თავისუფალი აზროვნება განუვითაროს. მისთვის ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის თხრობა, იგი ფიქრის, ანალიზისა და პიროვნული ზრდის გზაა. ახალგაზრდა პედაგოგი თანამედროვე თაობის პარადოქსებზე, სარწმუნოების როლზე, განათლების სისტემის პრობლემებსა და იმ უხილავ ბრძოლაზე გვესაუბრება, რომელსაც ბევრი მასწავლებელი ყოველდღიურად გადის.
– ზვიად, რატომ გადაწყვიტეთ ისტორიის მასწავლებლობა და როგორ აღმოჩნდით სასულიერო გიმნაზიაში?
– ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა დავამთავრე, ამ სასწავლებელს ხალხი უფრო მეტად სასულიერო გიმნაზიის სახელით იცნობს. სკოლაში არა მხოლოდ ისტორიის, არამედ სხვა საგნების ძალიან კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, რის გამოც პედაგოგობის სურვილი ჯერ კიდევ მე-7 კლასში გამიჩნდა, თუმცა სხვადასხვა გატაცების გამო, ეს ადრეული ჩანაფიქრი თანდათან მივივიწყე. მე-12 კლასში არჩევანის გაკეთების დრო რომ დადგა, მივხვდი, რომ ისტორიკოსობა საინტერესო პროფესია იქნებოდა; არ მიზიდავდა ოფისში მუშაობა და ერთფეროვანი გარემო. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა პირიმზე რურუამ შემატყობინა, რომ წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდში (ფერიის ბავშვთა სახლი) მასწავლებელი სჭირდებოდათ. მცირე ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ამ სფეროში ბედი მეცადა – ჩავთვალე, რომ ეს კარგი გამოცდილება იქნებოდა და თუ დავასკვნიდი, რომ ეს საქმე ჩემი არაა, სხვა გზას ავირჩევდი. ფერიაში ორი წელი ვიმუშავე, მოგვიანებით კი, როდესაც ჩემს მშობლიურ სკოლაში ვაკანსია გაჩნდა, აქ გადმოვედი. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი კურსელების დიდი ნაწილი საკუთარი პროფესიით არ მუშაობს. მას შემდეგ უკვე მე-11 წელი სრულდება, რაც ისტორიას ვასწავლი. როგორც ჩანს, მცირედი ძალისხმევა მეც გავწიე იმისათვის, რომ ამ პროფესიაში დავრჩენილიყავი.
– იყო თუ არა ადამიანი, რომელმაც შთაგაგონათ ამ პროფესიის არჩევა?
– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული პიროვნება დამეხმარა პროფესიის არჩევაში, გავლენა, ალბათ, უფრო მეტად ყველა ჩემს მასწავლებელს ჰქონდა, რადგან ყველანი განსხვავებულები იყვნენ, თუმცა ჰქონდათ საერთო – საქმის სიყვარული და მოსწავლეებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება.
– როგორ ახერხებთ ავტორიტეტის ისე მოხვეჭას, რომ მოსწავლეებთან მეგობრული კავშირიც შეინარჩუნოთ?
– ეს არ არის მარტივი შეკითხვა, რომელზეც არსებობს უნივერსალური პასუხი, რადგან მოსწავლეებთან ურთიერთობა ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად ყალიბდება. პირველ რიგში, ვცდილობ, მათ ყოველთვის მოვუსმინო, გავიაზრო მათი გულისტკივილი და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო. აუცილებელია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებაც, რადგან პუბერტატის პერიოდი (რასაც საზოგადოება გარდატეხის ასაკს უწოდებს) სწორედ სკოლის წლებს ემთხვევა. ამ დროს მასწავლებელი განსაკუთრებით ფაქიზი უნდა იყოს, რადგან თითოეულ სიტყვას, შენიშვნას ან პირიქით, გარკვეულ საკითხებზე თვალის დახუჭვას, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი ჰქონდეს. არ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს უშეცდომოდ ვაკეთებ, თუმცა მუდმივად ვფიქრობ ამაზე და მაქსიმალურად ვზომავ ყოველ სიტყვასა თუ მოქმედებას. მიმაჩნია, რომ თუ მოსწავლე ამ რთულ ეტაპზე მეგობრად მიგიღებს, შემდგომში მისთვის ავტორიტეტიც ბუნებრივად გახდები. ვცდილობ, სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელო.
– მოსწავლეებთან ასაკობრივი სიახლოვე გეხმარებათ თუ პირიქით, სირთულეებს გიქმნით?
– გააჩნია სიტუაციას, მოსწავლეებს, კლასს და ბევრ სხვა ფაქტორს, თუმცა, ვფიქრობ, რომ მასწავლებელთან ასაკობრივი სიახლოვე უფრო დადებითი ფაქტორია, რადგან თავადაც არ დამვიწყებია სკოლაში სწავლის პერიოდი, არც მეგობრები, კლასელები და სხვადასხვა სირთულე, რომელიც ზოგჯერ თავს იჩენდა. ეს ფაქტორი, ალბათ, უფრო მეხმარება, რადგან უფრო მარტივად შემიძლია, გავუგო მოსწავლეს და შევიდე მის მდგომარეობაში.
– რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
– მოსწავლეებთან ურთიერთობისას უპირველესი გულწრფელობაა. ვცდილობ, ყოველი სიტყვა საკუთარი საქმითა და ქცევით გავამყარო, რადგან მხოლოდ იმის ცოდნა – რა არის კარგი ან ცუდი, საკმარისი არ არის. მთავარია, როგორ ნერგავ ამ ცოდნას საკუთარ ცხოვრებაში. მხოლოდ თეორიული ცოდნით იმ მწიგნობრებსა და ფარისევლებს დავემსგავსებით, რომლებმაც ყველაფერი ზედმიწევნით იცოდნენ, თუმცა საჭირო დროს გულის გახსნა და ჭეშმარიტების აღქმა ვერ შეძლეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი ყურადღებას მხოლოდ გარეგნულ ფორმას აქცევდნენ და არა შინაგან არსს. პედაგოგისთვისაც სწორედ ეს შინაგანი მთლიანობაა გადამწყვეტი.

– როგორ რეაგირებთ კონფლიქტურ სიტუაციებზე კლასში?
– კლასში, ისევე როგორც საზოგადოებაში, კონფლიქტები გარდაუვალია -იქნება ეს მოსწავლეებს შორის თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. როდესაც დაპირისპირება მოსწავლეებს შორისაა, ვცდილობ, თითოეულ მხარეს ცალ-ცალკე მოვუსმინო, შემდეგ კი სიტუაცია ისე შევაჯამო, რომ რომელიმე მათგანი ერთმნიშვნელოვნად დამნაშავედ არ გამოვაცხადო. მიმაჩნია, რომ კონფლიქტში ბრალეულობა არასდროს არის ცალმხრივი. ვცდილობ, ორივე მხარეს ნაბიჯ-ნაბიჯ ავუხსნა, რა იყო მათი კონკრეტული შეცდომა. ასეთ დროს მოსწავლე, მაშინაც კი, თუ მეტად არის დამნაშავე, მაინც მენდობა, რადგან იცის, რომ სამართლიანად მივუდგები და ჩემი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსწავლესთან თავად დამიშვია შეცდომა მთელი კლასის თანდასწრებით. როდესაც ჩემი შეცდომა გავაცნობიერე, იმავე ფორმით – საჯაროდ მოვუხადე მას ბოდიში. თავიდან ვფიქრობდი, ხომ არ ჯობდა ამაზე პირისპირ გვესაუბრა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ასეთი ღიაობა მოსწავლეებსაც მიაჩვევს მთავარ პრინციპს: უშეცდომო არავინაა და გამოსწორების ერთადერთი გზა საკუთარი შეცდომის გააზრებაზე გადის.
– გახსენდებათ შემთხვევა, როცა მოსწავლისგან თავადაც რამე მნიშვნელოვანი ისწავლეთ?
– ფერიაში როდესაც ვასწავლიდი ისტორიას, მე-9 კლასში ერთი მოსწავლის ამბავი მახსენდება. გაკვეთილების შემდეგ ხანგრძლივი დროით მომიწია სკოლაში დარჩენა (მოსწავლეთა ნაწილი მთელი კვირა ან თვე რჩებოდა ხოლმე საერთო საცხოვრებელში),ყურადღება მივაქციე, რომ ერთი მოსწავლე მასზე გაცილებით პატარა ბავშვებს ესაუბრებოდა. კონკრეტულად საქმე მათ ქცევას და ჩაცმულობას ეხებოდა. ისე კარგად უხსნიდა, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში შესაბამისი ჩაცმულობა, როგორ მოეწესრიგებინა თავი, რომ მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. ეს მოსწავლე რამდენიმე წლის შემდეგ მასწავლებელი გახდა და დღეს საკმაოდ წარმატებული პედაგოგია.
– ცდილობთ, რომ გაკვეთილზე ისტორია არ იყოს მხოლოდ თარიღებისა და ფაქტების დამახსოვრება?
– ისტორია თანამედროვე სამყაროში აღარ არის მხოლოდ მშრალი თარიღების ცოდნა. ფაქტების ფლობა მხოლოდ საწყისია, რომელზეც ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები უნდა დაშენდეს. ჩემი მიზანია, მოსწავლეს გაუჩნდეს კითხვები: „რატომ მოხდა?“, „როგორ?“ და „რა კავშირი აქვს ამას დღევანდელობასთან?“. მნიშვნელოვანია, თავად გაიაროს ის გზა, რასაც ისტორიკოსი გადის: მოიძიოს წყარო, დაუკავშიროს მოვლენები ერთმანეთს, გამორიცხოს მცდარი ვერსიები და გამოიტანოს საკუთარი დასკვნა. გაკვეთილი არ უნდა სრულდებოდეს ზარის დარეკვით – მოსწავლეს კლასიდან გასვლისას ფიქრის საბაბი და ახალი ინტერესი უნდა მიჰყვებოდეს.
– რა მეთოდებს იყენებთ, რომ მოზარდებს კრიტიკული აზროვნება განუვითარდეთ?
– კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად აქტიურად ვიყენებ პირველწყაროების კრიტიკულ ანალიზს და ემპირიულ (გამოცდილებით) სწავლებას. ვცდილობ, ისტორია „ხელშესახები“ გახდეს, რადგან როდესაც მოსწავლე თავად მონაწილეობს პროცესში, ის უფრო კრიტიკულად აფასებს მოვლენებს. მაგალითად, მეტალურგიის შესწავლისას ცვილის ყალიბის დამზადებით მოსწავლეებმა დაინახეს არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის ტექნოლოგიური სირთულეები, რაც იმ ეპოქაში არსებობდა. თაღოვანი ხიდის მოდელმა კი, რომელიც ლურსმნებისა და წებოს გარეშე უძლებს სიმძიმეს, მათ აიძულა, ეფიქრათ ფიზიკისა და ინჟინერიის კანონებზე ისტორიულ კონტექსტში.
გარდა ამისა, სადებატო კლუბები და კონფერენციები (სადაც ჩვენი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ) პირდაპირ ემსახურება საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას, გასვლითი გაკვეთილები კი (გონიო, პეტრა) მათ ეხმარება, წიგნში წაკითხული ინფორმაცია რეალობას შეადარონ და თავად გამოიტანონ დასკვნები. ეს ყველაფერი ასწავლის არა მხოლოდ ინფორმაციის პასიურ მიღებას, არამედ მის დამუშავებას, ეჭვქვეშ დაყენებასა და ანალიზს.
– გაქვთ თუ არა საყვარელი თემა ან ეპოქა, რომლის სწავლება განსაკუთრებით გახარებთ?
– მსოფლიო ისტორიაში ორი თემა მიყვარს განსაკუთრებულად -ალექსანდრე მაკედონელი და რომის იმპერია. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეზობელმა ბუხარში დასაწვავად მაკულატურა მოგვიტანა. აქ ვნახე პლუტარქეს „პარალელური ბიოგრაფია“. ავტორის სახელი მეცნო და კითხვა დავიწყე. ძალიან საინტერესოდ იყო გადმოცემული ისტორია, რამაც ჩემში წარუშლელი კვალი დატოვა. საქართველოს ისტორიიდან ყველაზე მეტად გამორჩეულია დავით აღმაშენებლის ეპოქა. ზედმიწევნით მახსოვს ჩემი მასწავლებლის მიერ ახსნილი ეს პერიოდი. მას შემდეგ ამ თემას მხოლოდ დეტალები შევმატე უნივერსიტეტში, ასევე დამოუკიდებლად სწავლებისას, მაგრამ ძირითადი ნაწილი სწორედ გაკვეთილიდან მახსოვს. დავითის შემთხვევაშიც ძალიან მომწონს მისი ისტორიკოსი, რომელიც უაღრესად განათლებულია, იცის მსოფლიო ისტორია და მისი შედევრები. მაგალითად, დავითის ისტორიკოსი ამბობს: „არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“. აქ საუბარია იმაზე, რომ აქილევსი იმიტომ კი არ იყო დიდი, რომ მართლა ასეთი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას ჰყავდა დიდი მაქებელი ჰომეროსი. ანუ დავითის ისტორიკოსი აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამბავთა აღწერას და დავითის შემთხვევაში, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, რაიმეს გაზვიადება არც იყო საჭირო. შესაბამისად, დავითის ცხოვრებაც საუცხოოდ აქვს აღწერილი.

– როგორია თქვენი თვალთახედვით ახალგაზრდა თაობა?
– დღევანდელი ახალგაზრდები პარადოქსულ ეპოქაში ცხოვრობენ: მათ აქვთ უკიდეგანო წვდომა მსოფლიოზე, თუმცა სამყაროსთან სრულიად მარტონი დარჩნენ. ტექნოლოგიებმა წაშალა ის დამცავი ფილტრები (ოჯახი თუ ტრადიცია), რაც ადრე ადამიანს ინფორმაციულ ოკეანესთან პირისპირ დარჩენისგან იცავდა. შედეგად, მათ შეიძლება მეტი იცოდნენ უცხო პერსონებზე, ვიდრე საკუთარ ახლობლებზე და შორეულ ტრაგედიებს უფრო განიცდიდნენ, ვიდრე გვერდით მყოფთა ტკივილს, თუმცა ამ იზოლაციამ საოცარი ადაპტაციის უნარი და მოქნილობაც შესძინა მათ. ისინი მყისიერად იცვლიან პროფესიას და ქმნიან იმას, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს არის თაობა, რომელიც ერთდროულად ყველაზე მყიფე და ყველაზე ძლიერია. ისინი ეძებენ საკუთარ თავს სამყაროში, სადაც კავშირი ბევრია, მაგრამ ნამდვილი სიახლოვე – დეფიციტური.
– თქვენი აზრით, რა როლი ენიჭება სარწმუნოებას ახალგაზრდის პიროვნულ ჩამოყალიბებაში?
– წელს ქართლის მოქცევიდან 1700 წელი სრულდება. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართული იდენტობისა და ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვან, განუყოფელ კავშირს. ისტორიული გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს: ერის ერთიანობა და განვითარება ყოველთვის სულიერ სიმტკიცესთან იყო გადაჯაჭვული. ადამიანისთვის, როგორც სულისა და სხეულის ერთიანობისთვის, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა ვერასდროს იქნება საკმარისი. სამყაროში არსებული უსამართლობის ფონზე, სწორედ სარწმუნოებაა ის ურყევი საყრდენი, რომელიც სირთულეების გადალახვაში გვეხმარება. იგი გვასწავლის, რომ სულიერი ორიენტირი სხეულისაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღევანდელ ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ავტორიტეტი, რომელიც ყოფიერებაზე მაღლა დგას და მის მიღმაა. სწორედ ქრისტიანობაა იმ უზენაეს ღირებულებათა სისტემა, რომელიც ადამიანს ცხოვრებისეულ ქაოსში გზას უნათებს და მის არსებობას ღრმა, სულიერ შინაარსს ანიჭებს.
– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ახალგაზრდა მასწავლებლისთვის დღეს?
– ჩვენს რეალობაში მასწავლებლის შრომა არასაკმარისად ფასდება, რაც სპეციალისტს ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე აყენებს. მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ ერთ სამსახურშია დაკავებული, ვერ ახერხებს ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას და, შესაბამისად, ვერც პენსიაზე გასვლას განიხილავს თავისუფალ არჩევნად. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, პედაგოგებს უწევთ რამდენიმე ადგილას მუშაობა ან დამატებითი საქმიანობის მოძიება. ეს მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის იწვევს დროის მწვავე დეფიციტს და ემოციურ გადაწვას, რაც, საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე.

– როგორ ფიქრობთ, რა აკლია ან რა სჭირდება თანამედროვე განათლების სისტემას?
– ჩვენ ვართ ინფორმაციულ ეპოქაში და ვსწავლობთ ინდუსტრიული ეპოქის ინფრასტრუქტურით. თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სკოლების სიმცირე და კლასებში მოსწავლეთა გადამეტებული რაოდენობაა. ქალაქის სკოლებში მოსწავლეთა რიცხვი ხშირად 40-ს აღწევს, ან აჭარბებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე სწავლების პრინციპებს. ტრადიციული სასკოლო მოდელი იმ ეპოქაში შეიქმნა, როდესაც მთავარი მიზანი ინფორმაციის მასობრივი გადაცემა იყო. მაშინ მასწავლებელი ცოდნის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. დღეს კი, როდესაც ინფორმაციაზე წვდომა ყველასთვის შეუზღუდავია, სკოლის ფუნქცია შეიცვალა – მან მოსწავლეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და კრიტიკული აზროვნება უნდა ასწავლოს. თანამედროვე განათლება პერსონალიზებულ, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია 40-მოსწავლიან კლასში.
– რა გაძლევთ მოტივაციას მაშინ, როცა რთული დღე გაქვთ?
– რთულ დღეებში იმას ვაკეთებ, რასაც სოლომონ ბრძენი, ვამბობ, რომ ესეც გაივლის.
– როგორ ახერხებთ პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსებას?
– ვერ ვახერხებ (იცინის).
– არის რამე სტერეოტიპი ახალგაზრდა მასწავლებელზე, რომელიც გაღიზიანებთ?
– მე როდესაც მასწავლებელი გავხდი, მაშინ ეს პროფესია ნაკლებად პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის, ამიტომ ხშირად დაუსვამთ კითხვა, რად გინდოდა მასწავლებლობა, ათასი სხვა პროფესია არსებობსო. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა ცოტათი შეიცვალა.
– რა გეგმები გაქვთ?
– მომავალში იუთუბ არხის შექმნას ვფიქრობ, სადაც გავაერთიანებ ისტორიკოსობას, მასწავლებლობას, მოგზაურობისადმი სიყვარულს და პატარ-პატარა დოკუმენტურ ფილმებს შევქმნი, ისტორიულ მოვლენებს გავაცოცხლებ.
მარიამ ხითარიშვილი