ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს სალომე ჯიჯავაძე უხელმძღვანელებს
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი ეტაპი იწყება – თეატრის დირექტორად სალომე ჯიჯავაძე დაინიშნა. იგი შემოქმედებით გუნდსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ ოფიციალურად წარუდგინა.
წარდგენისას ირმა აბულაძემ ახალ ხელმძღვანელს საპასუხისმგებლო მისია მიულოცა და ხაზი გაუსვა თეატრის მიერ წარმატებით გავლილ გზას.
– დარწმუნებული ვარ, სალომე თავისი გამოცდილებით, შესაძლებლობებით გუნდთან ერთად შეძლებს იმ წარმატებული და ღირსეული გზის გაგრძელებას, რაც თეატრმა გაიარა ბატონი ირაკლი კიკვაძის ხელმძღვანელობის დროს. მჯერა, ეს წინსვლა გაგრძელდება და თეატრი არაერთ წარმატებას კვლავ მიაღწევს, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სალომე ჯიჯავაძე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის კურსდამთავრებულია. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია უკვე არაერთ წარმატებულ დადგმას აერთიანებს როგორც ბათუმის დრამატულ თეატრში, ისე თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ამ სივრცესთან მისი პროფესიული ურთიერთობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, რაც ახალ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მნიშვნელობას მატებს.

სალომე ჯიჯავაძემ ნდობისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, სერიოზული გამოწვევაა.
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე და ამ ფაქტით ძალიან აღელვებული ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ, ვთქვა, რომ გუნდთან ერთად თავს გავართმევ. ამ თეატრმა თავი ძალიან შემაყვარა. აქ არის ის, რაც, ჩემი აზრით, ზოგადად, თეატრებში ნაკლებად გვხვდება – ერთსულოვნება. აქ მომუშავე მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი თავის საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებს და ეს ჩვენს დროში იშვიათია. დიდი ფუფუნებაა, რომ რეპეტიციაზე შესვლისას გხვდება ენთუზიაზმით სავსე მსახიობი, რომელსაც თავისი საქმე, გულით უყვარს, ეს ენერგია გადამდებია. ძალიან მინდა, მე და ჩემმა გუნდმა ახალი სიტყვა ვთქვათ ამ თეატრში. დიდი გეგმები გვაქვს და, რაც მთავარია, მსურს, მოზარდების ხაზი უფრო მეტად განვავითაროთ. მესმის, რამდენად საპასუხისმგებლოა ეს მიმართულება. მინდა, ვისაუბროთ იმ თემებზე და გავცეთ პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც მოზარდებს აქვთ და შესაძლოა, პასუხს ვერ პოულობენ. შევეცდებით, ამ პროცესში მაქსიმალურად დავეხმაროთ. რაც კარგი იყო, აუცილებლად გავაგრძელებთ. ძალიან მინდა, ეს თეატრი არ იყოს ლოკალური. ბატონი ირაკლის პერიოდში თეატრი ღია იყო ყველა ნიჭიერი რეჟისორისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი და ამ ხაზს აუცილებლად გავაგრძელებთ და გავაუმჯობესებთ. გვინდა, ვიაროთ გასტროლებზე, მივიღოთ სტუმრები – აზრების გაცვლა აუცილებელია, რათა სიახლეები გავუზიაროთ ერთმანეთს.
თოჯინური ხაზი აუცილებლად გაგრძელდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ეს თეატრი მიჰყვება და ამ საქმეს აქ ადამიანები საოცრად ემსახურებიან. ეს ცალკე სამყარო და განზომილებაა, რომელსაც ახლა მეც სიღრმისეულად გავეცნობი.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოზარდების მიმართულება იყოს განსაკუთრებით საინტერესო და წინ წამოწეული. ეს ბატონ ირაკლისაც ჰქონდა ჩაფიქრებული – დაიდგა სპექტაკლი „ოჯახი“, რომელიც სწორედ მოზარდებზე იყო გათვლილი. მსურს, საღამოს სეანსებიც უფრო აქტიურად დაინერგოს, რათა მოზარდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათთვის საინტერესო თემებზე მოსვლას და კითხვებზე პასუხის მიღებას შეძლებენ, – უთხრა გაზეთ „აჭარას“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალდანიშნულმა დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.
ახალი ხელმძღვანელის ხედვაში მკაფიოდ იკვეთება ორი ძირითადი ამოცანა – ტრადიციის შენარჩუნება და განვითარების ახალი ეტაპის დაწყება. თეატრი, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ბავშვებისა და მოზარდების სამყაროს, ახლა კიდევ უფრო ფართო და აქტიურ დიალოგს გეგმავს ყმაწვილ მაყურებელთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სივრცეში.
ნანა აბულაძე