
ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო თასს უმასპინძლებს
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე 18-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, მაგიდის ჩოგბურთში 19 წლამდე სპორტსმენების მსოფლიო ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს. ეს სერიოზული სპორტული ფორუმი საქართველოში შარშან, პირველად, თბილისში გაიმართა, წელს მეორედ ჩვენს ქალაქში ტარდება.
18 სექტემბრიდან თამაშები ოფიციალურად დაიწყება.
ტურნირში 18 ქვეყნის 100-ზე მეტი მონაწილე ჩაერთვება. ახალგაზრდები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში – 11, 13, 15, 17 და 19 წლამდე იასპარეზებენ.
როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი სარხაიანმა (მასთან ერთად საქართველოს ნაკრების მწვრთნელია ნინო ნინოშვილი) და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ მენაბდემ გვითხრეს, საქართველოდან ტურნირში 30-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან 4 აჭარის წარმომადგენელია – მარი რიჟვაძე, მარიამ გორგაძე, დიანა სააკიანი, ცოტნე ცისკარაძე.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი.