ბათუმიდან სტამბოლში – ველოსიპედით…
By

ბათუმიდან სტამბოლში – ველოსიპედით…

19 წლის ბათუმელმა ბიჭებმა გიორგი მჟავანაძემ და თამაზ რომანაძემ, საკუთარი ძალების გამოცდისა და თავგადასავლების ძიების სურვილით, გადაწყვიტეს, შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე ასეულობით კილომეტრი ველოსიპედით დაეფარათ და სტამბოლამდე ჩასულიყვნენ. მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „აჭარასთან“ გიორგი მჟავანაძემ ისაუბრა.

ბათუმიდან სტამბლამდე ველოსიპედით წასვლის იდეა როგორ გაჩნდა?

– პირველად ველოსიპედით გასულ წელს ბათუმიდან-თბილისამდე ვიმოგზაურეთ და ამის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სტამბოლამდეც შევძლებდით ჩასვლას. ეს ერთგვარი გამოწვევა და საკუთარი თავის გამოცდა იყო.

– ამ მოგზაურობისთვის რამდენი ხანი ემზადებოდით?

– დაახლოებით, 2 კვირა. ვიყიდეთ ყველა საჭირო ინვენტარი და გავუდექით გზას.

– რამდენი დღე იყავით გზაში?

საშუალოდ, დღეში 70-80 კმ-ს გავდიოდით, რაც, ბევრი დამეთანხმება, ე.წ. MTB ბაიკებისთვის ძალიან კარგი შედეგია. გზაში 15 დღე ვიყავით და ზუსტად იმ დროში ჩავედით სტამბოლამდე, რასაც ვვარაუდობდით.

– გზის რომელიმე მონაკვეთი რთული ან საშიში ხომ არ იყო?

– ველომოგზაურობას სირთულეებიც თან ახლავს. ამ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა არც მანძილია და არც დაღლილობა, არამედ – ზაფხულის აუტანელი სიცხე და დაუნდობელი აღმართები. გზაზე ჩრდილი იშვიათად გვხვდებოდა, ჰაერი არ იგრძნობოდა და თითოეული ამოსუნთქვა ენერგიას გვართმევდა. როცა ცხელა, ყველაზე მეტად გინდა გაჩერდე, უბრალოდ ჩამოჯდე სადმე და აღარ გააგრძელო გზა, მაგრამ აღმართს დაღმართი მოსდევს და ეს გვაძლევდა სტიმულს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის მორალური მხარდაჭერა. ასევე, ძალიან საშიში იყო თავად მაგისტრალი, თურქი სატვირთოს მძღოლები ძალიან ცუდად დადიოდნენ და საფრთხეს გვიქმნიდნენ.

– რომელი ადგილი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ?

– განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა ქალაქი სამსუნი, სადაც 1 დღე დავრჩით კარავში. ადგილობრივმა ფერმერებმა ძალიან თბილად მიგვიღეს, გაგვიმასპინძლდნენ და ველოსიპედიც შეგვიკეთეს, რაც დიდი იშვიათობაა.

– როგორ გეგმავდით გადაადგილების განრიგს?

– დილის 8-9 საათზე ვაგრძელებდით მოგზაურობას, რადგან გეგმა გვქონდა, დილის 12 საათამდე 25-30 კმ გაგვევლო. შუადღისას, ორი საათით, ვჩერდებოდით, ვისვენებდით, ვსადილობდით და
საღამოს 5 საათიდან გზას ვაგრძელებდით ღამის 11 საათამდე. ხშირად ღამის 2-3 საათამდეც გვივლია.

– ტექნიკური პრობლემა ხომ არ შეგხვედრიათ?

– სამწუხაროდ, კი. საბურავები თითქმის ყოველ 20-30 კილომეტრზე გვეფუშებოდა, იმიტომ, რომ ყველგან ტრაილერის საბურავის ნაფლეთები ეყარა, მავთულის მსგავსი მეტალი საბურავს გვიზიანებდა და მოგზაურობას აფერხებდა.

რა გაძლევდათ ყველაზე დიდ სტიმულს?

– ჩვენთვის მთავარი იყო გზის გაგრძელება. ერთმანეთს ვანუგეშებდით და ვამხნევებდით, რომ ამას შევძლებდით, რა ძალისხმევაც არ უნდა დაგვჭირვებოდა. ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ვდებდით მოგზაურობის ვიდეოებს, რომლებსაც ათასობით დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენი გამომწერების დადებითი კომენტარები უდიდეს მოტივაციას გვაძლევდა. აქვე უნდა აღვნიშნო ქართველი სატვირთოს მძღოლების თანადგომაც.

– რა ემოცია დაგეუფლათ, როცა სტამბოლში საკუთარი ძალებით ჩახვედით?

– ძალიან ემოციური მომენტია, როცა ბათუმიდან დაწყებული გზა სტამბოლში სრულდება. ეს არ იყო უბრალოდ ქალაქი რუკაზე, ეს იყო ჩვენი გამარჯვება, ჩვენი თავგადასავლის ფინალი, მიზნის მიღწევა, დაღლილობის, სიხარულის და სიამაყის შერწყმა. სტამბოლის განაპირა ქუჩებში ველოსიპედით შესვლა ისეთივე ამაღელვებელი იყო, როგორიც დიდ სცენაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაა.

– გყავდათ სპონსორი თუ საკუთარი ხარჯებით იმოგზაურეთ?

– თავიდან ჩვენი ხარჯებით წავედით, თუმცა სიძვირის და იმის გამო, რომ მაღაზიებში ფასებთან დაკავშირებით გვატყუებდნენ, ფული გამოგველია. დახმარება სოციალური ქსელით ხალხს ვთხოვეთ და უკუკავშირმაც არ დააყოვნა, ასევე, დაგვიკავშირდნენ ქართველი იუთუბერები (,,Hungryman“ – ასე ჰქვია მათ არხს), რომლებმაც სასტუმროს ხარჯები დაგვიფინანსეს და ამით უფრო მეტი სტიმული მოგვცეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყო და დაგვეხმარა, მადლობა გადავუხადო.

– კვლავ გეგმავთ ველოსიპედით მოგზაურობას?

– სტამბოლში მოგზაურობამ ახალი იდეები გაგვიჩინა და გვაჩვენა, რამდენად შორს შეიძლება წასვლა, როცა მიზანი გაქვს. ვიცით, რომ ისევ ვიქნებით გზაში ორი ბორბლით, ზურგჩანთით და იმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თავგადასავლების სიყვარულით, თუმცა ამას მხოლოდ ჩვენი ხარჯებით ვერ გავწვდებით. გაგვიხარდება, თუ სპონსორი გამოგვიჩნდება და დაგვეხმარება ჩვენი გეგმების განხორციელებაში.

– ამ მოგზაურობამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა გასწავლათ?

– ამ მოგზაურობით ვისწავლეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მიდიხარ, მთავარია, არ გაჩერდე. გავხდით მეტად თავდაჯერებულები და ვისწავლით მოთმენა. თუ მოთმინების უნარი მოგზაურს არ აქვს, ის ძალიან დიდი სტრესის წინაშე აღმოჩნდება.

– რას ურჩევდით სხვებს, ვინც ველომოგზაურობაზე ფიქრობს?

– ჯერ მორალურად და ფიზიკურად მოემზადონ. ყველაზე რთული ნაბიჯი პირველი ბორბლის დატრიალებაა, ყველაფერი დანარჩენი გზაში მოდის. უმჯობესია, ველოსიპედის კარგად მართვა ისწავლონ, გაიაზრონ რისკები და ის სირთულეები, რომლებიც შესაძლოა, გზაზე შეხვდეთ.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *