
ბათუმი ბილიარდში მნიშვნელოვან ტურნირებს მასპინძლობს
დღეს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება სენიორთა ევროტური ქალთა და მამაკაცთა შორის ბილიარდში, რომელსაც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობს. მისი დასრულებისთანვე, სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს ქალთა და მამაკაცთა შორის.
ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად 18 ივლისს გაიხსნება. როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ გვითხრა, ჩემპიონატს სალუზო ბილიარდის ევროპული ფედერაციის ეგიდით, ევროპის პირამიდის ფედერაცია ატარებს.
ასპარეზობაში მონაწილეობას 15 ქვეყანა მიიღებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ, ფინეთი, ისრაელი, უზბეკეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, ყაზახეთი, საქართველო.
ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წევრი იასპარეზებს, მათგან აჭარის ნაკრებიდან – რვა სპორტსმენი.
ღონისძიების გახსნის ცერემონია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართება. მასზე მოწვეულები არიან: ევროპის პირამიდის ფედერაციის პრეზიდენტი სერგეი კოლცოვი (ლატვია), ევროპის პირამიდის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიაზ ხალაფოვი (აზერბაიჯანი), ევროპის პირამიდის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი ზაოსტროვცევი (უკრაინა).
მანანა ძიძიშვილი