
ბათუმის ბიუჯეტის 2025 წლის გადასახდელები 10 მლნ 523 ათასი ლარით გაიზარდა
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხა, – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის საკრებულო ავრცელებს. კერძოდ, მათივე ცნობით, ცვლილება შევიდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ცვლილებები აისახა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის, ქალაქის გამწვანების, სპორტული კლუბების დაფინანსების, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის, მუნიციპალური სერვისის გაუმჯობესების, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის და დადგენილებით დამტკიცებულ სხვა ღონისძიებებში.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში. ცვლილების მიხედვით, საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმას დაემატა რამდენიმე ობიექტი.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის – „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“ (BSB00961 – Blue&Green Resilience) – ფარგლებში შესაბამის საგრანტო/საპარტნიორო შეთანხმებების ხელმოწერაზე, 218.839,32 ევროს გრანტის მიღებასა და 24,315.5 ევროს ოდენობის თანხის თანამონაწილეობაზე.
ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში. აღნიშნული ცვლილებებით განხორციელდა საკრებულოს რეგლამენტის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სახელწოდება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში. კერძოდ, შენობა-ნაგებობის გამაგრებისას ან/და ობიექტის ავარიულობის დადგენის შემთხვევაში მოსახლეობის ქირით გაყვანის სამთვიანი ვადა შეიცვალა ოთხთვიანი ვადით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს, პირდაპირი განკარგვის წესით, სამი წლის ვადით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ (ჯამში 21 ლოკაცია) გარე განათების ბოძებზე მობილური და მობილური ინტერნეტის კავშირის ანტენისა და აპარატურის განთავსების მიზნით შპს ,,მაგთიკომისთვის“ ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის შესაბამისად, ნებართვით სარგებლობის წლიური საფასური 40 000,0 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დღესვე, საკრებულომ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2025 წლის შეფასებიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრა.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემას და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციას.
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის გეგმების მონახაზების კონცეფცია. განკარგულების მიხედვით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელთანაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით მიწოდებასთან დაკავშირებით, ვალდებულია განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის ეტაპზე გაითვალისწინოს განკარგულებაში ასახული რეკომენდაციები.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილში) და განკარგულებით დაამტკიცა მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების ახალი რუკა თანდართული რედაქციით.
ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით – „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების, ასევე, ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესში, დადგენილების დანართის შესაბამისად.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2021 წლის 16 სექტემბრის დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, შპს „გონიო 2020“, მის დაინტერესებაში არსებულ გეგმარებით ერთეულში განლაგებული ნაკვეთების განვითარების მიზნით, გეგმავს დაბალი ინტენსივობის სამი მიწისზედა და ერთი მიწისქვედა სართულების მქონე ელიტური ვილების მშენებლობას, რისთვისაც საჭირო გახდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება. ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების სანაცვლოდ, გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ განსაზღვრულია 4772,0 კვ.მ ფართის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ასევე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მითითებულ ადგილას, საკუთარი ხარჯებით, 25-ადგილიანი ღია ავტოსადგომის მოწყობა, არაუმეტეს 500 კვ.მ ტერიტორიაზე.
ცვლილება შევიდა, ასევე, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 13 თებერვლის დადგენილებაში. გეგმარებით ერთეულზე, ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა 20-ში არსებული მიწის ნაკვეთზე, დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების მრავალსართულიანი შენობისა და დახურული ავტოსადგომის განთავსება, რომლის განხორციელებაც საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას.
საკრებულომ, ასევე, განაშენიანების დეტალური გეგმები დაამტკიცა ქალაქ ბათუმის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ: ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის I ჩიხის N16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე; ქალაქ ბათუმში, აფსაროსის II შესახვევის N10თ-ს მიმდებარედ, 10ი/10ბ/10ე/10ვ/10ზ/2ო/2ო-ს მიმდებარედ, დასახლება ახალსოფელში წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე; „ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. 39, 41ა, 41ბ, 43 და 43-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე (გოგებაშვილის ქ.N1გ-ში, გოგებაშვილის ქ. N1დ/1ე/ზღვისპირა პარკის ტერიტორია/ნავსაყუდელის ტერიტორიაზე, ბარბიუსის ქ. N6-ში) მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმაში და ასევე, დაამტკიცა (ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N15, N15ა, N17, N19, N21, N23, N25, N25ა, N27, თბილისის გზატკეცილი N15) სოფელ განთიადისა და დაბა მახინჯაურის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმში, დასახლება ადლიაში: ადლიის ქ. N5-ში, ადლიის ქ. N10-ში, ადლიის ქ. N12-ში, ადლიის ქ. N12-ის მიმდებარედ და ადლიის ქ. N8-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაში. განკარგულების მიღებით განხორციელდა საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის (სზ-3) ცვლილება ცენტრალური ზონით (შზ-2).
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ზუბალაშვილის ქ. N20–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაუთ ასამბაძის სახელობის მემორიალური დაფა განთავსდება.