ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
ჩვენი ქალაქის ეს მნიშვნელოვანი აღიარება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
,,ტურიზმის სფეროს განვითარება და მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

ისტორია, ტრადიციები და ღირებულებები განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ქვეყანას. მჯერა, რომ ამ ფასეულობების შენარჩუნებასთან ერთად, შევძლებთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და ზოგადად, ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენაზე დადებითად აისახება“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის გალა ცერემონია იტალიაში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმის არჩეული მერი გიორგი ცინცაძე და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ნომინირებული იყო ევროპის ისეთ ქალაქებთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ.
