
ბათუმმა ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა
ბათუმმა ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. ასპარეზობა საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც
ევროპის 39 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ტურნირში ასპარეზობდა 76 გუნდი, რომელთაგან 40 იყო ღია კატეგორიაში, ხოლო 36 – ქალთა შორის.
ცნობისთვის, საქართველოდან ასპარეზობდა 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის).
ქალთა შორის ოქროს მედლის მფლობელი პოლონეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე უკრაინის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გერმანიამ მოიპოვა.
მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონობის ტიტული უკრაინის გუნდს ერგო, მეორე ადგილი აზერბაიჯანის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი სერბეთის გუნდმა დაისაკუთრა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ინდივიდუალური დაფების გამარჯვებულებიც.
აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის III დაფაზე II ადგილის მფლობელი გახდა ლელა ჯავახიშვილი, ხოლო IV დაფაზე I ადგილი დაიკავა ბელა ხოტენაშვილმა.
ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალს აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
– ქართველმა ქალებმა შეძლეს ინდივიდუალური მედლების მოპოვება საკუთარ და პირად დაფებზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქალაქს ათი დღის განმავლობაში სტუმრობდა 40-მდე ქვეყნის 500-მდე სტუმარი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ტურნირის ორგანიზაციული მხარითაც ყველა კმაყოფილია. როგორც ყოველთვის, ბათუმმა, საქართველომ კვლავ ოქროს ასოებით ჩაწერა ეს ტურნირი ევროპის საჭადრაკო რუკაზე, – აღნიშნა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ.