ბათუმი ხვალ დიდ რაგბს უმასპინძლებს
„აჭარაბეთ არენაზე“ ხვალ ნოემბრის ტესტ მატჩების პირველი სერია გაიმართება. ბორჯღალოსნები კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
გუშინ მოედანზე ქართველმა მორაგბეებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
როგორც საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტის ხელმძღვანელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანი ნოემბერია. შედეგებიდან გამომდინარე დგება რეიტინგი, რომელიც გავლენას იქონიებს, თუ რომელ ქვეჯგუფში მოვხვდებით მსოფლიო ჩემპიონატზე. ამერიკა და კანადა განსხვავებული მოწინააღმდეგეები არიან, ვიდრე იაპონია. ტრიბუნებიდან დიდ ქომაგობას ველოდებით, ჩვენთვის ეს სტადიონი მნიშვნელოვანი არენაა, რადგან ძალიან კარგი მოგონებები გვაქვს. ძლიერ ქომაგობას ვართ მიჩვეულები და დარწმუნებული ვართ, რომ გულშემატკივარი ხვალაც ჩვენს თამაშს ხელს შეუწყობს“.
გუნდის კაპიტნის ბექა გორგაძის მოლოდინი გამარჯვებაა.
მატჩი ხვალ, 16 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს მატჩის ნახვის საშუალება ანბანის კოშკთან განთავსებულ დიდ ეკრანზეც შეეძლებათ.
მანანა ძიძიშვილი