ახალი წიგნები „ნაღვარევი“
შუახევის რაიონის შორეული მთისპირა სოფელია ნაღვარევი. აქ მრავალი ღირსეული პიროვნება აღიზარდა. წინა საუკუნის 70-იან წლებში ნაღვარევიდან 30 ოჯახი კახეთში გადავიდა საცხოვრებლად. იმ დროიდან მოყოლებული, სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ზამთრობით მხოლოდ 30-მდე ოჯახი რჩება. ამის მიუხედავად, საშუალო სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მოქმედებს ალტერნატიული ბაღი, მალე დასრულდება სოფელში მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ვითარდება ტურიზმი.
პროფესიით პედაგოგი ხასან ხილაძე შეეცადა წიგნით „ნაღვარევი“ წარმოეჩინა მშობლიური სოფლის წარსული და დღევანდელობა, სამზეოზე გამოეტანა იმ ადამიანების გვარ-სახელები, რომლებმაც ძალა და ენერგია არ დაიშურეს ნაღვარევისა და ნაღვარეველების საკეთილდღეოდ. 19 წლის წინ, აქაურმა ომარ ტაკიძემ, ამჟამად შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, სახალხო დღესასწაული წამოიწყო, რომელიც დღეს „ლელთობის“ სახელითაა ცნობილი. წიგნში მრავალ ნაღვარეველთან ერთად, ომარ ტაკიძის საქმიანობაზეცაა მოთხრობილი.
ნაღვარეველია 80 წელს გადაცილებული პოეტი იოსებ ქათამაძე, რომლის დამსახურებაზე ავტორი ბევრს წერს. წიგნი მისი ლექსით „ჩემი ნაღვარევი“ იხსნება:
„ნაირფერად დაწინწკლული კალმახები
ჭინჭაოს და ძაღიანის წყალში,
დასიცხული ზორბა, მურა კამეჩები
ჩაწოლილი მღვრიე ლელთის ტბაში“.
„ნაღვარევი“ ავტორის პირველი წიგნია. იგი ინდმეწარმე მაია ჯაველიძემ დაბეჭდა. რედაქტორია ჟურნალისტი ოთარ ფუტკარაძე.
ხასან ხილაძე წიგნის გამოსაცემად გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის შუახეველ ბიზნესმენებს ლევან მჟავანაძესა და ხვიჩა შარაშიძეს.