ბათუმის ბულვარი – ყოველდღიური შეხვედრის ადგილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის
By

ბათუმის ბულვარი – ყოველდღიური შეხვედრის ადგილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის.

დღეს გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველ დილით, წვიმასა თუ ქარში იკრიბებიან და ინსტრუქტორის დახმარებით, 7-ის ნახევრიდან 8 საათამდე ვარჯიშობენ. 45-დღიანი ე.წ. მარათონის დასრულების შემდეგ, ახალი წრე იწყება და ასე გრძელდება მანამ, სანამ მონაწილე სასურველ ფიზიკურ შედეგს არ მიაღწევს.
ბონდო მამულაძე, 36 წლის, 45-დღიანი მარათონის ორგანიზატორი, ინსტრუქტორი:

– პანტომიმის თეატრის ყოფილი მსახიობი ვარ. მასწავლიდნენ ამირან შალიკაშვილი, ზურა სვანაძე, თამაზ ბეჟანიძე და აქედან გამომდნარე, ვფიქრობ, მაქვს ჯანსაღი ამბიცია, ადამიანებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რასაც სხეულის ენა ჰქვია. ასევე, ვარ ჯანსაღი ჩვევების მენტორი და მავნე ჩვევებზე დამოკიდებულ ადამიანებს ვეხმარები მათგან გათავისუფლებაში.

წლებია სისტემატურად ვვარჯიშობ. ერთ დღესაც შევხვდი ქალბატონ ირმა ქონდარიძეს, რომელიც ბულვარში დამოუკიდებლად ვარჯიშობდა, მაგრამ – არასწორად. შევთავაზე, ჩემთან ერთად ევარჯიშა და ისიც დამთანხმდა. შემდეგ სოციალურ ქსელში ავტვირთეთ დილით ბულვარში ვარჯიშის ვიდეოები, რამაც ბევრი დააინტერესა და ხედავთ, უკვე რამდენიც ვართ. რაც შეეხება 45-დღიან მარათონს, იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ამდენი ადამიანი გაწევრიანდა ჩვენს დიდ ოჯახში. 45 დღის მანძილზე დილით ვვარჯიშობთ, შემდეგ „ჰერბალაიფის“ კლუბში მივდივართ და მივირთმევთ ნუტრიციულ საკვებს, რაც შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებს და წყალს. ჩვენ ერთ ოჯახად ვიქეცით და ერთმანეთის პრობლემებსაც ვიზიარებთ, ვცდილობთ, ერთად მოვაგვაროთ.

ვიცი, რა შედეგის მიღწევა შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესით და ვარჯიშით. წლების წინ ვიყავი ონკოპაციენტი, დავამარცხე სიმსივნე და ამაში დიდად დამეხმარა, სწორედ, ჯანსაღი კვება და ვარჯიში. ამასთან, სხეულმა ტრანსფორმაციაც განიცადა, სხეულის ის ფორმები, რაც ახლა მაქვს, 20 წლის ასაკშიც არ მქონია. ვარჯიში, ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ფსიქოლოგიურადაც გვეხმარება, ამიტომ მას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის ცხოვრებაში.

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რასაც ისიც ემატება, რომ ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ამ მარათონმა უკეთესობისკენ შეცვალა. მცირე დროში დიდ შედეგზე გავედით და როცა ვხედავ მათ ბედნიერ სახეებს, მეც ვბედნიერდები.

მივმართავ თქვენს მკითხველს, შემოგვიერთდით, ჩვენთან ერთად ივარჯიშეთ და იცხოვრეთ ჯანსაღად. მათ ვეტყოდი, რომ ცხოვრება მშვენიერია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, რა პრობლემები და სტრესი გაიარეთ, ჩვენც მსგავსი გზა გამოვიარეთ და მზად ვართ, რომ გვერდით დაგიდგეთ.

ირმა ქონდარიძე, 48 წლის: – წლებია დამოუკიდებლად ვვარჯიშობ, ხან დარბაზში და ხანაც ღია სივრცეში, ზაფხულში გარეთ ვარჯიშს ვამჯობინებ. ბონდოს გაცნობის შემდეგ სწორად ვარჯიში დავიწყე და ამან შედეგიც გამოიღო. ბონდო, პირველ რიგში, მეგობარია და შემდეგ ინსტრუქტორი. იგი არ გაძლევს მოდუნებისა და ცუდად ყოფნის საშუალებას. როგორც გითხარით, დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი, მაგრამ ბონდოსთან სწორად მუშაობის შედეგად, თითქმის სამ თვეში, ისეთ შედეგს მივაღწიე, რასაც წლებია ვცდილობ. აქვე აღვნიშნავ, 9 წელია მაქვს დიაბეტი და ვარჯიში და სწორი კვების უნარის გამომუშავება მეხმარება მის მართვაში. დაავადების მქონე ადამიანები ფიქრობენ, რომ დიაბეტის მართვა შეიძლება მხოლოდ მედიკამენტით, თუმცა მთავარია ჯანსაღი წესით ცხოვრება. ყოველ დილას ვარჯიშით ვიწყებ, არ მაშინებს წვიმა, თოვლი და ქარი. ამ ასაკში ვარ ძალიან ენერგიული და თავს ჯანსაღად ვგრძნობ.

ჩვენ ვვარჯიშობთ ამინდის მიუხედავად, თუმცა ცუდი ამინდი ხელს გვიშლის. თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, კარგი იქნებოდა პატარა გადახურული სივრცე, სადაც ამინდის მიუხედავად ვივარჯიშებთ.

ვარჯიში უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აუცილებელი რუტინა, იგი არა მხოლოდ ფიზიკურად გვავითარებს, არამედ მენტალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც გვიხსნის.

 

თინა მამალაძე, 45 წლის: – ბონდოს და მისი ვარჯიშების შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და გადავწყვიტე, ყოველ დილით მათთან ერთად მევარჯიშა. უკვე დავასრულე 45-დღიანი მარათონი და მეორე წრე დავიწყე. აქ ისეთი კარგი გარემოა, რომ ბედნიერი ვარ მათთან შეხვედრით, ბონდოც არაჩვეულებრივი ადამიანია. თქვენს მკითხველს ვურჩევდი, ვისაც შესაძლებლობა აქვს, შემოგვიერთდეს და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს. თუ ვერ შემოგვიერთდებიან, სადაც შეძლებენ, იქ ივარჯიშონ, რადგან ამაზე კარგი არაფერია.

ანა საბულოა, 29 წლის: – მე ამ დიდ ოჯახში ორი დღის მოსული ვარ, ჩემი მეგობარი დადიოდა და მისი რეკომენდაციით მოვედი, მაგრამ ამ მცირე დროის მიუხედავად თავს ძალიან ენერგიულად და კომფორტულად ვგრძნობ. აქ დადებითი აურაა. თქვენს მკითხველს ვურჩევდი, რომ ჯანსაღად იცხოვრონ და არასდროს დაანებონ ვარჯიშს თავი.

ია სურმანიძე, 50 წლის: – მე-18 დღეა, ამ ადამიანებთან ერთად ვვარჯიშობ. სოციალურ ქსელში ბონდო ხშირად ტვირთავდა ვარჯიშის ვიდეოებს, ამიტომ მეც დავინტერესდი. თუ ჯანსაღად ცხოვრება გსურთ, ვფიქრობ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, იგი მხოლოდ ციფრებია. ყველა ასაკში უნდა ვიყოთ ჯანსაღად და ბედნიერად.

ინგა ირემაძე, 37 წლის: – დილის ვარჯიშების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე და 45-დღიან მარათონს თითქმის ვასრულებ. სულ მაინტერესებდა გარეთ ვარჯიში და გამიმართლა, რომ ეს ადამიანები გავიცანი. ზღვის ხედი ვარჯიშს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

სანდრო ბაჯელიძე, 13 წლის:

– 35-ე დღეა, ვვარჯიშობ. აქ მოსვლისა და ვარჯიშის გადაწყვეტილება დედაჩემის თხოვნით მივიღე. იმ დროს მჭირდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დახმარება და დედამ გადამაწყვეტინა, ამ ადამიანებთან ერთად მევარჯიშა. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ისე შევეგუე ყველა აქ მყოფს, რომ მათ ოჯახის წევრებად მივიჩნევ. ჩვენ ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ეს მეტწილად, ბონდოს დამსახურებაა. იგი არა მარტო საუკეთესო ინსტრუქტორი, არამედ საუკეთესო ადამიანიცაა. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ თანატოლებს, თუ გსურთ ჯანსაღად ცხოვრება, შემოგვიერთდით. აქ სრულდება ოცნებები. არა მარტო ფიზიკურად იცვლები, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემებიც ქრება.

მანუელა მემიშიში, 32 წლის: – ამ ადამიანებთან ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხვდი. 45-დღიან მარათონს ვასრულებ და უბედნიერესი ვარ. ვვარჯიშობ მთელი მონდომებით, დავიკელი შვიდი კილო, ვარჯიშთან ერთად, ვიკვებები ჯანსაღად და ვსვამ საკმარისი რაოდენობით წყალს. ვაპირებ, ეს რეჟიმი გავაგრძელო. უღრმესი მადლობა ბონდოს, რომელიც ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს.

მაკა კილაძე, 27 წლის: – 39-ე დღეა, ვვარჯიშობ, თავს ვგრძნობ მოტივირებულად და ჯანსაღად. ჩემს ცხოვრებაში 39 დღის წინ საოცარი პერიოდი დაიწყო. ამ მარათონში ჩართვა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე და ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.

 ინდირა ბოლქვაძე, 26 წლის: – ამ გუნდს მე-5 დღეა შემოვუერთდი და ძალიან მიხარია. ყოველ დილას ენერგიულად ვიწყებ, სამსახურის მიუხედავად, არც ერთ დღეს არ ვაცდენ, რადგან აქ მოსვლა ბედნიერებაა. ამ ამბის შესახებ გავიგე მეგობრისგან, რომელმაც დიდი რეკომენდაცია გაუწია ბონდოს მარათონს. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მასში უნდა ჩავრთულიყავი, თუმცა უფლის მადლიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *