ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
დღეს ბათუმის საკრებულოს არსებული შემადგენლობის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დრო განცხადებებსა და მადლობებს დაუთმეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძემ თანაგუნდელებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ ამ მოწვევის საკრებულოს ძალიან რთულ რეჟიმში უხდებოდა ქალაქისთვის სასიკეთო საქმის კეთება. თქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველა სირთულე დაძლიეს და ქალაქის განვითარება არ შეჩერებულა. ნატალია ზოიძემ ოპოზიციის როლზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კონსტრუქციული დიალოგი ყოველთვის შედეგიანია. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ნატალია ძიძიგურს, თავის დროზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის – მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რიგები დატოვა და ძალები, როგორც თავად აღნიშნა, ბოიკოტისა და დესტრუქციის ნაცვლად, ქალაქისა და მოსახლეობისთვის სასიკეთო საქმეებს მოახმარა.
სხდომას პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი აკაკი გვიანიძე და „ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩია ესწრებოდნენ. აკაკი გვიანიძის განცხადებით, ამ პერიოდში მისი არცერთი ინიციატივა არ მოხვედრილა დღის წესრიგში. მიუხედავად ამისა, იმედი გამოთქვა, რომ მოვა დრო, როცა საკრებულოში, განსხვავებული აზრის მიუხედავად, სხვადასხვა პარტია შეძლებს თანამშრომლობას.

ვაჟა დარჩიამ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ნდობისთვის, დრო პოლიტიკურ განცხადებებს დაუთმო და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა, რაც კამათში გადაიზარდა. კოლეგებმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. განუმარტეს, რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, დასკვნების გაკეთება ნაადრევია. განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.
პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის ნინო ცხვარაძის განცხადებით, ოპოზიციის ძირითადი დანიშნულებაა, მოაწყოს სპექტაკლები და არ დაელოდოს უმრავლესობის პასუხს აბსურდულ ბრალდებებზე. თქვა, რომ საკრებულოში მხოლოდ კონსტრუქციული ოპოზიციის ადგილია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ საკრებულოში ამის შესაძლებლობა იქნება.

უმრავლესობის წარმომადგენლის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი საკუთარი მოსახლეობა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. როგორც მან აღნიშნა, მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა იმ დროს დაიწყო, როცა ქალაქის ბიუჯეტი 170 მილიონი ლარი იყო. დღეს ეს ციფრი 570 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც ქალაქისთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. დეპუტატმა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალი მოწვევის საკრებულოს კი წარმატებები უსურვა.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი თავდგირიძის განცხადებით, მან „გახარიას“ პარტიის დატოვებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიცია, რომელიც დღემდე ბოიკოტის რეჟიმში იყო, აჩერებდა ქალაქის წინსვლას და მოსახლეობა ვერ სარგებლობდა იმ სიკეთეებით, რასაც საკრებულო განიხილავდა და ამტკიცებდა. ის შეუერთდა მმართველ გუნდს და საკრებულოს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. ირაკლი თავდგირიძემ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა, თქვა, რომ მოსახლეობამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა, რაც მათი ნაყოფიერი მუშაობის შედეგიცაა.

განცხადებების შემდეგ, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №24 დადგენილებაში. განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებით, შპს „თაუერ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ 8526,0 მ/კვ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის ბ კორპუსის ორი დამატებითი სართულის მოწყობა, რაც იწვევს განაშენიანების ინტენსიობის კოეფიციენტის ზრდას. სხვა გაბარიტული ან ქალაქთმშენებლობითი ცვლილება გათვალისწინებული არ არის.
ცვლილება შევიდა ბათუმში, ანგისის ქ. №4-ში, ანგისის I ჩიხი №2, №4, №4ა, №4ბ-ში, ანგისის ქ.№2-სა და კობალაძის ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალურ გეგმაშიც. აღნიშნული ცვლილებით, შპს ,,ემ ბილდინგ ბათუმის“ დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში გასწორდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, სიტყვა ,,მრავალფუნქციური“ ჩანაცვლდა ,,მრავალბინიანით“, რაც რეალურად აღწერილია დეტალურ გეგმაში;
საკრებულომ, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, დაამტკიცა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. განკარგულება ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, შპს „ალ-ტაას დეველოპმენტის“ საპროექტო ტერიტორიაზე (ანგისა), დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას, რომლის სანაცვლოდაც, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, საკრებულომ ასევე დაამტკიცა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. განკარგულება ითვალისწინებს ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირის №56–ში მდებარე 818.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას, რომლის სანაცვლოდაც, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141–ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა №35-ში, 1887.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სპორტული მოედანი.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილ;ებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გოგებაშვილის ქუჩა №84-ის მიმდებარედ არსებული 1584,0 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში სახელმწიფოსა და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე მსჯელობის შემდეგ, მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. მორიგი სხდომა განახლებული შემადგენლობით, 30 ოქტომბერს გაიმართება.
მანანა ტაკიძე