ბათუმში მარიონეტების თეატრი გაიხსნა
By

ბათუმში მარიონეტების თეატრი გაიხსნა

7 აპრილს მარიონეტების თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით – სპექტაკლით „სხვანაირი“ წარსდგა, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული მოთხრობის („იგი“) მიხედვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ დადგა. თოჯინების მხატვარი და ოსტატი – მერი დარცმელიძე, კომპოზიტორი კი გიორგი ტრაპაიძეა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა ბულეიშვილი, ირინე ღლონტი, მერი დიასამიძე, ფრიდონ მოდებაძე, ანა მალაზონია, გიორგი არველაძე და მერი დარცმელიძე.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „სხვანაირი“ 2025 წელს შეიქმნა შარლევილის მსოფლიო მარიონეტულ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მიღების მიზნით. თეატრმა პრემიერა შარლევილის კულტურის სახლში გამართა. წარმოდგენა პირველყოფილი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავის ტომში პირველი განიცდის ევოლუციას – წელში იმართება, პირველად ახედავს ცას, იწყებს ფიქრს, უჩნდება შეგრძნებები, პირველად უყვარდება ქალი და იწყებს საკუთარი თავის შეცნობას, მაგრამ ეს ყოველივე აშინებს ირგვლივ მყოფებს და ტომის ბელადს. რეალისტური დეკორაციები და ადამიანებს მიმსგავსებული თოჯინები, ერთობლივად ანიმაციური ფილმისა და თეატრის ჯადოსნურ სინთეზს ქმნის.

– ხარების დღესასწაულზე ბათუმში გაიხსნა ბათუმის მარიონეტული თეატრი. ეს არის პროფესიული თოჯინური თეატრი, რომლის პირველი თეატრალური სეზონი გავხსენით ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის („იგი“) მიხედვით შექმნილი მარიონეტული დრამით, რომელსაც ვუწოდეთ „სხვანაირი“. ეს სპექტაკლი ნამდვილად სხვანაირია. იგი რამდენიმე წლის წინ დაიდგა, მაგრამ იმის გამო, რომ შენობა არ გვქონდა, ბათუმელ მაყურებელს ვერ ვაჩვენეთ პრემიერა. დღეს, როცა უკვე გვაქვს საკუთარი ჭერი, ქალაქში გაჩნდა ახალი, პატარა ზღაპრული სივრცე, რომელიც უკვე თამამად შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს. სპექტაკლები დანიშნულია 8 და 13 აპრილს. „სხვანაირი“ შარშან ვაჩვენეთ შარლევილის საერთაშორისო მარიონეტულ თეატრალურ ფესტივალზე. კულტურის სახლში ფრანგმა მაყურებელმა ნახა ამ სპექტაკლის პრემიერა. აპრილის ბოლოს პატარა მაყურებლისთვის ვამზადებთ მარიონეტულ სპექტაკლს „წითელქუდა“. ვფიქრობ, ეს არის სპექტაკლი, რომელიც რეპერტუარში აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეატრს. ივნისის დასაწყისში დაიდგმება „ამოდის, ნათდება“, რომელიც საფესტივალო სპექტაკლია, წლის ბოლოს კი პატარებს ელოდებათ სიურპრიზი. ჯერ არ ვასახელებთ ნაწარმოებს – საახალწლო სპექტაკლი, რომელიც ასევე მარიონეტული სპეციფიკის იქნება. ჩვენი რეპერტუარი მოერგება ბავშვებსაც, მოზარდებსაც და დიდებსაც. ზაფხულის სეზონზე სპექტაკლი „სხვანაირი“ გავა ინგლისურ ენაზე. ვინაიდან არსებობს ჩანაწერი ფრანგულ ენაზე, ტურისტებისთვის ინგლისურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ მარშრუტში, კულტურულ დაწესებულებებს შორის იყოს მარიონეტული თეატრი, სადაც უცხოელ მაყურებელს შეეძლება საერთაშორისო ენაზე იხილოს წარმოდგენა არა სუბტიტრებით, არამედ გახმოვანებით. დღევანდელი პრემიერით კმაყოფილი ვარ. ვღელავდით, თუმცა კმაყოფილი ვარ ადამიანების შეფასებით, დამოკიდებულებით. გახსნას დაესწრნენ სხვადასხვა თეატრის წარმომადგენლები, ქალაქის გამოჩენილი ადამიანები, მეგობრები და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, – გვითხრა მარიონეტული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჩხაიძემ.

– ბათუმში გაიხსნა მარიონეტული თეატრი და ვულოცავ ქალაქს. წლებია ვმუშაობდით ამ თეატრის გასახსნელად და დღეს დადგა ის დღე, როცა ბათუმის კულტურულ ცხოვრებას კიდევ ერთი თეატრი შეემატა. მალე მომდევნო სპექტაკლებზე დაიწყება მუშაობა, რომლებსაც ჩვენი მაყურებელი იხილავს. ბევრი პრემიერით წარვსდგებით მათ წინაშე და ვპირდებით, არ მოვაკლებთ სიახლეებს, შთამბეჭდავ სპექტაკლებს, – გვითხრა მარიონეტული თეატრის დირექტორმა თემურ მახარაძემ.

– შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია, ასეთი სიამოვნებით კომენტარი არ გამიკეთებია. სანამ კარგად არ გავიაზრებ სიტუაციას, არ მიყვარს აზრის გამოთქმა, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დღეს გვაქვს ეს პატარა საყვარელი სივრცე, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მოვლა სჭირდება, რადგან ის, რაც გააკეთეს ახლა და რისი მოწმეებიც გავხდით, არის ძალიან დიდი ფუფუნება. ამ ფუფუნებას სჭირდება მოფრთხილება და მხარდაჭერა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში საოცარი რამ გვითხრეს. საოცარი სანახაობა გვაჩვენეს, დაგვანახეს, გვაჩვენეს ერთ მუშტად შეკვრას რაოდენ დიდი ძალა აქვს. გიორგი ჩხაიძე ჩემთვის არის ადამიანი, რომელსაც მსახიობებისგან ძალიან დიდი ნდობა აქვს და ამაში დავრწმუნდი წლების წინ, როცა პრაქტიკულად, თითქმის დაცვის გარეშე, ჭერზე გაჭიმულ თოკზე დადიოდნენ ახალგაზრდა მსახიობები. იმდენად იყვნენ შეპყრობილი იმითი, რასაც აკეთებდნენ, რომ არანაირი საფრთხე არ აშინებდათ. ასეთი ნდობა რომ აქვს რეჟისორს, ვფიქრობ, მას ექნება ძალიან კარგი მომავალი. ძალიან ვაფასებ იმას, რომ გიორგის შეუძლია წამოდგეს ნებისმიერი დაცემის შემდეგ და გააკეთოს ის, რაც ასე ძალიან გვჭირდება ყველას, – გვითხრა მუსიკოლოგმა ხათუნა მანაგაძემ.

– ვულოცავ ბათუმს მარიონეტების თეატრის გახსნას. ჩვენს პატარა ქალაქში ასეთი თეატრის გახსნა უდიდესი მიღწევაა და დიდ წარმატებას ვუსურვებ მას. მარიონეტებზე საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, მარიონეტი ერთ-ერთი ყველაზე რთული თოჯინაა, მაგრამ რამდენადაც კომფორტულია რეჟისორთან მუშაობა, იმდენად, უკვე ვიცოდი მას რაც სურდა. მე და გიორგი ბათუმის თოჯინების თეატრიდან მოყოლებული ერთად ვმუშაობდით, ძალიან დავმეგობრდით და, პიესიდან გამომდინარე, როგორი სახეები უნდოდა, როგორი ხასიათის პერსონაჟები სჭირდებოდა, დაახლოებით ვიცოდი. თითქმის ორი წელი ვმუშაობდი თოჯინებზე, საკმაოდ შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო პროცესი იყო. სცენის დეკორაციებზე კი ერთად ვიმუშავეთ მე და გიორგიმ. ეს სპექტაკლი შარლევილში დაიდგა პირველად და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკუთარ ქალაქში მისი წარმოდგენაა, რასაც სხვანაირი მღელვარება ახლდა. მეამაყება, რომ ეს ყველაფერი დავძლიეთ და პრემიერამ კარგად ჩაიარა. ამ სპექტაკლში (საჭიროებამ მოითხოვა) მეთოჯინე მსახიობის როლი შევითავსე. ძალიან ვღელავდი, თუმცა, მგონი, გავართვი თავი. წარმატებებს ვუსურვებ მარიონეტების თეატრს და ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს. იმედი მაქვს, ჩვენი სპექტაკლებით ბევრ პატარას გავახარებთ, – გვითხრა მარიონეტული თეატრის მხატვარმა მერი დარცმელიძემ.

– ჩემთვის, როგორც დრამის მსახიობისთვის, თავიდან ცოტა რთული იყო, რადგან არასოდეს დამიჭერია ხელში მარიონეტი. თოჯინაც არ მიტარებია. გიორგისთან წლებია ვმეგობრობ, სულ მეუბნებოდა, მეცადა ბედი ამ მხრივაც და სწორედ მისი და ჩემი მეგობრების ძალისხმევით გადამიბირეს და მარიონეტთან მუშაობა მასწავლეს. ვერ ვიტყოდი, რომ ჯერ პროფესიონალი ვარ, რადგან ძალიან ბევრი შრომა სჭირდება ამ სფეროს, მაგრამ ვთვლი, რომ რაღაც დონეზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და მაყურებლისთვისაც კარგი სანახავი იყო. მარიონეტი ძალიან სათუთი რამაა, იმდენად ფაქიზია მისი თითოეული ნაბიჯის გადადგმა, ხელის მოძრაობა, გგონია, რომ თავად მოძრაობ მასთან ერთად. სულს შთაბერავ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია სხვაგვარ თოჯინასთან. შეიძლება ისე ვერ აამოძრავებინო ხელი, ან ფეხი, როგორც ეს მარიონეტს შეუძლია. როცა ამ მოძრაობებს ვუყურებ, ორმაგად მოტივირებული ვხდები, რომ კიდევ უფრო მეტად ვისწავლო ეს საქმე და ამ მხრივ განვვითარდე. მაყურებლისგან ძალიან თბილი დამოკიდებულება მივიღეთ და ვფიქრობ, მარიონეტების თეატრი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ბავშვები კიდევ უფრო კარგად გააცნობიერებენ, რას ნიშნავს მარიონეტი და რამდენად დიდი მუშაობა სჭირდება, რომ ასეთი სპექტაკლები მივიღოთ, – გვითხრა მსახიობმა გიორგი არველაძემ.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *