ბათუმი საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას მასპინძლობს
By

ბათუმი საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი 7 დეკემბრამდე სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-14 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო ,,შერატონში“ ტარდება. მსურველებს ადგილზე შეუძლიათ გაეცნონ როგორც სამშენებლო, ისე სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ექსპო ბათუმია“. გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანია. ღონისძიებაში წელს პირველად მონაწილეობს კომპანია, რომელიც საბავშვო ავეჯს ამზადებს.

,,ბაზარზე ერთი თვეა რაც ვართ, თუმცა კომპანია დიდი ხნის წინ დაფუძნდა და სხვა მიმართულებით ვმოღვაწეობთ. საბავშვო ხაზის იდეა ახლახან გაჩნდა, რადგან გვქონდა ამის შესაძლებლობა. სამშენებლო გამოფენაში პირველად ვმონაწილეობთ, მოლოდინი დიდი გვაქვს, გვინდა ბევრ ქართულ ოჯახში იყოს ჩვენი ბრენდი – საბავშვო ავეჯი, ეკოლოგიურად უსაფრთხო… გამოფენაში მონაწილეობა დაგვეხმარება ცნობადობის გაზრდაში, ბიზნესმოლაპარაკებების ჩართვაში, განსაკუთრებით დეველოპერებთან, – გვითხრა კომპანია ,,ავეჯიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო სამხარაძემ
გამოფენა ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ქართველი და უცხოელიმწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს გამოფენებში მონაწილეობა. შრომის ბაზარისთვის კოლეჯი ,,ბლექსი“ კადრებს ამზადებს, მათ შორის, სამშენებლო სექტორისთვის. „ექსპო ბათუმი“ არის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის კარგი შესაძლებლობა. გამოფენის დაარსებიდან დღიდან, მისი მონაწილეები ვართ“,- გვითხრა კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ.

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-14 საერთაშორისო გამოფენა 7 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება. დასწრება თავისუფალია.

  • No Comments
  • დეკემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *