
ბათუმში დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ. – მ. და ო.ჯ. – მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.