
ახალი წლიდან დენის ტარიფი იზრდება, მაგრამ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფებს შორის სრულად დაასუბსიდირებს
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება. სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაში ტარიფი საშუალოდ, 11 თეთრით გაიზარდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ მიხეილ ბოცვაძის თქმით, სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა.
,,მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფები. მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე, შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე” – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთას დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა განცხადება.
„მოგეხსენებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს შეფასებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს არის ფაქტი. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელი იყო ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე, როგორც წყალზე, ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე. ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ოჯახებს სოციალურ მიზნობრივ დახმარებას ვუწევთ. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ეხებოდა ელექტრო ენერგიას, გაზს, წყალს 4 თვის განმავლობაში მაშინ და ასეთი სუბსიდირება დღესაც მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ნოემბრიდან. ეს სუბსიდირება შეეხო საქართველოს 1.2 მლნ აბონენტს, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს 1.2 მლნ ოჯახს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის შემდგომი, ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ, ცხადია, უნდა უპასუხოს‘’, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ თემაზე გუნდში, ხელისუფლებაში, პარლამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, შედგა მსჯელობა და მიღებულია ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელიც დღეს სემეკმა დაადგინა, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. „საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95 პროცენტისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და არსებობს გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის ფასზე. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის საკვები პროდუქტების პირველად ადგილობრივ წარმოებაში, 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის, ნაზარდი ტარიფის 50 პროცენტი. „ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნებული იყოს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის საბოლოო ფასზე არ აისახება. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში გუნდში დიდი დისკუსიების შედეგად. მოგეხსენებათ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სოციალურად ზედმეტ წნეხად არ დააწვეს ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა და ასევე, ადგილობრივ წარმოებას, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც პირველადი მოხმარების ნებისმიერი სახის საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ტარიფის ზრდა არ აისახოს საბოლოოდ წარმოებულ პროდუქტზე. მოგეხსენებათ, პარალელურად დღეს პარლამენტში იწყება ბიუჯეტზე მსჯელობა და ჩვენ, პარლამენტარებთან ერთად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები აისახოს საქართველოს ბიუჯეტში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.