
ბათუმში გიორგი ცაბაძის ქუჩა გვექნება
სახელოვან ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტ გოგი ცაბაძეს შარშან დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. გასულ წელს ამ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამო – ფესტივალს რამდენიმე ქალაქმა უმასპინძლა. გამონაკლისი არც ბათუმი იყო.
გამოჩენილი კომპოზიტორის შემოქმედება რომ უკვდავია, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომელიც წელსაც, 24 აგვისტოს, გოგი ცაბაძის დაბადების დღეზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში მივიდა. საღამო „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მისი შემოქმედების უამრავმა თაყვანისმცემელმა კვლავ ისიამოვნა.
საღამოს – „გოგი ცაბაძე თეატრსა და კინოში“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი გახლდათ. სწორედ მისი დირიჟორობით (მაესტრო საუკეთესოდ უკრავს ფორტეპიანოზე) შემოგვთავზა ბენდმა და საქართველოს ქალთა კამერულმა ორკესტრმა გენიალური კომპოზიტორის მუსიკა ახლებური ვერსიებით.
სცენიდან იფრქვეოდა ცაბაძის თეატრისა და კინოსთვის შექმნილი დაუვიწყარი მუსიკა.
მაყურებელს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდა, გარდა არაჩვეულებრივი სიმღერებისა, მოესმინა კომპოზიტორის ცხოვრებიდან უცნობი ისტორიები, რომელსაც სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე საინტერესოდ გვიამბობდა.
საღამოში მონაწილეობდა არაერთი ინდივიდუალური შემსრულებელი და ანსამბლი, მათ შორის: კახა ცაბაძე, თამარ გვერდწითელი, ეკა მამალაძე, სოფო ხალვაში, თემურ თათარაშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, მარიკო ებრალიძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, სალომე მირიანაშვილი, რუსა თავართქილაძე, სანდრო კურცხალიძე, მარიტა ცეცხლაძე, სულხან დევაძე, დუეტი „ჯორჯია“, „ალილო“, „ფორტე“, „თეატრალური კვარტეტი“, ბათუმის სახელმწიფო კაპელა, მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია…
საღამოს მონაწილეებმა გოგი ცაბაძეზე ისაუბრეს.
კახა ცაბაძე, გოგი ცაბაძის შვილი:
– მადლობა ყველას, ვინც დღეს სცენაზე და სცენის მიღმა იყო. რა თქმა უნდა, მას უპირველესად თბილისი უყვარდა, მაგრამ ბათუმი მისთვის გამორჩეული – სიყვარულის და ურთიერთობის ქალაქი იყო. ჩემთვის სასიხარულოა ის, რომ ეს სიყვარული ორმხრივი ყოფილა. ვიცი, რომ ამ დღეებში ბათუმში გაიხსნება გოგი ცაბაძის ქუჩა. აჩიკო ბერიძემ შემატყობინა ამის შესახებ, რამაც ძალიან გამახარა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
თამარ გვერდწითელი:
– დამწყები მომღერალი ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა, როცა ბატონმა გოგიმ დამიწერა სიმღერა „სიყვარული დაფრინავს“ და იგი დღემდე ჩემს რეპერტუარშია. მიხარია, რომ ხალხსაც ძალიან უყვარს. ის ჩვენი გენიალური კომპოზიტორია, რაც ყველა კონცერტზე მტკიცდება, თუმცა ამას დამტკიცება არც სჭირდება – სადაც კი კონცერტი იმართება და მისი სიმღერები სრულდება, ყველგან დიდი სიყვარული და სითბო სუფევს.
ნანული სარაჯიშვილი:
– ბედნიერი ვარ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ძალიან მიყვარს. თავისი ბუნებით სულ ახალგაზრდა იყო. მახსოვს, ჩვენი მეგობრის ნიკოლოზ გუდიაშვილის იუბილე იყო და ბანკეტზე როგორ მოილხინა ჩვენთან ერთად, როგორ იმხიარულა, როგორ იმღერა… ის გენიოსი იყო, ასეთები ერთეულები არიან. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მის ეპოქაში გავჩნდი. მადლობა გოგის იმ თბილი ურთიერთობებისთვის.
გია დავითიანი, მომღერალი:
– ფანტასტიკური პიროვნება იყო, უდიდესი კომპოზიტორი. მიხარია, რომ მისი სახელობის ქუჩა იქნება ბათუმში. ვულოცავ თქვენს ქალაქს ამ ფაქტს.
ეკა მამალაძე:
– გოგი უნიკალურია მისი ამდენი ქალაქური სიმღერით. დღესაც კი ყველას გულში გვაქვს, სულ ჩვენთანაა. მიხარია, რომ მისი სიმღერა არ იკარგება, ხალხს შესისხლხორცებული აქვს. რა თქმა უნდა, მისი შემოქმედება უკვდავია.
ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ გოგი ცაბაძესთან ურთიერთობა, მასთან შეხვედრები ეკრანიდან გაიხსენა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა



