ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის 89-ე თეატრალური სეზონი გაიხსნა!
By

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის 89-ე თეატრალური სეზონი გაიხსნა!

თეატრალური სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ და დირექტორის მოადგილე იმედა თავდგირიძემ შეკრებილ საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მალე სატელევიზიო სივრცეში ვიხილავთ საბავშვო, გასართობ, შემეცნებით თოჯინურ გადაცემას – ,,ყვითელი“ (პროექტის ავტორები – ირაკლი კიკვაძე, იმედა თავდგირიძე, სარეკომენდაციო ასაკი – სამი წელი და მეტი). აღსანიშნავია, რომ 26 სექტემბრიდან ამოქმედდება პროექტი – ,,თეატრალური კარცერ-ლუქსი“. სპექტაკლის ჩვენებები მოზარდებისთვის ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება.

თეატრის ფოიეში მოეწყო თოჯინების გამოფენა-მუზეუმი, სადაც გამოფენილია თოჯინები თეატრის, როგორც უკვე ისტორიული, ისე მოქმედი რეპერტუარიდან. ასევე, თეატრის სალაროში უკვე შესაძლებელია ხელნაკეთი, ნაქსოვი, ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების შეძენა. 89-ე თეატრალური სეზონის გახსნა ბათუმის თოჯინების თეატრს, აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნათია ბლაგიძემ მიულოცა.

– უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ამ თეატრში ვმუშაობ. ეს არის ჩემი მეოთხე სეზონი და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ყოველი სეზონი საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული. წელს, 89-ე სეზონის გახსნისას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეები დაგვემატა, მათ შორის ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მაყურებელს შევთავაზოთ ჩვენი სატელევიზიო პროექტი, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზეც გავა. ვფიქრობ, იგი ბავშვებს გაამხიარულებს და კიდევ უფრო შემეცნების კუთხით, დიდ ბიძგს მისცემს, რათა სამყაროც შეიცნონ და გაერთონ კიდეც. ასეთი პროექტი ბევრი არ არის ქართულ სატელევიზიო სივრცეში, აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი, როგორც თეატრალური, ასევე, სატელევიზიო გამოცდილებებით ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს. იგი მხოლოდ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. კიდევ ერთი სიახლეა – თეატრში დავამატეთ სეანსი 7 საათზე. ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე სპეციალურად მოზარდებზე მორგებული სპექტაკლები გაიმართება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი მოზარდი შემოგვიერთდება. პირველ სართულზე გავაკეთეთ პატარა მუზეუმი, გამოვამზეურეთ ჩვენი ძველი თოჯინები, რომლებიც მაყურებლისგან მივიწყებული იყო და ახლა როგორც ზრდასულ მაყურებელს, ასევე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ თავიანთი საყვარელი გმირები და დაათვალიერონ ჩვენი ძველი თოჯინები. ასევე, წარმოვადგინეთ ძალიან საინტერესო კონცეფცია, რომ თოჯინების თეატრმა აწარმოოს ხელნაკეთი თოჯინები. ბავშვებისთვის, თუ მშობლებს ექნებათ საშუალება, შეუძლიათ იყიდონ ხელნაკეთი, ნაქსოვი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელსაც დათო ტაკიძე ამზადებს. იმედი გვაქვს, რომ ეს პროდუქცია დიდ პოპულარობას მოიპოვებს. ოქტომბერში პრემიერისთვის ვემზადებით. დაიდგმება სპექტაკლი „პლატონი“, რომელსაც არმენ ოვანესიანი დგამს. ბათუმური სპექტაკლი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ჩვენს ქალაქში ისტორიას ქმნიდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ თემასთან შეხება. ცოტა რთულია ამ ამბის მოყოლა ზღაპარში, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ არმენი ყველაფერს შესანიშნავად მოუყრის თავს. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე მეთოჯინეა და ვფიქრობ, არ გაუჭირდება ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთება. გვაქვს კიდევ ერთი კარგი ამბავი – ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტზე, ყაზახეთის, თურქეთისა და საქართველოს თოჯინების თეატრალური დასები ერთად შევქმნით სპექტაკლს, რომელიც იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს პროექტი განხორციელდება აჭრის კულტურის სამინისტროს, ანკარის მუნიციპალიტეტის და ყაზახეთის კულტურის სამინისტროს დახმარებით, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.

– თოჯინების თეატრის 89-ე სეზონი გავხსენით, აღსანიშანვია, რომ 4 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით მესამე საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალს გავმართავთ, სადაც გარდა სახელმწიფო თეატრებისა, პირველად მიიღებენ მონაწილეობას ქართული კომერციული თეატრები. ჯერ მიღება არ არის დასრულებული, თუმცა უკვე შემოსულია განაცხადები ფესტივალში მონაწილეობაზე. საკმაოდ ბევრი უცხოური დასი გვეყოლება წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგია. 89-ე თეატრალურ სეზონზე ძალიან საინტერესო სიახლეებს ვთავაზობთ მაყურებელს, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილე იმედა თავდგირიძემ.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *