ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ფესტივალის გახსნას ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში მრავალრიცხოვანი მსმენელი დაესწრო. დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ დამფუძნებელი, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ფესტივალის გახსნაზე სპეციალურად ჩამობრძანებული სტუმრები. . .
როგორც საღამოს წამყვანმა ბერდია კუტუბიძემ აღნიშნა, ეს არის რიგით მე-12 ფესტივალი, რომელიც 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიო სცენის მასშტაბებს შეიძენს. იგი ქვეყნის ერთადერთი კულტურული მოვლენაა, რომელმაც იუნესკოს პატრონაჟი მეცხრედ დაიმსახურა, რაც მკაფიო მტკიცებულებაა მისი საერთაშორისო მნიშვნელობისა და იმისა, რომ ეს არა მხოლოდ კონცერტები, არამედ ღირებულებათა ერთობლიობაა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მუდმივად უჭერს მხარს. წელს პირველად, ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება. ეს არის ისტორიული ეტაპი, რომელიც ღონისძიების საყოველთაო სტატუსს კიდევ უფრო ზრდის. წლების განმავლობაში ფესტივალმა 80-ზე მეტი უნიკალური კონცერტი წარმოადგინა მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ თუ ამომავალ ვარსკვლავთა მონაწილეობით. ჩამოყალიბდა საერთაშორისო პლატფორმა ახალგაზრდა ტალანტებისთვის, ვინაიდან ნიჭიერი ქართველი პიანისტები, ფონდ „ლირას“ სისტემატური მხარდაჭერით, გამუდმებით მონაწილეობენ მსოფლიო მასტერკლასებსა და რჩეულ გალაკონცერტებში. ფესტივალის იდეის სათავეში ქალბატონია, რომელმაც ქვეყნის ყოველწლიურ კულტურულ ყოფიერებაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიცია 2012 წლიდან დააფუძნა.

დარბაზს პირველმა სწორედ მან მიმართა და აღნიშნა:
– სასიხარულოა, რომ დღეს ყველანი ერთად ვხსნით ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-12 სეზონს. დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ წელს ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის და იუნესკოს პატრონაჟით იმართება. აღსანიშნავია, რომ პატრონაჟი არა მხოლოდ აღიარება, არამედ მკაფიო გზავნილია, რომ საქართველოსა და კერძოდ, აჭარის რეგიონს მსოფლიოს კულტურულ რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხელოვნება არის სივრცე დიალოგისთვის, ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვნება ერებს შორის მშვიდობას ემსახურება. ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, მსოფლიოს უკეთ გააცნოს საქართველოს ისტორიულ-კულტურული ტრადიციები, რომლებიც ქვეყნის მომავლის მშენებლობის მყარი საფუძველია. ფესტივალი შეიძლება შევაფასოთ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ პლატფორმად. წლების განმავლობაში ფესტივალმა მთავარ მიმართულებად კულტურის დიპლომატია აირჩია. საქართველოში არსებულ თითქმის ყველა საერთაშორისო მისიასთან დამყარდა კონტაქტი და ქვეყნებს მიეცათ საშუალება, თავიანთი კულტურული იდენტობა და ღირებულებები წარმოეჩინათ. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერა აძლიერებს საქართველოს ცნობადობას. ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის განვითარების საშუალებას აძლევს. კულტურა, როგორც რბილი ძალა, ყოველთვის იქნება პოლიტიკური ურთიერთობების ძლიერი ფუნდამენტი მშვიდობისა და ხალხის სამსახურში. ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღეები ელით. მადლობა თითოეულ მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას, ერთგულ მსმენელს ფესტივალის მხარდაჭერისთვის.
დარბაზს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა:
– მადლობა პირადად ქალბატონ ელისოს, ვისი უდიდესი ძალისხმევითაც ამ ფესტივალს 12 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ იუნესკოსთან ერთად, ეს შესანიშნავი ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი ღირსეული პოზიციის დასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ხელოვნება და კერძოდ, ამ ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის და კერძოდ, ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი გახდა. სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში იგი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა ტალანტის აღმოჩენასა და მათი გზის გაკვალვას შეუწყო ხელი, ამავდროულად, უამრავ ადამიანს გააცნო ქართველი და უცხოელი შემსრულებელი, ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ იდენტობასა და კულტურას. ეს კი ერებს შორის ახალი კავშირების გაბმას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელ მსოფლიოში, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ჩვენ შეგვიძლია კულტურით ვესაუბროთ ერთმანეთს. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფესტივალის ორგანიზებაშია ჩართული და რა თქმა უნდა, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა:
– მრავალი წელია, ეს ფესტივალი ამტკიცებს თავის მნიშვნელობას, როგორც მაღალი დონის კულტურული პლატფორმა. აღსანიშნავი და საამაყოა, რომ ფესტივალი იმართება საქართველოს პრეზიდენტის და იუნესკოს პატრონაჟით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფესტივალის განსაკუთრებულობას. ჩვენი რეგიონი ყოველთვის იყო მრავალფეროვანი კულტურული შემოქმედების ცენტრი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, რეგიონის კულტურულ სახეს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, ასევე, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომელიც დღეს აჭარის მთავრობას წარმოადგენს – გახლავთ აჭარის კულტურის მინისტრი. მინდა წარმატებები ვუსურვო ამ მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები, საერთაშორისო ფესტივალები შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მხარეს, კიდევ უფრო გაამყაროს პოზიციები, როგორც კულტურულმა ცენტრმა.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა ერთ სივრცეში აერთიანებს ქართულ კულტურას და მსოფლიო კლასიკას. პირველ დღეს სცენა ჩვენს საამაყო კოლექტივს – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმს“ დაეთმო, რომელიც მსმენელთა წინაშე ახალი პროგრამით წარსდგა. რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა დათო ცინცაძემ და ქალთა აკადემიური კამერული გუნდის მთავარმა ქორმაისტერმა გელა ვადაჭკორიამ მოამზადეს. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ყოველი სიმღერის შემდეგ ანსამბლს დარბაზი ოვაციას უმართავდა.
– ანსამბლი „ბათუმი“, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას. ბედნიერი ვარ, რომ იმ პერიოდში მიწევს ჩემი პროფესიული საქმიანობა, როცა ანსამბლი ძალიან აქტიურად მოღვაწეობს. მისი ხელმძღვანელი თემურ დოლიძე, თითოეული წევრი არის დასაფასებელი და მადლობას ვუძღვნი პირადად მე და ანსამბლ „რუსთავის“ სახელითაც „ბათუმს“ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის, – აღნიშნა ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა.
– ანსამბლი „ბათუმი“ ისტორიული გუნდია საოცარი შემადგენლობით. ბედნიერია, ვინც მათ ათწლეულებია უსმენს, იქიდან დაწყებული, როცა ქართულ-ხალხურ სიმღერას უჭირდა, როცა ნაკლებად პოპულარული იყო. ის არის ხიდი წარსულსა და თანამედროვეობას შორის, სწორად აგებული ხიდი – ბგერიდან დაწყებული, ფორმით დამთავრებული. ანსამბლმა იმ პერიოდისთვის დავიწყებული ხალხური სიმღერის ძველი ნიმუშები ახლებურად, სასცენოდ, საესტრადოდ შესთავაზა მსმენელს. ამის გაკეთება ჯერ კიდევ ანზორ ერქომაიშვილმა დაიწყო. „ბათუმი“ იყო გამორჩეული გუნდი, მათ დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი, მათგან ვსწავლობდი. ჩემთვის ბედნიერება და პატივია, რომ მათთან თანამშრომლობა მომიწია. კიდევ ერთხელ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ნიჭიერმა, მაღალი არტისტულობით გამორჩეულმა თითოეულმა სოლისტმა. მათი ხმები ყველა სირთულის სიმღერის მომზადების საშუალებას გაძლევს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითეულ მომღერალს იმ სიამოვნებისთვის, რაც მათთან ურთიერთობით მივიღე , – აღნიშნა ანსამბლ „შავნაბადას“ ხელძღვანელმა დათო ცინცაძემ.

– უპირვეს ყოვლისა, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ფესტივალის ყველა მონაწილეს და რაც მთავარია, ორგანიზატორებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს, მოტივაცია მისცეს ახალგაზრდობას… ეს ფესტივალი გვაძლევს სტიმულს, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შემოქმედება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთაც. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ელისოს და მათ, ვინც გვერდით დაუდგა ფესტივალს. ვფიქრობ, ეს ანსამბლ „ბათუმის“ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო, მით უმეტეს, რომ რამდენიმე ახალი წევრი გვყავს. ისინი შესანიშნავად აგრძელებენ წინაპრების საქმეს. აწ გარდაცვლილი სოლისტის აჩიკო სოსელიას ვაჟი, ასევე, გარდაცვლილი მერაბ კალანდაძის შვილი, ჩემი ვაჟი ნოდარ სურმანიძე – ახალგაზრდა თაობა. ასე ვაგრძელებთ ტრადიციას და შვილებით ვავსებთ იმ დანაკლისს, რაც მათი მამების გარდაცვალების შემდეგ დადგა. არაჩვეულებრივ პიროვნებას – დავით ცინცაძეს დიდი მადლობა, ვფიქრობ, ის დღეს საქართველოში ქართული სასიმღერო ფოლკლორის უდიდესი მეტრია, ტრადიციული ქართული სიმღერის მამაპატრონია, – გვითხრა ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტმა ჭაბუკა სურმანიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორ ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995–2015“.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის დრამატული თეატრი, იაპონიის საელჩო საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში, ბანკი „ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.
ფესტივალი გრძელდება.
მანანა ძიძიშვილი