ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები – პარიზის პრესტიჟულ სცენაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ.
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები – ნუცა ხოზრევანიძე, გიორგი აბაშიძე და ანდრია კაპანაძე, საერთაშორისო ფონდის SOS Talents Foundation Michel Sogny 25 წლის საიუბილეო გალა კონცერტზე წარსდგნენ.
ღონისძიებას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში, ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro ვრცელი სტატია მიუძღვნა კონცერტს, სადაც ყურადღება გამახვილდა ფონდის მრავალწლიან წარმატებულ საქმიანობაზე. გალა კონცერტს ყოველდღიურად აშუქებდა Radio Classique.
კონცერტს თავად ელისო ბოლქვაძეც ესწრებოდა ფრანგ და უცხოელ კომპოზიტორებთან, კლასიკური მუსიკის ექსპერტებთან და ხელოვნების მოყვარულებთან ერთად.
ნორჩი პიანისტები პარიზში საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ და SOS Talents Foundation Michel Sogny-ის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ფონდის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა და მათი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.