
ბათუმი კონფერენციას ,,სიახლეები მტევნის ქირურგიაში” მასპინძლობდა
საქართველოს მტევნის ქირურგიის საზოგადოების ეგიდით, ბათუმში პირველი კონფერენცია გაიმართა თემაზე – ,,სიახლეები მტევნის ქირურგიაში”. კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო.
,,სამინისტროს სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მტევნის ქირურგიის საზოგადოებას, ბათუმში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე წელია, რაც დაარსდა საზოგადოება და უკვე გახლავთ მსოფლიო მტევნის ქირურგთა ასოციაციის წევრი. მეტიც, აქტიურად არიან ჩართულები ევროპისა და მსოფლიოს მტევნის ქირურგთა კონგრესის მუშაობაში. გისურვებთ დასახული მიზნის მალე განხორციელებას. ჩვენი მხრივ გამოვთქვამთ მზაობას აქტიურ თანამშრომლობაზე”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მტევნის ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ანტიფიზიოლოგიური ჩარევები მტევნის და სისხლძარღვთა ქირურგიაში, ალტერნატიული ხედვა მაჯის არხის სინდრომის ოპერაციულ მკურნალობაში, აპერტის სინდრომის მკურნალობის გამოცდილება საქართველოში და სხვა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ტრავმატოლოგიური მიმართულებით მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფს უფინანსებს გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიის თანაგადახდას, ენდოპროთეზირებას და ოპერაციის შემდგომ საჭირო რეაბილიტაციის კურსს.
გალერეა

