ბათუმის თოჯინების თეატრი ,,შუამთობის“ დღესასწაულს უერთდება
By

ბათუმის თოჯინების თეატრი ,,შუამთობის“ დღესასწაულს უერთდება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 88-ე თეატრალური სეზონი ოფიციალურად დაიხურა, თუმცა შემოქმედებითი ზაფხული გრძელდება.

29, 30 და 31 ივლისს, ბათუმის თოჯინების თეატრი ,,შუამთობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ბეშუმის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, 4 სხვადასხვა სპექტაკლის ჩვენებას გამართავს. პარალელურად, თეატრის მხატვრები პატარა მაყურებელს საყვარელი გმირების გამოსახულებით სახის მოხატვას შესთავაზებენ. თეატრის გასტროლი ბეშუმში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
განვლილ სეზონზე და სამომავლო გეგმებზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ირაკლი კიკვაძე და დირექტორის მოადგილე იმედა თავდგირიძე გვესაუბრებიან.

– 88-ე თეატრალური სეზონი ყოველმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. იყო წარმატებაც, ცოტა გაურკვევლობებიც, მაგრამ რაც მთავარია, დღემდე ყველაფერი კარგად მიდის. ნაყოფიერი და დატვირთული წელი გვქონდა, ვიყავით თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე ყაზახეთში, სადაც ავიღეთ პრიზი „საუკეთესო მხატვრობა“. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ საფუძველი ჩავუყარეთ საერთაშორისო პროექტს – სამი ქვეყნის ერთობლივ კოლაბორაციას, რომლის მასპინძელი ბათუმი და ჩვენი თოჯინების თეატრი იქნება. მზაობა გამოხატეს როგორც აჭარის, ასევე, ყაზახეთის კულტურის სამინისტროებმა და ანკარის მუნიციპალიტეტმა. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორები ჰყავს ამ პროექტს. გარდა ამისა, მალე ძალიან საინტერესო პრემიერა გვექნება. ეს არის პლატონ გიგინეიშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი, რომელიც თოჯინებით შესრულდება. იგი არ იქნება დოკუმენტური სახის, ჩვენი ბავშვებისთვის პლატონი წამოდგენილი იქნება როგორც გმირი. ვფიქრობ, ახალმა თაობამ არაფერი იცის პლატონის შესახებ, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარებოდა ადამიანებს და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ამ ქალაქისთვის უანგაროდ გაკეთებული. ვთვლით, ასეთი ადამიანების წარმოჩენა აუცილებელია. ასევე, მინდა აღვნიშნო წლევანდელი ძალიან საინტერესო პროექტი. თოჯინების თეატრის ისტორიაში პირველად, გვყავდა მოწვეული უცხოელი რეჟისორი თურქეთიდან – ჰალიუკ იუჯე, რომელმაც ჩვენს დასთან საბავშვო სპექტაკლი „მეფე მასხარა“ დადგა. ეს იყო საკმაოდ წარმატებული, სპეციფიკური ინტერაქტიული სპექტაკლი, ბავშვები მთლიანად ჩართული იყვნენ პროცესში. ვფიქრობ, ეს კარგი სიახლე იყო ჩვენთვის. სეზონის დახურვის მიუხედავად, წინ ,,შუამთობის’’ დღესასწაული გველის. ტურიზმის დეპარტამენტთან, აჭარის კულტურის სამინისტროს ჩართულობით, უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. ბეშუმის ცენტრში მოწყობილია სცენა და იქ დამსვენებელი ბავშვები ჩვენს წარმოდგენებს სიამოვნებით უყურებენ. შარშან ორი სპექტაკლი წარმოვადგინეთ, წელს მასშტაბები გავზარდეთ. საკმაოდ დატვირთული დღეები გველოდება და ვფიქრობთ, წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად გავახალისებთ ჩვენს პატარებს, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.

– ბოლო სამი არასრული წლის განმავლობაში, ჯამში 19 ახალი სპექტაკლი დაიდგა. ეს სეზონი არის გამორჩეული იმით, რომ თეატრში რამდენიმე ახალი პროექტი დაინიცირდა. ერთ-ერთზე ახლა ვმუშაობთ და სექტემბერში ახალი სექტაკლის პრემიერა გვექნება. გვყავდა მოწვეული უცხოელი რეჟისორი თურქეთიდან და კარგი გამოცდილებაც მივიღეთ. ფესტივალებში მონაწილეობა, საერთაშორისო გამოცდილების დაგროვებაც ძალიან მნიშვნელოვანია. უცხოელი რეჟისორის მოწვევამ თეატრისთვის ცალკე დივიდენდები მოიტანა. იგეგმება კიდევ ერთი ახალი საერთაშორისო პროექტი. შეიქმნება სამი ქვეყნის: საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის კორპროდუქცია, რომლის პრემიერაც ჩვენს თეატრში გაიმართება. სპექტაკლს დადგამს ერთ-ერთი წარმატებული ყაზახი რეჟისორი, რომელმაც შარშან, ჩვენთან გამართულ თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურაში აიღო პრიზი. ზოგადად, მისი სპექტაკლები მაღალი ხარისხით, შემოქმედებითი კლასით და ნიჭიერებით გამოირჩევა. მასთან შეხვედრა გავმართეთ და დეტალურად განვიხილეთ, – რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ახლა მხოლოდ სპექტაკლის სადადგმო ნაწილი დარჩა, რომელიც იმედია, მალე განხორციელდება და ხელს არაფერი შეგვიშლის.
თეატრალური სეზონი კი დავხურეთ, თუმცა შემოქმედებითი ცხოვრება გრძელდება. 29 ივლისიდან 1 აგვისტომდე თეატრის დასი ,,შუამთობის“ დღესასწაულის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში 4 სპექტაკლს წარადგენს. ესენია: „ბატის ჭუკი“, „სამი გოჭი“, „წითელქუდა“ და „მეფე მასხარა“. დღეში 2 სპექტაკლის ჩვენებას ვაპირებთ, დილით და საღამოს. ისეთი სპექტაკლები შევარჩიეთ, რომლებიც განათების გარეშეც შეიძლება დაიდგას. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ბევრი მაყურებელი გვეყოლება და დაუვიწყარ მოგონებებსაც შევაგროვებთ. ყოველი დღე, ყოველი სპექტაკლი განსხვავებული ემოციის მატარებელი იყო შარშან და წელსაც იგივეს ველით. რაც შეეხება ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალს, წელს ნოემბერში ჩავატარებთ, უცხოელი დასებიდან ხუთი უკვე გამოეხმაურა. გვეყოლება საერთაშორისო ჟიური. ფესტივალისგან ველოდებით ძალიან კარგ და თბილ გამოხმაურებას. იმედია, ამინდიც შეგვიწყობს ხელს, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილე იმედა თავდგირიძემ.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *