„ახალგაზრდებს  ყოველთვის დავუჭერთ მხარს თავიანთი იდეების განხორციელებაში“
By

„ახალგაზრდებს  ყოველთვის დავუჭერთ მხარს თავიანთი იდეების განხორციელებაში“

მამუკა თურმანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ქედის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს. მანამდე, 2024 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით, ქედის მუნიციპალიტეტიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი (დელეგატი) იყო, სადაც ერთი წელი დაჰყო. საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში არჩევამდე, მან  ფრიად საინტერესო გზა განვლო – წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, შემდეგ კი წარმატებით ხელმძღვანელობდა  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოგვიანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი „აჭარასთან“ საუბრობს.

ბატონო მამუკა, რით ახსნით ქედელი ამომრჩევლების დიდ მხარდაჭერას  თქვენი და საკრებულოს წევრების მიმართ?

– ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო ქედის მუნიციპალიტეტის მერი. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წელი თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომით ჩავერთო თითოეული  ქედელის  სამსახურში. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 110-მდე შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან, დადებითად და ემოციურად დავიტვირთე. ვიყავი ქედის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ვგრძნობდი თითოეული ჩემი მოქალაქის თანადგომას და მხარდაჭერას.  დიდი ნდობის შედეგია ის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით, ამომრჩეველთა გამოცხადებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქედის მუნიციპალიტეტს ჰქონდა.

– წინასაარჩევნოდ, თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებების  სისრულეში მოსაყვანად, რის გაკეთებას აპირებთ?

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ რთული ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო მთიანი აჭარის სოფლები მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება. აუცილებელია, მაქსიმალურად შევამციროთ მიგრაცია და ხელი შევუწყოთ მოსახლეობას, რომ წინაპართა ადათ-წესები, ტრადიციები, მიტოვებული მიწები გააცოცხლონ და მომავალ თაობებს გადასცენ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს მარტივი საქმე არაა, თუმცა ქვეყნისა და რეგიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ყველაფერია შესაძლებელი. მერისის ხეობის ერთ-ერთი შორეული დასახლებაა სოფელი ნამონასტრევი. იმისათვის, რომ იქ ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდეს, აუცილებელია ავითვისოთ მთა ღომას ტურისტული პოტენციალი. სოფლამდე მოწესრიგებული გზა რომ გაკეთდება, ვიზიტიორებისა და ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ქედაში მოყვანილ ჩხავერსა და ცოლიკაურს ბადალი არ ჰყავს. მეტი ფართობი უნდა დაეთმოს ვაზს, მოცვს, თხილსა და ნახევრად სუბტროპიკულ კულტურებს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია სოფელ გარეტყის ფერმერების შრომა – აქ სოციალური დახმარებით არავინ სარგებლობს. ისინი გონივრულად იყენებენ მიწას და მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეული უკვე მეზობელ ქვეყანაშიც ცნობილია. მე ქედელი კაცის სიტყვისა და საქმის მჯერა. ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, სადაც ქედელმა ფეხი დადგა, შრომა არასდროს უთაკილია. საქმეს ყოველთვის სირთულე და პრობლემა ახლავს, თუმცა ეს მხოლოდ წინსვლის დამადასტურებელია. შეხვედრებისას ვგრძნობდი, რომ ამომრჩევლები არ დაგვაღალატებდნენ. ისინი არა მხოლოდ გვისმენდნენ, არამედ საკუთარ მოთხოვნებს, წინადადებებსა და სურვილებს გვიზიარებდნენ. მრავალი საკითხი სამუშაო რეჟიმში გადავწყვიტეთ, თუმცა ამას საკმარისად არ მივიჩნევ. არსებული პრობლემებისა და წინადადებების ნუსხა ხელთ გვაქვს და მათ განხორციელებაზე ეტაპობრივად ვიმუშავებთ. ქედაში გავიზარდე და აქაურებთან სიახლოვე, ურთიერთობები და ნდობა ყოველთვის მქონდა. ასევე, კარგად ნაცნობია მათი მოთხოვნები და პრობლემები. მახსოვს, 7–8 წლის წინ მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები გზის, წყლისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო. დღეს მათი ხედვა გაცილებით ფართოა, ისინი მხოლოდ ერთი სოფლის ან მუნიციპალიტეტის პრობლემებზე აღარ ფიქრობენ. მათი ყურადღება ქვეყნის მომავლისკენ. მოსახლეობის კეთილდღეობისკენ და სამშობლოს ინტერესებისკენაა მიმართული.

უკვე ყველამ კარგად იცის მახუნცეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლის შესახებ. ანალოგიური ტერიტორიები მუნიციპალიტეტში მრავლადაა. რას ფიქრობთ მათ ამოქმედებაზე?
ქედის მუნიციპალიტეტი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კუთხეა აჭარაში. ქედა ტურისტების სიმრავლით, ოთხივე სეზონზე გამორჩეულია, განსაკუთრებით, მახუნცეთის ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მეტი ტურისტული ობიექტის შექმნა და ახალი მარშრუტების მოწყობა. მუნიციპალიტეტში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, მარნები და მუზეუმები, მდიდარი ფლორა და ფაუნა, რაც ტურისტს წელიწადის ოთხივე დროს იზიდავს. ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ქედელი ფერმერების შრომისმოყვარეობა და მიწის რესურსის გონივრული გამოყენება. ჩემი ოჯახიც ამ ტრადიციის ერთგული რჩება. თურმანიძეების ზვრებში დაკრეფილი ჩხავერი და ცოლიკაური კარგადაა ცნობილი.

–  ოჯახის ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. თქვენ რა აზრის ხართ ოჯახურ ღირებულებებზე?

– ამომრჩევლის მხარდაჭერა მარტო ჩემი საქმიანობით არ იყო განპირობებული. მას საფუძვლად ედო ოჯახის, მშობლებისადმი, საზოგადოებისადმი ჩემი გულისხმიერი დამოკიდებულებაც. მამა სპეციალობით ინჟინერია, დედა – დიასახლისი, შვილებს ბავშვობიდან გვინერგავდნენ ადათ-წესების ერთგულებას, მშობლიური მიწის, შრომის სიყვარულს. სამი დედმამიშვილიდან დღეს ორნი დავრჩით, ორივენი  წინაპრების, ოჯახური ტრადიციების ერთგულებით მოვდივართ. მეუღლესთან ერთად, მეც ასეთი სულისკვეთებით ვზრდი შვილებს. მათში ვაღვივებთ პასუხისმგებლობის გრძნობას. ისინი  გამოირჩევიან სწავლით, თანატოლებისადმი კეთილი დამოკიდებულებით, რაც, მჯერა, მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო 4 წელი თავდაუზოგავად ვიშრომებ ჩემი ხალხის კეთილდღეობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელობას, ქვეყნისა და რეგიონის  პირველ პირებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

– მხარდამჭერთა შორის  ახალგაზრდების წილიც დიდი იყო. რის გაკეთებას ფიქრობთ მათი მომავლისთვის?

– ქვეყანა, პირველ რიგში, განათლებული, ერუდირებული ადამიანების შრომითა და ცოდნით უნდა აშენდეს. გვყავს ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდობა. მათი ცოდნა, ენერგია და უნარები ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ თავს ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში: განათლებაში, ჯანდაცვაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ვიზრუნებთ, რომ ისინი მეტად ჩაერთონ სხვადასხვა სახელმწიფო და რეგიონულ პროგრამასა თუ პროექტში, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ხვალინდელი დღე. ჩვენ ახალგაზრდებს ყოველთვის დავუჭერთ მხარს თავიანთი იდეების განხორციელებაში.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *